სპორტული ასოციაციების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს

სპორტული ასოციაციების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები რუსეთს და სპორტში მის წარმომადგენლებს შეზღუდვებს ყოველდღიურად უწესებენ. Forbes Georgia ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ სპორტული ასოციაციების ჩამონათვალს, რომელთაც საკუთარ ღონისძიებებზე რუსული გუნდების გამოსვლა აკრძალეს ან რუსეთს სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს.

ფეხბურთი

კვირის დასაწყისში FIFA-სა და UEFA-ს ერთობლივი განცხადების თანახმად, რუსული სანაკრებო თუ საკლუბო გუნდები მათ ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ UEFA-ს მიერ ორგანიზებული ქალთა ან კაცთა ჩემპიონთა ლიგაზე და კაცთა კონფერენს-ლიგაზე არც ერთი რუსული გუნდი აღარ დარჩა, ევროპა-ლიგაზე გასამართი მატჩი მოსკოვის „სპარტაკსა“ და გერმანულ „ლაიფციგს“ შორის ოფიციალურად გაუქმდა. ეს უკანასკნელი კი მეოთხედფინალში ავტომატურად გავიდა.

რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს აღარ ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში. შესაბამისად, 24 მარტს დაგეგმილი საპლეიოფო დაპირისპირება პოლონეთსა და რუსეთს შორის გაუქმდა.

ჩოგბურთი

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეუჩეროს რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციასა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციას საერთაშორისო ფედერაციის წევრობის უფლება და აუკრძალოს ამ ორ უკანასკნელს საერთაშორისო გუნდურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ინდივიდუალურ ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლებათ. ისინი ATP-სა და WTA-ს ტურებში კვლავ შეძლებენ ასპარეზობას, თუმცა რუსული და ბელარუსული დროშების გარეშე. გარდა ამისა, აიკრძალა ამ ქვეყნებში საერთაშორისო საჩოგბურთო ღონისძიებების ჩატარება.

ჰოკეი

შეზღუდვების სიას შეუერთდა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც. ფედერაციამ ყველა ასაკობრივი ჯგუფის რუსულ და ბელარუსულ სანაკრებო და საკლუბო გუნდებს მის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა. შეზღუდვა შეეხება მაისში ფინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატსაც. გარდა ამისა, რუსეთს ჩამოერთვა უფლება, უმასპინძლოს 2023 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს.

მძლეოსნობა

რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციები მძლეოსნობის მსოფლიო საბჭომაც წარადგინა. მან რუს და ბელარუს ათლეტებს მსოფლიო მძლეოსნობის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. საინტერესოა, რომ ღონისძიებებიდან ის რუსი მძლეოსნებიც მოიკვეთებიან, რომლებსაც აქამდე ნეიტრალურად ასპარეზობის საშუალება ჰქონდათ.

რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სპორტული აკრძალვები ასევე მიიღეს ისეთ სპორტულ ასოციაციებში, როგორიცაა: ჭადრაკი, ბადმინტონი, ბეისბოლი, კალათბურთი, ბიატლონი, კანოე, ველორბოლა, კერლინგი, ნიჩბოსნობა, რაგბი, ფიგურული სრიალი, ცურვა, ტრიატლონი და ფრენბურთი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *