ბიზნესისათვის კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მოძებნა დიდ გამოწვევას წარმოადგენს. საქმე კი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნასა და გამოცდილებაში, არამედ იმ თვისებებსა და უნარ-ჩვევებშია, რომლითაც ნამდვილი ლიდერი უნდა იყოს დაჯილდოებული. თუმცა ასეთი ლიდერების მოძებნა მხოლოდ ბიზნესებისათვის არ წარმოადგენს სირთულეს. თავად სტუდენტებისთვისაც გამოწვევაა ისეთი სამუშაო გარემოს მოძებნა, რომელიც მათ პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე თანაბრად იზრუნებს.
სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი და დროული კომუნიკაცია ბიზნესსა და სტუდენტებს შორის, რათა ღირებულებების დამთხვევა მათ შორის კარიერული განვითარების ადრეულ ეტაპზევე მოხდეს. სწორედ ამ მიზნით, “B2S ყოველწლიური პროგრამა” იწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში ოპერირებადი კომპანიებისთვის ახალი ხედვის შეთავაზებასა და მათ გაჯანსაღებას პროფესიონალი, კომპეტენტური სტუდენტების მეშვეობით.
პროექტს USAID-თან თანამშრომლობით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია უძღვება. საკითხზე უფრო მეტი დეტალის გასარკვევად და ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ Forbes Georgia ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორს, ნინო ნაცვლიშვილს ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს:
როგორი პრაქტიკა არსებობს საქართველოში ბიზნესისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობასთან დაკავშირებით?
ახალგაზრდებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდებს შორის საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდაჭერა და მათი ჩართულობა ამ პროცესში – მდგრადი და ინკლუზიური განვითარების პროცესის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ადგილობრივ კომპანიებსა და ადგილობრივ სასწავლებლებს შორის პარტნიორობა ორივე მხარისათვის სასარგებლოა. ასეთ თანამშრომლობას რამდენიმე უპირატესობა აქვს. სასწავლებლებსა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს სწავლის გამოცდილების შექმნას, რაც აუმჯობესებს სტუდენტების შესაძლებლობას, დააკავშირონ აკადემიური საგანი, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული აქტივობები. ითვლება, რომ მსგავსი თანამშრომლობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან გამოცდილებას და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც დაეხმარება სტუდენტებს რეალურ სიტუაციებთან გამკლავებაში. ასეთი თანამშრომლობის უპირატესობა ორმხრივია: ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის უნარების განვითარების შესაძლებლობის შექმნა და, მეორე მხრივ, კომპანიების პროდუქტიულობის გაზრდა. საქართველოში ამგვარი ტიპის თანამშრომლობის ფორმატების ინიცირება ძირითადად უნივერსიტეტების მიერ ხდება, რომლებიც დაინტერესებულები არიან თავიანთი სტუდენტების დასაქმებით, ან დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, როდესაც იმართება სხვადასხვა სახის დასაქმების ფორუმები, გამოფენები, შეჯიბრებები და სხვ.
მოგვიყევით B2S პროექტის შესახებ, რა მიზნები და რა მოლოდინები არსებობს?
B2S-პროგრამას აქვს ორი ძირითადი მიზანი: პირველი, უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ხოლო მეორე – დაეხმაროს კომპანიებს მათი პროდუქტიულობის გაზრდაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტის რეკრუტირება მოხდება კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან და შეიქმნება ჯგუფები კონკრეტული ბიზნესგამოწვევების (პრობლემების) გადაწყვეტის შესამუშავებლად, რომლებიც მოწოდებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სექტორებსა და ღირებულების ჯაჭვებში მოქმედი ბიზნესკომპანიების მიერ. სტუდენტებს ექნებათ სამი კვირა, რათა შეიმუშაონ დასახელებული პრობლემური ქეისის გადაწყვეტა და შესთავაზონ ის პარტნიორ ბიზნესებს. ყველა გუნდი იმუშავებს მათთვის გადაცემულ ინდივიდუალურ ქეისებზე მენტორებთან ერთად. პროექტის ბოლოს, ჟიური შეარჩევს ერთ გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც თავისი იდეის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა ექნება. პარტნიორი ბიზნესკომპანია და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს იდეის განხორციელების მხარდაჭერას, წინასწარ შეთანხმებული და განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.
