სტოკჰოლმი - ყველაზე "ქულ" დედაქალაქი

სტოკჰოლმი - ყველაზე "ქულ" დედაქალაქი

ხშირად აეროპორტები მცდარ შთაბეჭდილებას გვიქმნიან ამ თუ იმ ქალაქის შესახებ, მაგრამ ეს სტოკჰოლმის აეროპორტს ნამდვილად არ ეხება. არლანდის აეროპორტი ზუსტად ასახავს ამ ქალაქის ხასიათს. ჩამომსვლელთათვის განკუთვნილი დერეფნის კედლებს ათობით ცნობილი სტოკჰოლმელის ფოტოპორტრეტი და წარწერა – „კეთილი იყოს ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩამობრძანება” – ამშვენებს. ამგვარი ექსპოზიციის შექმნას კარგად დამკვიდრებული კულტურული თავდაჯერებულობა განაპირობებს, რომლის ფესვებიც მე-17 საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც სტოკჰოლმი შვედეთის იმპერიის დედაქალაქი იყო.

მას შემდეგ ქალაქმა თითქმის უნივერსალურ დონემდე დახვეწა ინგლისური ენის ცოდნა და საერთაშორისო მსოფლმხედველობა, მაგრამ ამავდრულად შეინარჩუნა საკუთარი გამორჩეული ხასიათი და თვითმყოფადობის ძლიერი გრძნობა.

აქაურმა შემოქმედებმა – გრეტა გარბოთი და ანსამბლ Abba-თი დაწყებული, ჰენინგ მანკელითა (კურტ ვალანდერი) და სტიგ ლარსენით დამთავრებული – დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი, სტოკჰოლმის არქიტექტურულ ტრადიციებთან და დიზაინის უბადლო ოსტატობასთან შერწყმული, სტოკჰოლმში ვიზიტს დაუვიწყარ კულტურულ გამოცდილებად აქცევს, ამ სიტყვის ფართო გაგებით.

ქალაქი არის კოსმოპოლიტური, ლამაზი და ჰარმონიულად ერწყმის თავის გასაოცრად მდიდარ ისტორიას. შვედი მეგობრები ამტკიცებენ, რომ სტოკჰოლმი, ფაქტობრივად, ყველაზე აქტუალურ ადგილად იქცევა ხოლმე. ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით სტოკჰოლმის ცხოვრება ქუჩებიდან შენობებში გადაინაცვლებს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ შვედური ინტერიერი და პროდუქციის დიზაინი მთელ მსოფლიოში ასეთი ცნობილია – ეს კულტურით გაჯერებული ხალხი ხომ ამდენ დროს შენობებში ატარებს!

დიზაინის სფეროში საკუთარი ნიჭისა და მიღწევების აღნიშვნას შვედები საკმაოდ აქტიურად და წარმატებით ახერხებენ. როდესაც ეროვნული მუზეუმის დიზაინის განყოფილება მოვინახულე, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი იქ წარმოდგენილი ლამაზი საგნებითა და მათი დახვეწილი პრეზენტაციით, რომ ხანძრის ჩამქრობი მოწყობილობაც კი ერთ-ერთი ექსპონატი მეგონა.

სადილი ისეთ კარგ რესტორანში, როგორიც არის, მაგალითად, Villa Källhagen-ი, შვედური მაგიდის გარშემო, დღესასწაულად იქცევა ხოლმე. შნაპსის სახელით ცნობილ ადგილობრივ არაყს აქ ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მას მაგიდაზე კალათით დგამენ და ყოველ განსხვავებულ არომატს თავისი საკუთარი სიმღერა ახლავს. მაშინაც კი, თუ თქვენ სიმღერის ტექსტი არ იცით, სადღეგრძელოების წყალობით ყველაფერს მალე აუღებთ ალღოს.

ასე რომ, გააკეთეთ არჩევანი 80-ზე მეტ ხელოვნების საგანძურისა და დაბრუნებული საომარი გემების მუზეუმებს შორის და დატკბით ქალაქის არქიტექტურითა და დიზაინით. ეცადეთ, რომ ქალაქის დათვალიერებაში ჭეშმარიტი შვედი მოგეხმაროთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ამ ქალაქის საოცრად მდიდარი და საინტერესო კულტურის ბოლომდე შეცნობას.

