Starbucks-ის კვარტალურმა გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Starbucks-ის კვარტალურმა გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ამერიკული ყავის ბრენდ Starbucks-ის კვარტალურმა გაყიდვებმა, ძირითადად ჩინეთში, კომპანიის სიდიდით მეორე ბაზარზე ბიზნესის აღდგენის წყალობით, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, Starbucks-ის შემოსავლები, აშშ-ში მოთხოვნის კლების გამო, ანალიტიკოსთა პროგნოზებს კვლავ ჩამორჩება.

FactSet-ის მონაცემებით, კომპანიის გამომუშავებამ თითო აქციაზე $1-ს მიაღწია, რის შედეგადაც ამერიკული ბრენდის კვარტალური შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით, $9.2 მილიარდამდე გაიზარდა. მართალია, ფასების მატების გავლენით მარჟის ზრდამ, ანალიტიკოსების $0.95-იანი მოგების პროგნოზის გაუმჯობესება გამოიწვია, საშუალოდ, $9.3-მილიარდიანი შემოსავლის მოლოდინი მაინც ვერ გამართლდა.

აღსანიშნავია, რომ ერთსა და იმავე მაღაზიაში გაყიდვები წლიურად 10%-ითაა გაზრდილი – ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მაჩვენებელმა 7%-ით, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით 24%-ით იმატა. ყველაზე დიდი ზრდა კი, წლიური 46%, კომპანიის სიდიდით მეორე ბაზარზე, ჩინეთში ფიქსირდება. გასული რამდენიმე კვარტალის განმავლობაში ჩინეთის მასშტაბით Starbucks-ს ოპერაციულ გამოწვევებთან და ინგრედიენტებზე ინფლაციურ ზეწოლასთან გამკლავება უწევდა.

ცნობისთვის, ამერიკულმა ბრენდმა შემოსავლები კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ლაქსმან ნარასიმჰანის ხელმძღვანელობის პირობებში პირველად გამოაქვეყნა. Starbucks-ის სათავეში ნარასიმჰანი ოფიციალურად აპრილში მოვიდა და მილიარდერი ჰოვარდ შულცი ჩაანაცვლა.