Space International-ის შიდა და გარე კომუნიკაციებს მარიკა აბულაძე უხელმძღვანელებს

Space International-ის შიდა და გარე კომუნიკაციებს მარიკა აბულაძე უხელმძღვანელებს

საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის, Space International-ის შიდა და გარე კომუნიკაციებს Forbes-ის 30-წლამდელთა კონკურსის გამარჯვებული, მარიკა აბულაძე უხელმძღვანელებს. Space International-ი საერთაშორისო საბანკო პლატფორმაა, რომლის ბაზაზე ორი კომპანია – „Space საქართველო“ და „Space უზბეკეთი“, ანუ TBC UZ-ი ოპერირებს. აღნიშნული ნეობანკები მომხმარებლებს სრულიად ახალ და თანამედროვე ციფრულ მომსახურებას სთავაზობენ.

„Space International-ი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც „Space საქართველოსა“ და „Space უზბეკეთს“, ანუ TBC UZ-ს საბანკო ოპერაციების წარმოებაში ეხმარება. Space-ის მიზანია, კომპანიაში არსებული ფინანსური ინსტრუმენტები ისე განავითაროს, რომ ახალ ქვეყნებშიც გავიდეს. Space-ი ცალსახად ტექნოლოგიური კომპანიაა – თითქმის ყველა თანამშრომელი ტექნოლოგიური მიმართულებითაა დასაქმებული. ამგვარად მნიშვნელოვანია, კომპანიაში ისეთი კორპორაციული კულტურა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეც იქნება რელევანტური – ჩემი როლი, სწორედ ამ კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება იქნება“, – ამბობს მარიკა აბულაძე Forbes Georgia-სთან საუბრისას.

საერთაშორისო კომპანიის შიდა კომუნიკაციების გამართვისა და კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბების გარდა, მარიკა აბულაძე Space International-ის გარე კომუნიკაციებსაც გაუძღვება, როგორც პარტნიორების, ასევე კლიენტების მიმართულებით. „ჩვენ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს, მათთან ურთიერთობა Space-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – სხვა მიმართულებებთან ერთად მათთან კომუნიკაციაც იქნება ჩემი პასუხისმგებლობის ნაწილი. ამასთანავე, ჩვენ გლობალური გეგმები გვაქვს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის გარეთ Space-ი დავაპოზიციონიროთ, როგორც ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მათზე მორგებულ და მაქსიმალურად მოქნილ თანამედროვე და გამჭვირვალე ტექნოლოგიურ სერვისს სთავაზობს“, – ამბობს მარიკა აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ Space-ი თიბისი ჯგუფის პირველი საერთაშორისო ქართული ფინტექ-კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა და მალევე, საერთაშორისო კომპანიად იქცა. დღეს, Space International-ის ბაზაზე აწყობილი კომპანიები საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს. საერთო ჯამში, კომპანიას სამი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ამათგან ორი მილიონი – უზბეკეთში. უზბეკეთის ბაზარზე, ისევე, როგორც საქართველოში, ნეობანკ Space-ის შემთხვევაში, კომპანია საცალო და დაკრედიტების მიმართულებას ავითარებს და მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.

მარიკა აბულაძე მარკეტერი და ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენიორია. ის Space International-ში მუშაობის პარალელურად, საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ სტარტაპს, Upway-ს უძღვება, თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის რანგში. Space International-ში გადასვლამდე, მარიკა თიბისის ტექნოლოგიურ კომუნიკაციებს ხელმძღვანელობდა.

მარიკა აბულაძე Forbes-ის 30-წლამდელთა 2021 წლის კონკურსის გამარჯვებულია, ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კატეგორიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *