SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის რიგით მე-5 ეკიპაჟიანი ფრენა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შედგება. ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი აპარატით დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება. მისიის განხორციელების თარიღის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 6 ოქტომბერს გამართულ კონფერენციაზე გაასაჯაროვეს.
Crew 3-ის სახელწოდებით ცნობილ მისიაში მონაწილეობას NASA-ს ასტრონავტები: რაჯა შარი, ტომ მარშბერნი და კაილა ბარონი მიიღებენ. მათთან ერთად ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე, ასევე, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტი მათიას მაურერი გაემგზავრება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკიპაჟის წევრები იქ ექვს თვეს გაატარებენ და დედამიწაზე მომავალი წლის გაზაფხულზე დაბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ მისიის განხორციელება თავდაპირველად 23 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა NASA-მ თარიღი 31 ოქტომბრამდე გადაწია. საბოლოოდ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა ფრენის შესრულება 30 ოქტომბერს გადაწყვიტეს. მათი ინფორმაციით, Crew Dragon-ს ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის წარმოების რაკეტა Falcon 9-ით თბილისის დროით 10:43 საათზე გაუშვებენ.
Crew Dragon რუსული Soyuz-ის ტიპის კოსმოსური ხომალდების ჩანაცვლების მიზნით შეიქმნა, რომელთა მეშვეობითაც ასტრონავტების დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე გაგზავნა NASA-ს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა. როგორც ცნობილია, სააგენტო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის თითოეული წევრის აყვანის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ აშშ დოლარს იხდიდა, Crew Dragon-ის დახმარებით კი ამ ხარჯის 55 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირება გახდა შესაძლებელი.