25 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოინახულოთ სტოკჰოლმი

გთავაზობთ იმ საუკეთესო ადგილების სიას, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ სტოკჰოლმში სტუმრობისას.

მათ შორისაა საუკეთესო სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები და ბარები, და ასევე გაიგეთ, თუ როგორ უნდა მოხვდეთ იქ – რომ აღარაფერი ვთქვათ იმის ცოდნაზე, თუ რა უნდა ჩაიცვათ ამ ქალაქში სტუმრობისას.

î Västerbron

სკანდინავიელებმა ლამაზად დაბერების საიდუმლო იციან და ეს, ადამიანების გარდა, ქვეყნის არქიტექტურასაც ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ Västerbron-ი უკვე 80 წლისაა, Södermalm-ისა და Kungsholmen-ის კუნძულების დამაკავშირებელი ხიდი კვლავინდებურად კარგად გამოიყურება – უბრალო, ელეგანტური, პრაქტიკული და ორნამენტებისაგან თავისუფალი. ეს ხიდი შვედური დიზაინის ტიპური ნიმუში გახლავთ, რომელიც აუცილებლად ფეხით უნდა გადაკვეთოთ, რადგან აქედან ქალაქის ცენტრის საუკეთესო პანორამული ხედი იშლება. თუკი გაგიმართლათ და ახალი წლის შესახვედრად სტოკჰოლმში ჩამოხვედით, მაშინ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც თორმეტი საათის დადგომას უნდა დაელოდოთ და ფეიერვერკებით აალებული ქალაქი იხილოთ.

î საცურაო ადგილები

ქალაქის ცენტრში

თბილი ზაფხულისა და გარემოს დაცვის მკაცრი კანონების დამსახურებით, სტოკჰოლმში თქვენ ქალაქის ცენტრშივე შეგიძლიათ საცურაოდ წასვლა. საუკეთესო ადგილები ცურვისთვის არის Kungsholmen-ის განაპირას მდებარე Norr Mälarstrand-ის სანაპირო, Långholmen-ის კუნძულის ქვიშიანი ნაპირი, რომელიც ოჯახებით დამსვენებელთა საყვარელი ადგილია და სტოკჰოლმის მერიის, Stadshuset-ის, პირდაპირ მდებარე სანაპირო, რომელიც უფრო გაბედული დამსვენებლებისთვის არის განკუთვნილი.

î Acne

Acne-ს წარმატება მხოლოდ შვედური დიზაინის დახვეწილობაში როდი მდგომარეობს. ეს არის მარკეტინგული გამჭრიახობის ნამდვილი გაკვეთილი. Acne-ს ისტორია დაიწყო იმით, რომ ერთ-ერთმა სარეკლამო კომპანიამ დაამზადა ჯინსები ღონისძიებაზე უფასოდ დასარიგებლად. ჯინსები ისეთი პოპულარული გახდა, რომ კომპანიამ მათი ხელახლა დამზადება გადაწყვიტა. ამჟამად Acne არის მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშე, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს თავისი ე.წ. აუტლეტის მაღაზიები. ამჟამად Acne-ს საქმიანობის სფერო ძალზე ფართოა და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა ვებგვერდების დიზაინი, ტელევიზია და მხატვრული ფილმების წარმოება. Acne-ს საფლაგმანო მაღაზია სწორედ იმ ბანკის ყოფილ შენობაშია განლაგებული, რომლის ძარცვის შედეგადაც გაჩნდა საყოველთაოდ ცნობილი „სტოკჰოლმის სინდრომი”. აქ დღესაც შეგიძლიათ იხილოთ ძველი ბანკის საცავები.

î ბრანჩი Berns-ის სასტუმროში

ცნობილია, რომ როდესაც საქმე კულინარიას ეხება, შვედები ნამდვილი კაჭკაჭები არიან. მათ კარგად ეხერხებათ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი კერძებისა და ტრენდების სამშობლოში ჩამოტანა. უცნაურია, მაგრამ „ბრანჩის” ცნებამ შვედების სამზარეულოს აშკარად გვერდზე ჩაუარა. შაბათ-კვირას ძალიან გაგიჭირდებათ დედაქალაქში ისეთი ადგილის პოვნა, სადაც შუადღის სადილამდე წახემსებას შეძლებთ. საბედნიეროდ, აზიური ბრანჩის მირთმევა სასტუმრო Berns-ში არის შესაძლებელი. სასადილო ოთახი ძალზე ლამაზია, ხოლო სუში, სალათები, წვნიანები და დესერტი აქ უხვად არის. ეს ადგილი საუკეთესოა იმისთვის, რომ, თქვენი დღის საქმიანობები დაგეგმოთ. საღამოობით აქ კლუბური საღამოები და კონცერტები იმართება.

î გემით გასეირნება Drottningholm-ში

ძველ ქალაქში მდებარე სამეფო სასახლე ძალიან დიდი, მაგრამ ამავდროულად უსიცოცხლოა. ეს ადგილი კვლავინდებურად მონარქის ოფიციალური რეზიდენციაა, მაგრამ მეფე კარლ XVI გუსტავი და დედოფალი სილვია ნაკლებად იმპოზანტურ, მე-18 საუკუნის Drottningholm-ის სასახლეში ცხოვრებას არჩევენ. ეს სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში არის შეტანილი. Drottningholm-ის სასახლეში გასამგზავრებლად საუკეთესო გზა გახლავთ ქალაქის მერიასთან მდებარე ნავსადგურიდან 50-წუთიანი გასეირნება გემით, სადაც სადილსაც მოგართმევენ. გზად სასახლისაკენ, გემი გაივლის უშფოთველ ტბისპირა სოფლებს, ხოლო სასახლეში თქვენ საშუალება გექნებათ, მოინახულოთ საზოგადოებისათვის გახსნილი ოთახები და ეზო. თუკი სასახლეში ზაფხულში გაემგზავრებით, შეგიძლიათ სასახლის კარგად შემონახულ თეატრში ოპერასაც მოუსმინოთ. თეატრი 1766 წელს აშენდა და მას დღემდე თავისი პირვანდელი სცენა და გაფორმებები აქვს შემონახული.

î რესტორანი Frantzén-Lindeberg

ქალაქში მხოლოდ ორი რესტორანია, რომელთაც ასევე ორი მიშლენის ვარსკვლავი აქვთ. ერთი მათგანი Grand Hôtel-ში მდებარე რესტორანი Mathias Dahlgren Matsalen-ია, ხოლო მეორე ძველ ქალაქში მდებარე მოკრძალებული ზომის 19-მაგიდიანი რესტორანი, რომელსაც Björn Frantzén-ი და Daniel Lindeberg-ი უძღვებიან. შვედეთის რესტორანთა გზამკვლევმა White Guide-მა ეს რესტორანი ქვეყნის საუკეთესო რესტორნად დაასახელა. რესტორანი F-L განთქმულია თავისი მეტად ინოვაციური, კრეატიული კერძებით (ერთხელ მენიუში შეიტანეს ყველის ასორტი, რომელსაც თეფშზე iPod-თან ერთად მიართმევდნენ, ხოლო მასში ჩაწერილი იყო მსახიობ Stellan Skarsgård-ის მონათხრობი). კერძების მომზადებისათვის საჭირო ინგრედიენტების უმეტესობა რესტორნის კუთვნილ ბაღებში მოჰყავთ, რომლებიც ქალაქის სამხრეთით მდებარეობს.