ზემოხსენებული აქტივობა დაეხმარება სტუდენტებს, გამოიყენონ ის უნარ-ჩვევები, რასაც სწავლობენ უნივერსიტეტებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაზარდონ პროფესიული კავშირები. პროგრამის სამიზნე სექტორებია: ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინტელექტუალური სერვისები, ნარჩენების მენეჯმენტი და კრეატიული ინდუსტრიები. მიზნობრივ სექტორებში მომუშავე პარტნიორ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ პროდუქტიულობა, გაყიდვები ან/და განავითარონ ახალი პროდუქტები და სერვისები.
პროექტი, როგორც მოგეხსენებათ, გათვლილია ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, თუმცა მათ თავიანთ გუნდებში შეეძლებათ სხვა საფეხურის ან/და დისციპლინის სტუდენტების ჩართვაც. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტების დაინტერესება მსგავსი პროექტებით საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალია, ჩვენც მოუთმენლად ველით მის დაწყებას.
რა მნიშვნელობა აქვს ამ კოოპერაციას როგორც საკუთრივ ბიზნესსექტორისათვის, ისე თავად პროფესიონალი კადრებისათვის?
საქართველოში ახალგაზრდები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ღირსეული და პროდუქტიული სამუშაოს ძიების პროცესში. ეკონომიკური ზრდის ტემპი რჩება დაბალი და ახალგაზრდების დიდი და მზარდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები, ვერ პოულობენ სამუშაოს ან არ მონაწილეობენ შრომის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მაგიური რეცეპტი, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას, რომლის სამიზნეს ახალგაზრდები წარმოადგენენ, შეუძლია, გააუმჯობესოს შრომის ბაზრის მდგომარეობა. უნარების ტრენინგები, დასაქმების სერვისები, მეწარმეობის ხელშეწყობა და სუბსიდირებული დასაქმების პროგრამები – ყველა ეს მნიშვნელოვან დამხმარე რგოლებს წარმოადგენენ და დადებითად მოქმედებენ შრომის ბაზრის გაჯანსაღების შედეგებზე. ჩვენი პროექტის აქტივობებით მასში ჩართულ ახალგაზრდებს არ ვპირდებით ახალ სამუშაო ადგილებს, თუმცა ვქმნით შესაძლებლობას, რომ კერძო სექტორმა თუ სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა დაინახონ მათი უნარები და კომპეტენციები. იქმნება გარემო, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ, დატესტონ საკუთარი ცოდნა რეალურ გარემოში ან აღმოაჩინონ ახალი უნარები და ინტერესები.
რა გამოწვევების წინაშე დგას ურთიერთთანამშრომლობის ეს ასპექტი და რაში ხედავთ თქვენი პროექტის როლს ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში?
ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება კერძო სექტორს, რაც მომავალი მდგრადი განვითარების ყველაზე საიმედო გარანტია. ეს არის ის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას. ჯერ ერთი, კერძო საწარმოები ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კერძო საწარმოები არიან ინოვაციებისა და დასაქმების პირველი წყარო და წამყვან როლს ასრულებენ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში. მეორე, კერძო საწარმოები მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. გამოწვევები თითქმის ყოველ ეტაპზეა, მაქსიმალურად უნდა მოარგო ბიზნესის ინტერესები სტუდენტებისას ისე, რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყოს როგორც პარტნიორობით, ასევე თანაბარი სარგებლით. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ კომუნიკაცია სექტორულ ბიზნესპლატფორმებთან, ასოციაციებთან და კლასტერებთან. მათი ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გავზარდოთ ბიზნესის დაინტერესება. ბიზნესის მთავარი ბენეფიტი არამარტო ახალი კადრების მოძიებაა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ახლებური ხედვით მიმდინარე გამოწვევებს უპასუხონ, მეტად მოერგონ სამიზნე ბაზრებს და გაზარდონ პროდუქტიულობა.
ბოლოს კი, პროექტის საწყის ეტაპზე როგორ გესახებათ, რა საჭიროებები არსებობს B2S-პრაქტიკის უფრო აქტიურად ასამუშავებლად?
B2S-პრაქტიკის უფრო აქტიურად ასამუშავებლად საჭიროა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მივაწოდოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. ახლახან დავასრულეთ მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რამდენიმე მსხვილ ბიზნესპლატფორმასთან. მომავალში ვგეგმავთ, რომ ეს რაოდენობა გავზარდოთ და რაც შეიძლება ფართო მასშტაბი მოვიცვათ. როგორც იცით, პროექტი ხორციელდება USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, თუ აღნიშნული ინიციატივა წელს წარმატებით დასრულდება, მოსალოდნელია, რომ ამ კონკურსს ყოველწლიური ხასიათი მიეცეს.
დატოვე კომენტარი