სტარტაპი CityPay.io ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრე კომპანიებს გადახდების კრიპტოვალუტით მიღებასა და სასურველ ვალუტაში კონვერტაციას სთავაზობს. პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები მიიღონ მომენტალურად, კრიპტოვალუტით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და რაც მთავარია, უკვე არსებულ არხებთან შედარებით საშუალოდ 5-ჯერ ნაკლები დანახარჯით.
StartupYard კი კერძო, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული აქსელერატორია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. მისი პორტფელი შედგება 83 სტარტაპისგან, რომლებმაც საერთო ჯამში 49 მილიონი ევრო მოიზიდეს.
StartupYard-ი ამჯერად CityPay.io-ს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და მენტორებთან დაკავშირებაში დაეხმარება, რათა სტარტაპმა შეძლოს სწრაფი ზრდის შენარჩუნება და გლობალურ ბაზარზე ეფექტურად ოპერირება. აქსელერაციის პროგრამა მოიცავს 150-ზე მეტ მენტორთან, ინვესტორსა და ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და კონსულტაციას; ასევე, პროფესიონალ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც მორგებული იქნება სტარტაპის საჭიროებებზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, დემო დღეზე, CityPay.io პრაღაში ინდუსტრიის ასობით წარმომადგენლისა და ინვესტორის წინაშე პრეზენტაციით წარსდგება.
როგორც Forbes Georgia-ს CityPay.io-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ქეთი ქარსელაძემ განუმარტა, კრიპტოვალუტის მფლობელთა რიცხვი სწრაფად იზრდება და CityPay.io პარტნიორ ბიზნესებს სწორედ აღნიშნული სეგმენტის ათვისებას სთავაზობენ.
„CityPay.io-ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ თითქმის 5 წელია კრიპტო და ბლოკჩეინ მიმართულებით ახორციელებენ პროექტებს. CityPay.io-ს კრიპტო გადახდების სერვისი მიმდინარე წლის დასაწყისიდან ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად ფუნქციონირებს და უკვე 300-მდე კომპანიას აძლევს საშუალებას კრიპტო გადახდები მიიღონ“, – განმარტა მან.
ცნობისთვის, საწყის ეტაპზე სტარტაპმა $100,000 მოიზიდა, რის შემდეგაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტი მიიღო ₾100,000 ოდენობით. ახლახან მოზიდული ინვესტიცია კი სწორედ StartupYard-ისგან მიღებული 60,000 ევროა.
„პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ენჯელ ინვესტორებთან შემდეგი რაუნდისთვის, რაც ბაზრის გაფართოების და პროდუქტის განვითარებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა ქეთი ქარსელაძემ.
CityPay.io-ს გუნდში ამჟამად 15 ადამიანია და როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, სტარტაპი სწრაფ ზრდას განაგრძობს და აქტიურად ეძებს კრიპტო ენთუზიასტებს.
დატოვე კომენტარი