ბოლო ათწლეულების განმავლობაში საზოგადოების მიერ სპორტული ფეხსაცმლის აღქმამ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. მისი უტილიტარული შინაარსი შეიცვალა და პროდუქტი კულტურული გამოხატვისა და მოდური იდენტობის სიმბოლოდ იქცა. დროთა განმავლობაში ცვლილებამ სპორტული ფეხსაცმლის კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ეს პროდუქტი თავდაპირველად მხოლოდ სპორტული მიზნებისთვის შეიქმნა. მე-20 საუკუნის შუა ხანებში კი ცნობილი ბრენდების, Adidas-ისა და Converse-ის ფეხსაცმლის ხაზების დანერგვამ, მას მკვეთრად განსაზღვრული ფუნქციური ხასიათი შეუცვალა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქცია.
სპორტული ფეხსაცმლის პოპულარობა დროთა განმავლობაში გაიზარდა და მან ჰიპ-ჰოპსა და პოპ-კულტურაში დაიმკვიდრა თავი. თუკი ადრე მას ოფიციალურ თუ პროფესიულ გარემოში შეუსაბამოდ მიიჩნევდნენ, სპორტულმა ფეხსაცმელმა სავარჯიშო დარბაზებისა და ქუჩის დატოვება დაიწყო და ოფისებსა და სხვა საქმიან სივრცეებში გადაინაცვლა.
Statista Market Insights-ის შეფასებით, სპორტული ფეხსაცმელი – წმინდა ფუნქციური სპორტული ფეხსაცმლის გამოკლებით – მოცემული დროისთვის 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბაზარს ქმნის. მოსალოდნელია, რომ 2028 წლისთვის აღნიშნული პროდუქტის წლიური გაყიდვები 100 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე, 18%-იანი წილით, ამერიკული ბრენდი Nike-ი ლიდერობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს Jordan-ისა და Converse-ის ბრენდები, რომლებიც ასევე Nike-ის კორპორაციაში ერთიანდებიან. პირველი მათგანის წილი სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე 11%-ს შეადგენს, რის შედეგადაც ის ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება Converse-ს მას ბაზარზე 4%-იანი წილი უკავია, ისევე, როგორც კიდევ ერთ ამერიკულ ბრენდ New Balance-ს.
ბრენდების წილი სპორტული ფეხსაცმლის ბაზარზე, 2022 წლის მონაცემებით
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბაზრის წილის დადგენისას გათვალისწინებული არ არის სხვადასხვა სპორტში მოასპარეზე სპორტსმენებისთვის ან გუნდებისთვის სპეციალურად შეკერილი ფეხსაცმელი.