ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების უმძლავრესი რაკეტა Starship-ი მესამე სატესტო ფრენის ფარგლებში დედამიწის ორბიტისკენ გაუშვეს.
აპარატი ტეხასში მდებარე SpaceX-ის კუთვნილი Starbase-ის ბაზიდან თბილისის დროით 17:25 საათზე აფრინდა. Starship-ს რაკეტის მეორე საფეხური, Super Heavy დაგეგმილის შესაბამისად გამოეყო და ხმელეთისკენ დაშვება დაიწყო. თვითონ Starship-მა კი აღნიშნული მანევრის შემდეგ ორბიტისკენ აიღო გეზი.
შეგახსენებთ, წინა ტესტირებისას Super Heavy განცალკევების მანევრის შესრულებიდან მალევე აფეთქდა. რაც შეეხება Starship-ს, SpaceX-მა მასთან კონტაქტი აპარატის ორბიტამდე ასვლამდე დაკარგა.
SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.
14 მარტი SpaceX-ისთვის მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთი მოვლენის გამოა – ილონ მასკმა კომპანია 2002 წელს, სწორედ ამ დღეს დააფუძნა.