Subway-ის მემკვიდრე ელიზაბეტ დელუკას გზა ექთნობიდან - მილიარდერობამდე

Subway-ის მემკვიდრე ელიზაბეტ დელუკას გზა ექთნობიდან - მილიარდერობამდე

ელიზაბეტ დელუკამ, გარემოსდაცვითი მიზნებისა და განათლებისთვის, თავისი ქონებიდან $250 მილიონი უკვე გამოყო, დამატებით $600 მილიონი კი საქველმოქმედო ფონდებს გადასცა. Subway-ში მისი წილის მოსალოდნელი გაყიდვიდან მიღებული თანხით კი (გარიგება განხილვის ეტაპზეა), როგორც ჩანს, დელუკა ქველმოქმედებისთვის უფრო მეტის გაღებას გეგმავს.

ახალი საექთნო სკოლის ასაშენებლად, $40 მილიონის სახით, თავის ისტორიაში უდიდესი შემოწირულება „კონექტიკუტის უნივერსიტეტმა“ სწორედ მისი კურსდამთავრებულისგან მიიღო. „თუ არ იცით, ვინ არის ელიზაბეტ დელუკა, გირჩევთ, Subway-სთან შეჩერდეთ და რაიმე მიირთვათ“, – განაცხადა კონექტიკუტის გუბერნატორმა საკანონმდებლო სხდომაზე, სადაც სკოლისთვის დამატებით $30 მილიონი დამტკიცდა.

Uconn-ის დონორი 76 წლის ელიზაბეტ დელუკაა, რესტორნების ქსელ Subway-ის თანადამფუძნებლის, 2015 წელს გარდაცვლილი ფრედ დელუკას ქვრივი. Subway-ის შეფასებით, ყოფილმა მედდამ და მისმა შვილმა ჯონათანმა დელუკას ქონება, მათ შორის ნაღდი ფულისა და ბიზნესში წილის სახით, მემკვიდრეობით მიიღეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, Uconn-ისთვის გაღებული შემოწირულების გასაჯაროებამდე სულ რაღაც ექვსი კვირით ადრე, ელიზაბეტ დელუკამ და Subway-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ბაკმა, სენდვიჩების ქსელის კერძო საინვესტიციო ფირმა Roark Capital-ისთვის მიყიდვა გადაწყვიტეს. უცნობია, თუ როდის დაიხურება გარიგება, თუმცა $9.7-მილიარდიანი შეთანხმებიდან დელუკას ოჯახი სავარაუდოდ $3.4 მილიარდს მიიღებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალის, ელიზაბეტ დელუკას ქონება ამჟამად $8.2 მილიარდადაა შეფასებული. ამის მიუხედავად, ის ნაკლებადაა ცნობილი და ინტერნეტშიც მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო მოიძებნება. თუმცა Forbes-ის ანგარიში ცხადყოფს, რომ „კონექტიკუტის უნივერსიტეტისთვის“ გაღებული დონაცია პირველი არაა და მხოლოდ 2015-2021 წლებში, ნაღდი ფულისა და აქციების სახით, ორ ოჯახურ ფონდში დელუკამ $710 მილიონამდე ჩადო, საიდანაც უმეტესი ნაწილი მისი მეუღლის მიერ 1997 წელს დაარსებულ ფონდში გადაირიცხა. დამატებით $250 მილიონი კი თავისივე ქონებიდან გაიღო.

2021 წლის მდგომარეობით, ფონდმა, ძირითადად კალიფორნიისა და კონექტიკუტის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ განათლებასა და ახალგაზრდულ ჯგუფებს, ჯამში $100 მილიონი გამოყო. უმსხვილესი დონაცია კი თავისი ფონდის ფარგლებს გარეთ განახორციელა, როდესაც 2020 წელს „ფლორიდის უნივერსიტეტს“ 27,000 ჰექტარი მიწა გადასცა. ნაკვეთი 2005 წელს მისმა მეუღლემ, ადგილობრივ დეველოპერ ენტონი პულისთან ერთად, $140 მილიონად შეიძინა და ეკომეგობრული ქალაქის გაშენებას გეგმავდა. თუმცა გარემოსდამცველებს მიაჩნდათ, რომ ეს წამოწყება ნაკვეთზე არსებულ ბუნებრივ ჰაბიტატს გაანადგურებდა, რის გამოც პროექტი არ განხორციელდა. ამჟამად DeLuca Preserve-ში „კოლუმბიის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულები სხვადასხვა ტიპის კვლევებს აწარმოებენ. მათ შორის, ქვეყანაში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ციტრუსის ახალი ჯიშების მოშენებაზეც აქტიურად მუშაობენ.

დელუკა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის პროვინციიდან, აღმოსავლეთ პრუსიიდან გაიქცა და ოჯახთან ერთად თავი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა. ელიზაბეტი და მისი ორი და-ძმა პირველები იყვნენ ოჯახიდან, რომელთაც განათლება კოლეჯში მიიღეს, რაც მათი დედის დიდი დამსახურება იყო. შემდგომში, დედის პატივსაცემად საკუთარ ალმა მატერში სტიპენდია, Uconn-იც დააწესეს. მომავალი მეუღლე კონექტიკუტის საშუალო სკოლაში გაინო, მაშინ როდესაც ფრედ დელუკა, ოჯახის მეგობარ პიტერ ბაკთან ერთად, სენდვიჩების ბიზნესს იწყებდა. სანამ ფრედი მომავალი Subway-სთვის ლოკაციებს არჩევდა, ელიზაბეტმა Uconn-ში ექთნის ხარისხი მიიღო და ბრიჯპორტის ჰოსპიტალში მოეწყო. ფრედი და ელიზაბეტი 1969 წელს დაქორწინდნენ, ქორწინებიდან 10 წელიწადში ფრედს შტატის მასშტაბით უკვე 16 რესტორანი ჰქონდა, ელიზატები კი ინტენსიური თერაპიის სერვისების მთავარ ექთნად დაწინაურდა.

ელიზაბეტ დელუკამ სამედიცინო საქმიანობას თავი ათწლეულებს წინ დაანება და მას შემდეგ Subway-ში დაიწყო მუშაობა, თუმცა ბიზნესზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია. თავად ფრედ დელუკა Forbes-მა მილიარდერთა სიაში პირველად 2004 წელს შეიყვანა. მილიარდერის სიცოცხლეშივე, წყვილის მიერ წლიურად ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა საშუალოდ $1 მილიონს უტოლდებოდა.

ელიზაბეტ დელუკას ქველმოქმედების სტილი კი სხვა ქალი ფილანთროპების ქცევას წააგავს – ჩუმად, არავითარი პომპეზურობით, გასცენ მათი ქონება სხვების დასახმარებლად. მათ შორის არიან ლინ შუსტერმანი, რომელმაც $2.5 მილიარდამდე გამოყო რეპროდუქციული უფლებებისა და ებრაული თემებისთვის და ლორენ პაუელ ჯობსი, რომელმაც გარემოსდაცვითი მიზნებისთვის $3.5 მილიარდის გაღების პირობა დადო. მათგან ყველაზე გამორჩეული კი ალბათ მაქკენზი სკოტია, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, რომელმაც 2019 წელს, განქორწინებისას Amazon-ის 5%-იანი წილის მიღების შემდეგ, ქველმოქმედებისთვის, სულ მცირე, $14.4 მილიარდი დახარჯა.