SpaceX-ი კოსმოსის პირველ ტურისტს მთვარის გარშემო სამოგზაუროდ გაუშვებს

SpaceX-ი კოსმოსის პირველ ტურისტს მთვარის გარშემო სამოგზაუროდ გაუშვებს

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი კოსმოსის პირველ ტურისტს, დენის ტიტოს და მის მეუღლეს, აკიკოს, მთვარის გარშემო სამოგზაუროდ გაუშვებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ერთკვირიან მოგზაურობაში წყვილი ათ სხვა მგზავრთან ერთად Starship-ის ხომალდით გაემგზავრება. რამდენი გადაიხადა წყვილმა და შეირჩნენ თუ არა დანარჩენი მგზავრები, ჯერჯერობით, უცნობია.

ამასთანავე, უცნობია აღნიშნული მოგზაურობის თარიღიც. საქმე ისაა, რომ ეს მოგზაურობა SpaceX-ის ხომალდისთვის, Starship-ისთვის რიგით მეოთხე იქნება – მანამდე, ამავე აპარატით NASA-ს ასტრონავტები მთვარეზე დაეშვებიან. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხომალდი, ჯერჯერობით, მზად არ არის და ის კოსმოსშიც არასდროს გაფრენილა, მათ შორის ეკიპაჟის გარეშე. ამასთანავე, SpaceX-მა ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ კოსმოსში მყოფი Starship-ის საწვავით აღჭურვას მოახერხებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხომალდს ყველა მხრიდან შეამოწმებენ. ისიც ვიცი, რომ ჩვენს გაფრენამდე ასობით სხვა გაშვება განხორციელდება“, – განაცხადა დენის ტიტომ Bloomberg-თან საუბრისას. „მომავალ წელს არ გავფრინდებით – მოცდა მოგვიწევს“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი დენის ტიტო პირველი ადამიანია ისტორიაში, რომელიც კოსმოსში ტურისტის სტატუსით გაემგზავრა – ერთკვირიან მოგზაურობაში ის 2001 წელს, რუსული Soyuz-ით გაფრინდა. საინტერესოა, რომ მაშინ, ამ მოგზაურობაში ტიტომ $20 მილიონი გადაიხადა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს, დაახლოებით $33.5 მილიონი იქნებოდა. ახლა, დენის ტიტო 82 წლისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აღნიშნული ფრენა მართლაც შედგება, ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი იქნება, რომელიც ღრმა კოსმოსში იმოგზაურებს.

თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა და კოსმოსური ტურიზმის სექტორი საგრძნობლად განვითარდა – გაცილებით უფრო გახსნილია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიც. ტიტოს მოგზაურობის შემდეგ ISS-ი არაერთმა ადამიანმა მოინახულა. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც Blue Origin-მა და Virgin Galactic-მა დაიწყეს. აქვე არის SpaceX-იც, რომელმაც სამოქალაქო პირები კოსმოსში, პირველად, გასულ წელს გაგზავნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *