Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომის წინასწარი ნებართვის მიღება საქართველოდანაც არის შესაძლებელი, – ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.
თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, Starlink-ის სერვისებით სარგებლობა კონკრეტულ არეალში მცხოვრებ ლიმიტირებული რაოდენობის ადამიანს შეუძლია, რის გამოც, ინტერნეტზე წვდომას ისინი მიიღებენ, ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდება.
როგორც Starlink-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ამ ეტაპზე, სატელიტური ინტერნეტი ბეტა-შემოწმებას გადის და სანამ სერვისი სრულად გაეშვება, მოსალოდნელია, რომ სიჩქარემ 50 მბ/წმ-დან 150 მბ/წმ-მდე, ხოლო დაყოვნებამ 20 მილიწამიდან 40 მილიწამამდე იმერყეოს. დროთა განმავლობაში, დედამიწის ორბიტაზე კიდევ უფრო მეტი სატელიტის განთავსების, დედამიწაზე არსებული დანადგარების გაუმჯობესებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწასთან ერთად, სიჩქარე გაიზრდება, ხოლო დაყოვნება – შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის გამოწერის შემთხვევაში, კომპანია ერთგვარ ნაკრებს გამოგიგზავნით, რომელშიც სატელიტებთან დასაკავშირებლად საჭირო ყველა მოწყობილობა იქნება, მათ შორის Wi-Fi რაუტერი, კვების წყარო, კაბელები და შტატივი. თქვენი მხრიდან, Starlink App-ის გადმოწერა და დანადგარების ღია ცის ქვეშ სწორად დამონტაჟება იქნება საჭირო.
ცნობისთვის, სატელიტური ინტერნეტით სარგებლობას საქართველოში 2022 წლიდან შეძლებთ, ხოლო მისი ღირებულება $99 იქნება.
დატოვე კომენტარი