გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინის პორტები ჯამში 3.7 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთულმა 165 გემმა დატოვა. ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, კვირას, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან დამატებით 10 გემი და 169,300 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი გავა. „დილის ათ საათზე, Great Odesa-ს პორტები რვა გემმა დატოვა, დამატებით ორი გემი კი თავის რიგსა და ხელსაყრელ პირობებს ელოდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დაიბლოკა შავი ზღვის პორტები, რამაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მინიმუმამდე შემცირება გამოიწვია. საკვები პროდუქტების ფასები გლობალურად გაიზარდა, ხოლო აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი სასურსათო დეფიციტის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. შავი ზღვის სამი პორტი ხელახლა მოსკოვსა და კიევს შორის 22 ივლისს გაფორმებული შეთანხმებით გაიხსნა.
მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პორტებს თვეში 100-150 გემის დატვირთვა და საზღვარგარეთ გაგზავნა შეუძლიათ. ცნობისთვის, უკრაინას, რომელიც გლობალურად მარცვლეულის მთავარი მწარმოებელი და მიმწოდებელია, ომის დაწყებამდე ყოველთვიურად 6 მილიონ ტონამდე მარცვლეული გაჰქონდა ექსპორტზე.
დატოვე კომენტარი