î სასტუმრო Skeppsholmen

მიუხედავად იმისა, რომ Skeppsholmen- ის კუნძული ქალაქის შუაგულში მდებარეობს, ღამით აქ თითქმის სრული სიმშვიდეა, რის გამოც აქაური სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მყუდრო ადგილად ითვლება. თანაც Skeppsholmen-ი სულაც არ არის მოწყვეტილი ქალაქს: სასტუმროდან ქალაქის ცენტრამდე სულ რამდენიმე წუთის სავალია ფეხით. აქვეა ბორანი, რომელიც ძველ ქალაქში გადაგიყვანთ. ეროვნული მუზეუმი და თანამედროვე მუზეუმიც Skeppsholmen-თან ძალიან ახლოს მდებარეობს. სასტუმროს შენობა 1702 წელს აშენდა. ძველი ქვის კიბე და ხის იატაკი კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს ამ არაჩვეულებრივ სასტუმროს. მიუხედავად თავისი სიძველისა, Skeppsholmen-ი სულაც არ ჰგავს მონასტერს. აქ სუპერკომფორტული საწოლები და სიცოცხლით სავსე რესტორანია.

î მუზეუმი Skansen

მსოფლიოში პირველი ღია ცისქვეშ განთავსებული მუზეუმის შენობის მონახულებამ შესაძლოა სკოლის ექსკურსიასთან ასოციაცია გამოიწვიოს, მაგრამ ამაზე ნუ იღელვებთ. ეს არის გასაოცარი ადგილი, სადაც ნახავთ მგლებს, ირმებსა და ცხენირემებს. ბავშვებისათვის აქ არის ატრაქციონები, ხოლო მათი მშობლებისთვის – კაფეები და რესტორნები. მე-19 საუკუნის კაფე Petissan-ში განსაკუთრებულად გემრიელ ნამცხვრებს შემოგთავაზებენ. არ გაიკვირვოთ, თუკი დაინახავთ, როგორ ტოვებენ ბავშვები თავიანთ მატყუარა საწოვარებს ცხოველებთან. ეს ადგილობრივი ტრადიციაა: მშობლები თავიანთ შვილებს სთავაზობენ, რომ „მატყუარები” პატარა კნუტებს დაუტოვონ და ამგვარად გადააჩვიონ ბავშვები ამ მავნე ჩვევას (მატყუარას წოვას).

î Svenskt Tenn

ამა წლის დასაწყისში ძალზე მოულოდნელი რამ შეემთხვა შვედეთის ყველაზე ექსკლუზიურ ინტერიერის მაღაზიას. Svenskt Tenn-ი დროებით ძველი კინოთეატრის შენობაში გადაიტანეს, ვიდრე მის საფლაგმანო მაღაზიას ანახლებდნენ. ამ მოულოდნელმა ცვლილებამ მაღაზიას სრულიად ახალი სიცოცხლე შთაბერა. კინოთეტრისათვის განკუთვნილმა ამ მრავალდონიანმა სივრცემ კიდევ უფრო ამაღელვებელი და საინტერესო გახადა Svenskt Tenn-ის დახვეწილი ავეჯი და ჯოსეფ ფრანკის ზღაპრულად თამამი ქსოვილები. უცებ მთელი სტოკჰოლმი კვლავ ალაპარაკდა Svenskt Tenn-ის შესახებ. იმ ტურისტებისათვის, ვისაც სახლში კლასიკური შვედური დიზაინის ნიმუშის წაღება სურს, ეს მაღაზია აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაშია.

î Rosendals Trädgård

ზაფხულის თბილ დღეებში როზენდალი ენიდ ბლაიტონის ზღაპრებში აღწერილ ადგილს მოგაგონებთ. აქ თქვენ თავად შეგიძლიათ მოკრიფოთ ხილი, ყვავილები, მიირთვათ ლანჩი სათბურთან ან ვაშლის ბაღში პიკნიკის სუფრა გაშალოთ. ეს ადგილი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს: გაუშვით ბავშვები, ირბინონ და დაიღალონ. ამასობაში კი თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ორგანული პროდუქტებისგან დამზადებული სალათები და სენდვიჩები, ასევე ტრადიციული შვედური ნამცხვრები და ორცხობილები. წასვლის წინ კი შეგიძლიათ სახლში წასაღებად შეიძინოთ მშვენიერ ქილებში მოთავსებული მურაბა ან მდოგვი.

