ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა ევროპაში ყველაზე ხალხმრავალი აეროპორტის სტატუსი პანდემიის პერიოდში დაკარგა. ეს ადგილი კი თურქეთის სტამბოლის აეროპორტმა დაიკავა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ჰითროუს აეროპორტში მგზავრთნაკადი გასულ წელს 73%-ით შემცირდა. სტამბოლის ახალმა აეროპორტმა კი 23.4 მლნ მგზავრს უმასპინძლა. მეორე ადგილი გასულ წელს, ყველაზე ხალხმრავალი ევროპული აეროპორტების რეიტინგში პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის წელს ევროპის ყველა აეროპორტი დაზარალდა. შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა, მოგზაურობა, რაც ბუნებრივია, აეროპორტებში მგზავრების რაოდენობის მკვეთრ დაცემაში გამოიხატა.
არაერთმა ლოქდაუნმა და სხვა ქვეყნებთან მიმოსვლის შეჩერებამ ლონდონის მიმართულებით მგზავრების რაოდენობა შეამცირა. გასულ კვირას ბრიტანეთის მთავრობამ კიდევ უფრო გაამკაცრა სამოგზაურო შეზღუდვები და სამხრეთ ამერიკიდან შეაჩერა ფრენების მიღება.
პარალელურად, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპის აეროპორტები, ფრანკფურტით დაწყებული ამსტერდამით და ბარსელონათი დასრულებული, ყველას მინიმუმ 70%-იანი კლება ჰქონდა, სტამბოლის ორ აეროპორტს და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს მხოლოდ მცირედი კლება დაუფიქსირდათ.
2020 წლის ყველაზე ხალხმრავალი ევროპული აეროპორტების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
- სტამბოლის ახალი აეროპორტი – 23.4 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- პარიზის შარლ დე გოლი – 22.3 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- ლონდონის ჰითროუ – 22.1 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- ამსტერდამის აეროპორტი – 20.9 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი – 19.8 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- ფრანკფურტის აეროპორტი – 18.8 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- მადრიდის აეროპორტი – 17.1 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი – 17.0 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- ბარსელონას აეროპორტი – 12.7 მლნ მგზავრს უმასპინძლა
- მიუნხენის აეროპორტი – 11.1 მლნ მგზავრს უმასპინძლა
დატოვე კომენტარი