ფრენჩაიზერთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მომავალი ოცი წლის განმავლობაში ჩინეთში Subway-ის 4,000 ახალი ობიექტი გაიხსნება. აშშ-ში დაფუძნებული კერძო ქსელისთვის საერთაშორისო გაფართოება ზრდის ძირითადი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც განახლებულ რესტორნებს, მენიუებსა და მარკეტინგულ კამპანიას ეყრდნობა.
თუმცა, საერთაშორისო არენაზე გაფართოების პარალელურად, Subway ამერიკის შეერთებულ შტატებში ათასობით ობიექტს ხურავს. დახურვის ძირითად მიზეზთა შორის გადამეტებული გაფართოება და ფასდაკლებები სახელდება, რაც ფრენჩაიზების მოგებაზე უარყოფითად აისახება. მიუხედავად ამისა, კომპანიის გლობალური შედარებითი გაყიდვები პირველ კვარტალში 12.1%-ით გაიზარდა.
Subway-ისა და ჩინურ ფრენჩაიზ Shanghai Fu-Rui-Shi Corporate Development-ს (FRS) შორის გაფორმებული შეთანხმება, ახალი ობიექტების გახსნის მიმართულებით, ამერიკული სარესტორნო ქსელის ისტორიაში უმსხვილესია. FRS-ი კერძო ინვესტორების კონსორციუმის მიერ ფინანსდება, რომელთა შორისაც Asia Investment Capital-იცაა. გარიგების პირობებით, FRS-ი ჩინეთში Subway-ის ყველა ობიექტის მართვისა და განვითარების ექსკლუზიურ უფლებებს მიიღებს.
დამატებით 4,000 ობიექრი ჩინეთში Subway-ის რესტორნების არსებულ რაოდენობას შვიდჯერ გაზრდის. „ჩინეთი საკვანძო ბაზარია, გრძელვადიანი ზრდის მნიშვნელოვანი პერსპექტივით და ჩვენ მოუთმენლად ველით, Subway-ის გამოცდილება რეგიონში უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ“, – განაცხადა Subway-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჩიდსიმ.
ცნობისთვის, Subway ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც ჩინეთში თავისი ბიზნესის გაძლიერებას გეგმავს. ამერიკულმა Starbucks-მა 2025 წლისთვის, ქვეყანაში დამატებით 3,000 მაღაზიის გახსნა უკვე დააანონსა.