კოვიდი სტარტაპების ეპიდემიაც იყო. სტარტაპების ახალ სიმრავლეს აქსელერატორების, ინვესტორების, ინკუბატორების გააქტიურება მოჰყვა. ნიკოლოზ კობახიძემ მათი დამაკავშირებელი პლატფორმის აუცილებლობა დაინახა. ასე დაფუძნდა THE Crossroads-ი, რომელიც არამხოლოდ ქართველ ინვესტორებსა და სტარტაპერებს აპოვნინებს ერთმანეთს.
მოდი, ვეცადოთ, უკეთ დავინახოთ, რა არის THE Crossroads-ი. ამბობთ, რომ რეგიონული მასშტაბით სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება გსურთ, ამისთვის კი სამ მთავარ დასაყრდენად მოიაზრებთ: საჯაროობას, განათლებასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. როგორ მუშობს ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე?
იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, ხედვა გვჭირდება: სწორედ მაღალი ცნობიერება, განათლება და ინვესტიციები არის ის, რისთვისაც THE Crossroads-ი მუშაობს. სტარტაპ-ეკოსისტემაში უამრავი მხარეა ჩართული, ამიტომ უმნიშვნელოვანესია საჯაროობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა. ამას სხვადასხვა ხერხით ვცდილობთ – ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სტარტაპ-ასოციაცია, Globalize-ი, SRTIP-ი – შარჟას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, Diplomats Club-ი, UN Women-ი, USAID-ი, ლისაბონის ინვესტორთა კლუბი და სხვ.
The Crossroads-ის ინიციატივა 2021 წლის აპრილში ჩამოვაყალიბეთ. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ყოველწლიური ღონისძიების დაარსება იყო, რომელიც იქნებოდა მთავარი მოვლენა რეგიონში ამ მიმართულებით და შეკრებდა მთელ მსოფლიოს საქართველოში. ფორუმი დაგეგმილი გვქონდა 2021 წლის სექტემბერში, მაგრამ COVID-19-ის გაზრდილი შემთხვევების გამო თარიღი გადავწიეთ, წელს კი რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვაბრკოლა. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, უკვე დავიწყეთ აქტივობები და იმავე იდეის გარშემო შევქმენით სამი ახალი, შედარებით მცირე მასშტაბის ღონისძიება – Summit Talks-ი, Meet THE Change & Decripting Education-ი. ასევე, საერთაშორისო მასშტაბით ვპარტნიორობთ ისეთ ინიციატივასთან, როგორიცაა Women in Tech-ი, რომელიც 200 000-მდე ტექინდუსტრიაში მოღვაწე ქალს აერთიანებს; აქტიურად ვმონაწილეობთ ისეთ საერთაშორისო ღონისძიებებში, როგორიცაა Enterpreneurship World Cup-ი, Cardano Foundation-ი, Web Summit-ი და ვქმნით საერთო ქსელს.
რაც შეეხება THE Crossroads-ის მეორე მიმართულებას, ეს არის განათლება, რომელიც წარმატების მთავარი გასაღებია. საერთო პროგრამებისა თუ პროექტების მართვისთვის ვპარტნიორობთ რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან: კავკასიის უნივერსიტეტთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, ალტესთან და სხვ. მაგალითად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა კიბერუსაფრთხოების პროფესიული განათლების პროგრამა, რომელსაც ბაზარს მომავალი წლიდან შევთავაზებთ. ასევე პორტუგალიელ პარტნიორთან ერთად საქართველოში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას ვგეგმავთ: საუბარია Brave Generation Academy-ზე, რომელიც 12-დან 18-წლამდე მოზარდებს გაათვითცნობიერებს ტექნოლოგიებში, მეწარმეობაში, ასწავლის და გააცნობს მათ სტარტაპერობისთვის საჭირო უნარებს და ა.შ.
THE Crossroads-ის მესამე მიმართულება არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. უკვე ჩამოვაყალიბეთ Crossroads Investors Club-ი, რომლის შემდეგი ნაბიჯიც ფონდის შექმნაა, სადაც გაერთიანდებიან ანგელოზი ინვესტორები და ვენჩურული კაპიტალის ფონდები. ფონდი მოიაზრებს ინვესტიციების მოზიდვას სტარტაპებისთვის – როგორც რეგიონულ დონეზე, ისე საქართველოსთვის.