î Efva Attling

სკანდინავიას ფანტასტიკური ვერცხლის ნაკეთობების ძალიან დიდი ტრადიცია აქვს (დანიელი გეორგ იენსენი და ანტონ მიჩელსენი ვერცხლის ნაკეთობების საუკეთესო დიზაინერებად ითვლებიან). Efva Attling-მა თავისი პირველი საიუველირო მაღაზია 1999 წელს გახსნა და მას შემდეგ საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს უძღვება. მისი ბევრი ნაკეთობა შედარებით მარტივია, სამაგიეროდ, მათზე ლათინური გამონათქვამებია ამოტვიფრული: ყელსაბამი „ჰომო საპიენსი” (Homo Sapiens) და ბეჭედი „კარპე დიემი” (Carpe Diem). სამკაულების გარდა, Efva Attling-ი ახლა მინის ნაკეთობებსა და სათვალეებს აწარმოებს. მის ერთგულ მომხმარებელთა შორის ცნობილი ადამიანები არიან: მაგალითად, მომღერალი მადონა და ყოფილი შვედი ფეხბურთელი ფრედრიკ იუნგბერგი. ასეთი კლიენტურა კი მის ბიზნესზე ნამდვილად დადებითად აისახება. სტოკჰოლმში Efva Attling-ის რამდენიმე მაღაზიაა განლაგებული, მათ შორის ექსკლუზიურად მამაკაცებისათვის განკუთვნილი სამკაულების მაღაზია.

î სასტუმრო Nobis

2010 წლის დეკემბერში მისი გახსნის დღიდან Nobis-ი დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივთა შორის, რომელთაც უყვართ რეტრო-ელეგანტურ Gold Bar-ში სიარული. ატრიუმის ლაუნჯში უზარმაზარი ბროლის ჭაღია, რომელსა სახელიც აქვს – Octopussy, ხოლო სასტუმროში მდებარე რესტორანი Caina ქალაქში საუკეთესო იტალიურ კერძებს შემოგთავაზებთ. იმავდროულად, ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ შვედეთის ყველაზე „მაგარი” დიზაინის ფირმის Claesson Koivisto Rune-ს მიერ გაწყობილ სასტუმროს ნომრებში გაჩერება. ეცადეთ აიღოთ ოთახი, რომელიც მოედანს გადმოჰყურებს.

î ბარ-რესტორანი AG

პირველი, რაც თვალში გხვდებათ AG-ის კიბეებზე ასვლისას, არის შუშის დახლი, რომელზეც სტეიკებია ჩალაგებული. ბარ-რესტორანი AG სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და იგი ყველა „მტაცებლის” ოცნებაა თავისი ხორცით მდიდარი მენიუთი და დიდი ზომის ულუფებით, რომლებსაც სტუმრები ერთად შეექცევიან: აქ ორისათვის განკუთვნილი „პორტერჰაუსი” და ოთხი ადამიანისათვის განკუთვნილი „ოსო ბუკო” გელით. AG-ის შექმნის იდეა ეკუთვნის ათწლეულების მანძილზე ქალაქის ყველაზე ცნობილ რესტორანთა ქსელის – Rolfs Kök-ის მფლობელთა ჯგუფს. რესტორანი Kungsholmen-ის ქუჩაზე მდებარეობს. მისი პოვნა, ცოტა არ იყოს, რთული საქმეა, მაგრამ უქაური კერძები, მომსახურება და ატმოსფერო ამად ნამდვილად ღირს.

î Mälarpaviljongen

გაისეირნეთ მერიის დასავლეთით და თქვენ აღმოაჩენთ არაერთ მიმზიდველ სასმელი, სენდვიჩი ან ნაყინი, თანაც ამ გემრიელობებს წყლის პირას მოგართმევენ. ამ მშვენიერ ადგილას განლაგებულთაგან საუკეთესო Mälarpaviljongen-ია. ეს არის ღია ცისქვეშ მდებარე კაფე-ბარი, რომელიც მხოლოდ ზაფხულის თვეებში მუშაობს. როდესაც მზე ანათებს, აქაურობა სიცოცხლით ივსება. კაფე-ბარი ადრე იხსნება და სტუმრებს სხვადასხვა კერძითა და სასმელით უმასპინძლდება. დღის განმავლობაში აქ უამრავი დედა მოდის ბავშვებთან ერთად. ღამით კი კაფეში ძირითადად მარტოხელები იყრიან თავს. კაფე-ბარის სტუმრობისათვის საუკეთესო დრო სამუშაო დღის ბოლოა, როდესაც ადგილობრივები სახლში წასვლამდე მეგობრებთან ერთად მხიარულად ატარებენ დროს.

