Global Gender Gap-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, გლობალურად, STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებით დასაქმებულთა შორის ქალთა წილი მხოლოდ 29%-ს შეადგენს. ანგარიში ჯამში 146 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს.
გენდერული ნიშნით დასაქმებულთა რაოდენობას შორის არსებული სხვაობა ტექნოლოგიურ ეკოსისტემას საფრთხის წინ აყენებს. მრავალფეროვნება ფუნდამენტურად აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემების გადაჭრისა და პროდუქტების განვითარების პროცესს. გარდა ამისა, ქალები მაღალი მსყიდველუნარიანობითაც გამოირჩევიან და შესაბამისად, ეკონომიკაზეც დიდი გავლენა აქვთ.
TechCrunch-ის მონაცემებით, ბოლო წლებში, აშშ-ში, პროდუქტთა გარკვეული კატეგორიებისთვის, სამომხმარებლო შესყიდვების 85% ქალებზე მოდიოდა. 2028 წლისთვის, დისკრეციულ დანახარჯებში ქალთა წილი კი, სავარაუდოდ 75%-მდე გაიზრდება. მამაკაცებთან შედარებით, ქალი მეწარმეები სესხის აღების დროს მეტად კონსერვატიულებიც არიან, სტარტაპებსაც ნაკლები კაპიტალით ქმნიან. დღეისთვის, გლობალურ მშპ-ში ქალთა შენატანის მოცულობა 37%-ს აღემატება – წილი, რომელიც სავარაუდოდ გაიზრდება.
STEM-ის მიმართულებით ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად და ინდუსტრიაში გენდერული მრავალფეროვნების ხელშესაწყობად, აქტიურად თავად ქალები მუშაობენ. მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციები ახალგაზრდებს პროგრამირების, ინჟინერიისა და სხვა სფეროების შესწავლაში ეხმარება. მათ შორისაა Girls Who Code-ი, რომელიც მათ კომპიუტერული მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. ასევე, Women in AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ქალ ექსპერტებს გლობალური მასშტაბით აკავშირებს, Women in Machine Learning-ი (WiML), Black Women Blockchain-ი და ა.შ.
დატოვე კომენტარი