ერთი იდეა მაქვს – ეს ის ფრაზაა, რომელსაც ხშირად გაიგონებთ დღეს.
სიტყვა სტარტაპსაც არაერთხელ მოკრავდით ყურს, თქვენს ირგვლივაც ალბათ მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც სტარტაპი აქვთ.
და მაინც, რა მნიშვნელობას ატარებს ეს ტერმინი, რომელიც სულ უფრო ინტენსიურად ისმის ჩვენს საზოგადოებაში? Startup-ის არაერთი განმარტება არსებობს, Investopedia-ზე, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ონლაინ წყაროა ფინანსური ტერმინოლოგიის განმარტების კუთხით, ვკითხულობთ: “ეს არის კომპანია ოპერირების პირველ ეტაპზე”.
ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სიცოცხლისუნარიანობისათვის სჭირდება აქსელერატორები, ბიზნეს ინკუბატორები, Angel investor-ები, საშუამავლო სერვისები, რომელიც აკავშირებს იდეის ავტორსა და ინვესტორს.
ინოვაციური ბიზნესი და სტარტაპები საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა ამ მიმართულებით. არსებობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.
მაგრამ, რამდენად ფლობენ იდეის ავტორები და სტარტაპები ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ?
მიმდინარე წელს, კვლევითი და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიის Start – Business Solutions მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 350 სტარტაპი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხული სტარტაპებდან ძალიან მცირე ნაწილია ინფორმირებული, ვისთან და როგორ შეიძლება ითანამშრომლონ დაფინანსების მოპოვების, პროფესიული მომსახურებებისა და სტარტაპის ხელშეწყობის სხვა სერვისების მიმართულებით.
აქედან დაიბადა იდეა იმ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისა – Start in Georgia, რომელიც 2017 წლის 18 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის, Expo Georgia-ს III პავილიონში გაიმართება.
გამოფენის უმთავრესი მიზანია სტარტაპერებმა მიიღონ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაიზარდოს მეწარმეობის სურვილი და მოხდეს ამ სფეროს მეტი პოპულარიზაცია.
ღონისძიების ორგანიზატორი, კომპანია Start – Business Solutions-თან ერთად, არის ქართული სტარტაპების ასოციაცია, ხოლო მთავარი სპონსორია იურიდიული საკონსულტაციო კომპანია McGill Legal. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს საკუთარი პროდუქტი გააცნოს სტარტაპით დაინტერესებულ პირებს და დაეხმაროს მათ ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში. ეს კომპანიებია:
- ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
- ფონდები, პროგრამები და ბანკები;
- საკონსულტაციო კომპანიები;
- ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები.
დღის განმავლობაში ასევე იფუნქციონირებს სივრცე მოკლე სემინარებისთვის, სადაც მთელი დღის განმავლობაში სპიკერები ისაუბრებენ სტარტაპებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
ასე რომ, თუ ეძებ დაფინანსებას ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებული სტარტაპის განვითარებისთვის, #მოდიგამოფენაზე! – აქ ყველაფერია ბიზნესის დასაწყებად.
დატოვე კომენტარი