î კოქტეილები

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში ალკოჰოლურ სასმელებზე საკმაოდ დიდი გადასახადებია დაწესებული, მის დედაქალაქში მაინც კოქტეილების ბუმია. ამ ბუმის სათავეში რამდენიმე ექსპერტი ბარმენია, რომლებიც აგრძელებენ მძაფრი კონკურენციის ტრადიციას თავის მთავარ მეტოქეებთან – კოპენჰაგენის ბარმენებთან (ამ ორ ქალაქს შორის მუდმივად ეწყობა კოქტეილების შეჯიბრი). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სტოკჰოლმში რამდენიმე ბარია, სადაც მსოფლიო დონის კოქტეილს მოგიმზადებენ. სულ რამდენიმე წლის წინ აქ თქვენ მარტინის ყიდვაც კი გაგიჭირდებოდათ, ახლა კი შეგიძლიათ მიირთვათ ბურბონით დამზადებული კოქტეილი სახელწოდებით Boulevardier ან ნიახურისარომატიანი Gin Hound-ი. საუკეთესო კოქტეილის დაგემოვნება შეიძლება ისეთ ადგილებში, როგორიც არის Kåken-ი, Little Quarter-ი და Story Hotel-ის ბარი.

î Sibyllegatan-ის ქუჩა

სტოკჰოლმის ქუჩებს შორის ოსტერმალმის რაიონში მდებარე Sibyllegatan-ის ქუჩაზე სტუმრობა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაეტყობა თქვენს საკრედიტო ბარათს. ქუჩის 7 ნომერში მდებარე მაღაზია Palmgrens-ში მდიდრული ტყავის ნაწარმია, 19 ნომერში Märta Måås-Fjetterström-ის მაღაზიაში გასაოცარი ხელით ნაქსოვი ხალიჩები იყიდება, ხოლო 31 ნომერში მაღაზია Asplund-ი მდებარეობს, სადაც თანამედროვე ინტერიერის დიზაინია წარმოდგენილი. ამ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საუკეთესო მაღაზია გახლავთ Modernity, რომლის მფლობელიც არის წარმოშობით შოტლანდიელი ენდრიუ დუნკანსონი. მას უკვე აქვს საერთაშორისო რეპუტაცია, როგორც სკანდინავიური დიზაინის ცნობილი ოსტატების მიერ შექმნილი ზღაპრული ნივთების „მომძიებელს”.

î არქიპელაგი

თუკი სტოკჰოლმში გამგზავრებას მზიან სეზონზე გადაწყვეტთ, აუცილებლად გამოყავით ერთი დღე არქიპელაგის შესასწავლად. იქ მოხვედრა ადვილია ბორნით, რომელიც თავისი გრაფიკით გადაადგილდება. ერთადერთ სირთულეს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ კუნძულს უნდა ეწვიოთ. თუკი ისეთ ადგილას გამგზავრება გსურთ, სადაც სადილის მისართმევად რამდენიმე არჩევანი გექნებათ, მაშინ ეწვიეთ Sandhamn-ის კუნძულს. უფრო პატარა და მშვიდი ადგილის მაძიებელთათვის კი, ვისაც პატარა ხის კოტეჯში ლანჩი დააკმაყოფილებს, Finnhamn-ის კუნძული ნამდვილი ნეტარებაა. თუკი თქვენ აქ ერთი ან ორი ღამის გატარება გსურთ, მაშინ ამ კუნძულზე ყველაფერია ამისათვის: კემპინგისათვის განკუთვნილი ადგილი, რამდენიმე მოტელი, საერთო საცხოვრებელი ახალგაზრდებისათვის და პატარა სასტუმროები.

