დოკუმენტალისტი, ფოტოგრაფი, კომერციული აგენტი, მენეჯერი, პროდიუსერი, მძღოლი — ქუჩის იდუმალ მხატვარს, ბენქსის ყველა ამ როლის შემსრულებელი გვერდით ჰყავდა, თუმცა არა გუნდი, არამედ – ერთი ადამიანი, სტივ ლაზარიდისი.
იგი წარმოშობით, ბენქსის მსგავსად, ბრისტოლიდანაა. 11 წელი ექსცენტრიკული მხატვრის გვერდით იმუშავა, დაწერა წიგნები ბენქსის შესახებ, გადაიღო ნამუშევრების ფოტოები და მის ერთგვარ მემატიანედაც იქცა. როცა სახელოვნებო ინდუსტრია ბენქსის ფენომენის ამოხსნას ცდილობდა, სწორედ ლაზარიდისი იყო ის, ვინც მხატვარს მასშტაბური კარიერის შექმნაში დაეხმარა. ამ სტატიაში ლაზარიდისისა და ბენქსის ურთიერთობასა და იმ პროექტებზე გიამბობთ, რომლებიც მათ ერთმანეთის მხარდამხარ აკეთეს.
თანამშრომლობის დასაწყისი
1980 წელს ნიკონის კამერით “შეიარაღებულმა” ფოტოგრაფიის სტუდენტმა ლაზარიდისმა გარემოზე დაკვირვება და დოკუმენტური კადრების გადაღება დაიწყო. მოგვიანებით მუშაობა ჟურნალ Sleazenation-ში დაიწყო. იგი ბრიტანულ სუბკულტურებსა და ახალგაზრდულ მოძრაობებს — რეივ სცენას, სკეიტ კულტურასა და ქუჩის მხატვრობას იღებდა. ამ ჟურნალის დავალებით მოახერხა ბენქსის პორტრეტის გადაღება 1997 წელს და მალევე მასთან მუშაობა განაგრძო. ჯერ მძღოლობიდან და ფოტოგრაფობიდან დაიწყო. მალე გალერისტიც გახდა. ლაზარიდისმა ბექნსის ბურუსით მოცულ ფიგურაში დიდი ნიჭი შენიშნა, მოიხიბლა მისი ხელოვნებით, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. მოგვიანებით კი მის აგენტად და პრომოუტერად იქცა.
ბექნსის კარიერაში მისი როლი განუზომელია. ის არა მარტო გამოფენების მოწყობაში ეხმარებოდა ბენქსის, არამედ მისი საჯარო ინსტალაციების არცთუ მარტივ ლოჯისტიკას აგვარებდა. შეიძლება ითქვას, რომ ის დაეხმარა მხატვარს, ანონიმურობა შეენარჩუნებინა და ამის მიუხედავად, საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინა.
პროექტები
ლაზარიდისის და ბენქსის თანამშრომლობით არაერთი შესანიშნავი პროექტი შეიქმნა, მათ შორის — ვებსაიტი, Pictures on Walls, რომლის მიზანი გრაფიტის ხელოვნების და ქუჩის მხატვრების ხელშეწყობა იყო.
ბევრისთვის დაუვიწყარი გახდა მათი შოუ “Barely Legal”, რომელიც კალიფორნიაში, ინდუსტრიულ საწყობში მოეწყო. შპალერის ფერებში შეღებილი ნამდვილი სპილოს მეშვეობით ბენქსი ეხმაურებოდა შიმშილობის პრობლემას და პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატავდა ინგლისურ ტერმინს Elephant in the room, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ამ პრობლემას საზოგადოება ვერ ამჩნევდეს, ისევე, როგორც შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო სპილო ოთახში.
ეს ერთ-ერთია იმ დიდი თუ მცირე პროექტებიდან, რომელთა შექმნაში ლაზარიდისი აქტიურად იყო ჩართული.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ლაზარიდისმა პერსონალური ფოტოარქივის კურატორობა დაიწყო. 100 000 ფოტოდან 12 000 ბენქსის კარიერას ასახავდა. მან ეს ფოტოები ორ ტომიანი წიგნად, სახელად Banksy Captured გამოსცა.
ლაზარიდისი გამოჩნდა ბენქსის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში – Exit Through the Gift Shop, 2020 წელს კი — ფილმში Banksy and the Rise of Outlaw Art.
ბენქსი: ლეგენდის დაბადება
18 ოქტომბრიდან 4 თვის განმავლობაში სახვითი ხელოვნების მუზეუმი თბილისში უმასპინძლებს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას BANKSY:Birth of an icon – curated by Steve Lazarides.
როგორც ლაზარიდისი ამბობს, გამოფენაზე ბენქსის განვლილი გზის დათვალიერებას შეძლებთ. აქ წარმოდგენილი იქნება როგორც ორიგინალი ნამუშევრები, ისე დოკუმენტური ფოტოები.
“ნელ-ნელა, დათვალიერებისას, თავად მიხვდებით, თუ რატომ გააღმერთა იგი [ბენქსი] ხელოვნების სამყარომ და როგორ იქცა ვანდალი არტისტი საკულტო ფიგურად“, — ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე დამთვალიერებლები ქართველი ქუჩის მხატვრების მიერ შესრულებულ ნამუშევრებსაც იხილავენ. ესენი არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.
გამოფენის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
თუ გსურთ, გაიგოთ მეტი ბენქსის და სტივ ლაზარიდისის შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს.
S