THE Crossroads-ის ამოსავალი წერტილი მაინც ახალბედა ანტრეპრენიორებთან მუშაობაა. სტარტაპებს თქვენ ეძებთ თუ ისინი გპოულობენ? და რა სექტორებზე აკეთებთ აქცენტს?
მოდი, ასე ვიტყვი: ჩვენ ერთმანეთს ვპოულობთ. ერთი მხრივ, სტარტაპები მოდიან ჩვენთან, მეორე მხრივ, ჩვენ ვესწრებით სხვადასხვა ღონისძიებას, ვსწავლობთ იდეებს და ვამყარებთ კონტაქტებს.
რაც შეეხება სექტორებს, ვმუშაობთ და გვაინტერესებს ყველა მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები, საკვების უსაფრთხოების და აგრიტექ-მიმართულებები, ჯანდაცვა, განათლება, განახლებადი ენერგიები და ა.შ.
თქვენ ქმნით ქსელს, სადაც სტარტაპები და ინვესტორები ერთმანეთს ხვდებიან. თუმცა ეს ფინალური ნაბიჯია. მოდი, პროცესს გავყვეთ: თქვენ გყავთ სტარტაპი კარგი იდეით. რა ხდება შემდეგ?
შეიძლება ითქვას, სტარტაპერების მულტიფუნქციური მენტორები ვხდებით – საკუთარ თავზე ვიღებთ მათ დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნვას, რათა მივიყვანოთ ინვესტორებამდე: ვუწევთ მენტორობას, ვეხმარებით ორგანიზაციული და ფინანსური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, ერთად ვხვეწთ საინვესტიციო პაკეტს, მათს იდეას ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას ვამატებთ, რადგან ხშირად თავადაც ვერ ათვითცნობიერებენ, რა მასშტაბისა და პოტენციალის ბიზნესიდეა აქვთ. ვამზადებთ საინვესტიციო პაკეტს და უკვე დამუშავებულ იდეას ვთავაზობთ ინვესტორს.
საინტერესოა, როგორ მუშაობთ მეორე მხარესთან ინვესტორებთან და აქსელერატორებთან. ამ ნაწილში თქვენს პარტნიორად მოიაზრებთ Founder Institute-ს, ერთ-ერთ გავლენიან ამერიკულ აქსელერატორს სილიკონის ველიდან. რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა?
ჩვენ არაერთი გავლენიანი პარტნიორი გვყავს, მათ შორის ერთ-ერთი Founder Institute-ია. რა თქმა უნდა, მსგავსად ვმუშაობთ აქსელერატორებსა და ინვესტორებთანაც – ვეცნობით მათს საჭიროებებს, ინტერესებს და ვუწევთ კონსულტაციებს. მიზეზი მარტივია: გავლენიან აქსელერატორებსა და ინკუბატორებს ძალიან ბევრი სტარტაპი მიმართავს მთელი მსოფლიოდან. ამ ნაკადის გაფილტვრაში ვეხმარებით ჩვენ, რადგან ზოგიერთი იდეა შეიძლება კარგად ჟღერდეს, თუმცა რეალურად არ ჰქონდეს პოტენციალი. ჩვენი რეკომენდაციები მათ დროსა და რესურსს უზოგავს.
რაც მთავარია, ხელი მიგვიწვდება ყველაზე ძლიერ და წარმატებულ აქსელერატორებზე, რაც ნიშნავს, რომ უმოკლეს დროში სტარტაპებს საჭირო ხალხთან ვაკავშირებთ. რეალურად მათთვისაც უმნიშვნელოვანესია სწორი პარტნიორის შერჩევა, რადგან დღეს იდეასთან ერთად გადამწყვეტია მისი სწრაფი განხორციელება. გლობალურად კონკურენცია ძალიან მაღალია, შესაბამისად, მოგებულია ის, ვინც პირველი აღმოჩნდება სწორ ადგილას.