î Östermalms Saluhall

ეს არის ქალაქში საუკეთესო საკვები პროდუქტის ბაზარი. მე-19 საუკუნის წითელი აგურის დიდებულ შენობაში თევზის, ხორცის, ხილის, ბოსტნეულისა და ყველის მდიდარი ასორტიმენტი გელით. უბრალოდ, გაიარეთ დახლებს შორის, რომ შეიგრძნოთ იქაური აურზაური. უკეთესი იქნება, თუკი აქ ლანჩის დროს მოხვალთ (საღამოობით ბაზარი იკეტება). ლანჩის დროს რესტორნები ზღვის პროდუქტებითა და ტრადიციული შვედური კერძებით დაწყებული და დანიური „ღია სენდვიჩებით” (Tysta Mari) დამთავრებული, უამრავ გემრიელ კერძს სთავაზობენ ბაზარში მოსულ სტუმრებს. ლანჩთან დაკავშირებული პიკის საათი, როგორც წესი, თორმეტ საათზე არის ხოლმე. შეეცადეთ, უფრო ადრე ან მოგვიანებით მიხვიდეთ და უფრო წყნარ გარემოში მიირთვათ ლანჩი.

î სასაფლაო Skogskyrkogården

მსოფლიოში სულ რამდენიმე სასაფლაოა, რომელთაც ხშირად მოინახულებენ და მათი უმეტესობა განთქმულია თავისი მიწის ზემოთ მდიდრული არქიტექტურით ან მიწის ქვეშ დაკრძალული ცნობილი ადამიანებით. ლონდონის „ჰაიგეიტისა” და პარიზის „პერ-ლაშეზის” სასაფლაოებისაგან განსხვავებით, სტოკჰოლმის Woodland-ის სასაფლაოზე სულაც არ არის თვალისმომჭრელი სამარხები და არც თეატრალური ქვის ანგელოზები; ეს გამორჩეულად ლამაზი და უაღრესად მშვიდი სასაფლაო ლანდშაფტის დიზაინის ერთგვარ ტრიუმფს განასახიერებს, რომლის ავტორიც შვედეთის ყველაზე ცნობილი არქიტექტორი – გუნარ ასპლუნდია (ახლა იგი სწორედ ამ სასაფლაოზე განისვენებს). ის ფაქტი, რომ აქ თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, გრეტა გარბოს საფლავს პატივი მიაგოთ, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ადგილს.

î Operabaren

დიახ, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ არაჩვეულებრივი „ხორცის ბურთულები” IKEA-ში, მაგრამ იმისათვის, რომ ამ კერძის სრულყოფილი ვარიანტი დააგემოვნოთ თავისი კარტოფილის მუსითა და კიტრის მწნილით, ოპერის სახლს ეწვიეთ. Operabaren-ი იმ მცირერიცხოვან ადგილთა შორისაა, სადაც სტუმრებს კერძებით შენობაში უმასპინძლდებიან. ასეთ ადგილებს მიეკუთვნება ასევე ძალიან ძვირად ღირებული ფრანგული სამზარეულოთი განთქმული Opera Källaren-ი და ლანჩისათვის საუკეთესო ადგილი Bakfickan-ი. იუგენდსტილში გაფორმებული დარბაზი თავისი ვიტრაჟული ჭერითა და ხისპანელებიანი დარბაზით, არტ-ნუვოს სკანდინავიური ვარიანტი და ცოტა არ იყოს ფორმალური მომსახურე პერსონალი – ზუსტად ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ ტრადიციური შვედური კერძების შესაფერ გარემოში დასაგემოვნებლად.

