ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კვირას ფინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის შეშფოთება და ეჭვები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. აღნიშნული განცხადება შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით არსებულ პოზიციას ეხმიანება.
„შეშფოთება ლეგიტიმურია. საკითხი ეხება ტერორიზმსა და იარაღის ექსპორტს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, გასულ თვეს შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. აღმოჩნდა, რომ თურქეთი აღნიშნულის წინააღმდეგია. მისი განმარტებით, სახელმწიფოები მხარს უჭერენ ტერორისტულ დაჯგუფებებს სირიასა და ერაყში. უფრო მეტ დეტალს თურქეთის არგუმენტაციის შესახებ შეგიძლიათ Forbes Georgia-ს მიერ მომზადებულ სტატიაში გაეცნოთ.
ფინეთში ვიზიტისას, ნატოს გენმდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთის მნიშვნელოვან როლს ნატოსთვის, შავ ზღვასთან მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო. სტოლტენბერგმა ყურადღება ასევე გაამახვილა თურქეთის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ უკანასკნელისთვის გაწეულ დახმარებაზეც.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ ნატოს არცერთ წევრ სახელმწიფოს არ გადაუტანია უფრო მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. საინტერესოა, რომ ნატოს გენერალური მდივანი თურქეთის ინგლისურ დასახლებას სწორედ ისე მოიხსენიებდა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ითხოვა – თურქული გამოთქმით (Turkiye).
დატოვე კომენტარი