უკვე თუ გაქვთ კონკრეტული შედეგები სტარტაპებთან დაკავშირებით?
ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დამუშავებულია ორი სტარტაპის საინვესტიციო წინადადება და მათთან დაკავშირებით დავამყარეთ კიდეც პარტნიორობა რამდენიმე გავლენიან აქსელერაციის პროგრამასთან. ერთ-ერთი სტარტაპია SAIT-ი, რომელიც ლოგისტიკის ინდუსტრიისთვის ინოვაციური პროდუქტია, ხოლო მეორე – SEMES-ი – განახლებადი ენერგიის მიმართულებით საქმიანობს. ვხედავთ დიდ პოტენციალს და სწორედ ახლა ვმუშაობთ მათთვის ინვესტიციების მოზიდვაზე.
მოდი, პლატფორმის გეოგრაფიაზეც ვისაუბროთ. კავკასია და ცენტრალური აზია – THE Crossroads-ს სურს, გამაერთიანებელი გახდეს ამ რეგიონის ქვეყნებისთვის. ფიქრობთ, რომ ეს აუთვისებელი ტერიტორიაა?
კავკასია და ცენტრალური აზია აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს კი ფაქტობრივად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კარიბჭის გასაღები უჭირავს ხელში, რაც სწორად უნდა გამოიყენოს. დიახ, ეს აუთვისებელი და დიდი პოტენციალის მქონე ტერიტორიაა.
კარგი კავშირები გვაქვს რეგიონშიც: ხელი მოვაწერეთ ოთხმხრივ თანამშრომლობას ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის IT-პარკებთან; ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც სტარტაპებთან მუშაობენ, შედეგად, ვიყენებთ ერთმანეთის საკომუნიკაციო არხებს და ეს ყველა მხარეს აძლიერებს.
მოიაზრებთ, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონული სტარტაპ-ჰაბი. რატომ გგონიათ, რომ ეს შესაძლებელია? ხედავთ პოტენციალს ფინანსურ, ინტელექტუალურ ან, თუნდაც, საკანონმდებლო დონეზე?
დღეს ქვეყანაში ძირითადად სამშენებლო და საფინანსო სექტორი ვითარდება, არადა, მათ მიღმა დიდი პოტენციალი არსებობს. თუმცა უმნიშვნელოვანესი მაინც გეოგრაფიაა – ქართული ბაზარი მცირეა, სამაგიეროდ, წვდომა გვაქვს კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან, რაც 80-მილიონიანი ბაზარია.
რაც შეეხება კანონმდებლობას, ვფიქრობ, გადასახადების დაწევის ან კომპანიებისთვის სპეციალური შეღავათების დაწესების გარეშე, ჰაბად ქცევა შეუძლებელია. აუცილებელია, არსებობდეს თავისუფალი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ზონები კომპანიებისთვის, რომლებიც ამ დარგებს განავითარებენ. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო კორპორაციებისთვის თანაბარი გარემოს შექმნა, რათა მათ წარმომადგენლობები საქართველოში დააფუძნონ და შემოიტანონ და გაავრცელონ ცოდნა.
დაბოლოს: რისი გაკეთება მოახერხეთ ერთ წელიწადში გზაზე, რასაც სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა ჰქვია და რას გეგმავთ მომავალში?
უპირველესად, ჩვენი მიზანია THE Crossroads-ის პლატფორმის გაზრდა, მეტი ადამიანის ჩართულობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობების დაფუძნება. ასევე, გვსურს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა; ამ კუთხით გარკვეულ ნაბიჯებსაც ვდგამთ: ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები ისწავლიან, შექმნიან პროდუქტებს და პრაქტიკაშიც გამოცდიან პროტოტიპს. რა თქმა უნდა, გვსურს 5-დან 10-მდე სტარტაპის საერთაშორისო მასშტაბზე გატანა. გარდა გლობალური და საერთაშორისო თანამშრომლობებისა, საბოლოოდ ჩვენი მთავარი და ფუნდამენტური მიზანი ქვეყანაში დასაქმების ზრდა და ეკონომიკური განვითარებაა.
დატოვე კომენტარი