î Millesgården

შვედეთის ყველაზე სახელგანთქმული მოქანდაკის – კარლ მილესის (1875-1955) სახლი და სახელოსნო – იქ მოხვედრა საკმაოდ ადვილია მეტროსა და მომხიბლავი პატარა მატარებლის მეშვეობით, რომელიც კუნძულ Lidingö-ს ემსახურება. აქ დაგხვდებათ თვალწარმტაცი სახლი და სახელოსნო, ულამაზესი ბაღი თავისი შადრევნებითა და ისეთი ქანდაკებებით, როგორიცაა კარლ მილესის „ღმერთის ხელი” და „ანგელოზი” – შესანიშნავი ხედი წყალზე, აქ თქვენ თავი ხმელთაშუა ზღვაზე უფრო გეგონებათ, ვიდრე სკანდინავიაში. სტოკჰოლმის შემოგარენში კარლ მილესის რამდენიმე უზარმაზარი ქანდაკება დგას. არქიპელაგში მიმავალი ბორნებიდან შეგიძლიათ დაინახოთ მისი ვეებერთელა, ძალიან შთამბეჭდავი ნამუშევრები:„ღმერთი”, „ჩვენი მამა” და „ცისარტყელაზე”, რომელიც ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ წყლის რკალს ისვრის.

î Djurgården

ნიუ-იორკს ცენტრალური პარკი აქვს, სტოკჰოლმს კი – Djurgården-ი. მიუხედავად იმისა, რომ პარკი ქალაქის შუაგულშია განლაგებული, ადგილობრივები ამ კუნძულზე ქალაქიდან თავის დასაღწევად და ქალაქგარეთ დასასვენებლად მიდიან. პარკში განთავსებულია ქალაქის ყველაზე დიდი ტურისტული სანახაობები: Skansen-ი, Gröna Lund-ის ატრაქციონი და Vasa. ეს არის საბრძოლო ხომალდი, რომელიც 1628 წელს პირველივე მოგზაურობის დროს ჩაიძირა, 1960 წელს კი გემი წყლიდან ამოიღეს. ეს ყველაფერი კუნძულის ერთ ბოლოში არის თავმოყრილი. დანარჩენ ადგილებში ყველგან მდელოები, ბილიკები და ტყეებია, რაც ამ ქალაქის ცენტრში განლაგებულ წყლით გარშემორტყმულ კუნძულს იდეალურს ხდის უიკენდზე გასეირნებისათვის.

î კლუბი F12 Terrassen

Fredsgatan 12-ი ქალაქის საუკეთესო რესტორანია, მაგრამ ზაფხულის თბილ საღამოს მოქმედების ეპიცენტრი მეზობლად მდებარე შენობის კიბეებზე გადაინაცვლებს ხოლმე, სადაც კლუბი F12 Terrassen-ია განლაგებული. აქ ევროპის საუკეთესო DJ-ები იყრიან თავს. ზაფხულობით კლუბი ყოველ ღამეს მასპინძლობს ე.წ. „ქვის კიბეებზე” გამართულ წვეულებებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაფრთხილებთ: კლუბში თავს იყრის უამრავი ძალზე მიმზიდველი სტოკჰოლმის მკვიდრი, ასე რომ შესაძლოა ძალიან გაგიჭირდეთ კიბეზე ფეხის დადგმა. აუცილებლად გამოიპრანჭეთ და ნუ მიხვალთ კლუბში მანამ, ვიდრე საათის ისარი თორმეტს გადასცდება: სტოკჰოლმი, როგორც ეს Abba-მ ზუსტად აღნიშნა, ზაფხულის ღამის ქალაქია.

î მუზეუმი Hallwylska

ჰალვილის სახლი 1890 წელს უოლტერ და ვილჰელმინა ჰალვილებისათვის აშენდა. გარეგნულად მისი დიზაინი იტალიურ სასახლეს მოგაგონებთ, მაგრამ შიგნით იგი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახლი იყო პირველი ელექტროგანათებითა და სხვა ახლად აღმოჩენილი გამოგონებებით. 1920 წელს უოლტერ და უილჰელმინა ჰალვილებმა სახლი, თავისი ხელოვნების ნიმუშების კოლექციასთან ერთად, ქალაქს გადასცეს ერთადერთი პირობით: აქ არაფერი არ უნდა შეეცვალათ. ასე რომ, Hallwylska-მ შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე. ეს მე-19 საუკუნეში აშენებული შესანიშნავად შემონახული შენობა სტოკჰოლმის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სავაჭრო ქუჩაზე მდებარეობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *