წელს რეკორდული რაოდენობის 204 ამერიკელ მილიარდერს არ ეყო სიმდიდრე, Forbes 400-ში რომ ამოეყო თავი.
მათ რიცხვში, ვინც ჩვენს $2.1 მილიარდის ტოლფას მინიმალურ ზღვარს ვერ გადააბიჯა, ნახავთ სპორტის ლეგენდას (მაიკლ ჯორდანი, $1.7 მილიარდი), Forbes 400-ის მუდმივ წევრებს – კერძო სააქციო კაპიტალის გიგანტებს (Oaktree Capital-ის ბრიუს კარში და ჰოვარდ მარკსი, $2-$2 მილიარდი) და ახალბედა მილიარდერებს (Paycom Software-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩედ რიჩისონი, $1.3 მილიარდი). რეიტინგის სრულად გასაცნობად, ეწვიეთ ვებგვერდს: forbes.com/forbes-400-didnt-make-cut.
ანასტასია სოარი, $1 მილიარდი. კოსმეტიკა.
სოარმა, რომელიც 1989 წელს რუმინეთიდან იმიგრირდა, თავისი ლოს-ანჯელესში დაფუძნებული წარბების სალონი (კლიენტთა შორის არიან კიმ კარდაშიანი და სინდი კროუფორდი) მაკიაჟის საერთაშორისო ფენომენად აქცია. მისი Anastasia Beverly Hills-ის ბრენდი 1,500-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება, გასულ წელს კი გაყიდვებმა $200 მილიონი შეადგინა. სოარის საიდუმლო ინგრედიენტი სოციალური მედიაა. 18-მილიონმიმდევრიანი Instagram-ისა და იმ პოპულარული ხალხის წყალობით, მის პროდუქტებს რომ რეკლამას უწევენ, 60 წლის სოარი დაბალხარჯიან მარკეტინგულ მანქანას ქმნის.
ჯიმი ჯონ ლიოტო, $1.7 მილიარდი. JIMMY JOHN’S.
54 წლის ლიოტომ თავისი სეხნია სასენდვიჩე 1983-ში, 19 წლისამ დააარსა. მართალია, დაახლოებით ათი წლის წინ მცირე წილი კერძო სააქციო კაპიტალის ინვესტორ Weston Presidio-ს მიჰყიდა, ხოლო 2017-ში უკვე საკონტროლო წილი Roark Capital-მა შეიძინა, ლიოტო კვლავაც კომპანიის 35%-ის მფლობელია და მის თავმჯდომარედაც რჩება. ლიოტომ, რომელიც ღარიბი სტუდენტი იყო და სკოლაც ძლივს დაამთავრა, ბიზნესი მამისგან, სამხედრო ვეტერანისგან, ნასესხები $25,000-ით წამოიწყო. Jimmy John’s-ს დღეს თითქმის 3,000 პუნქტი აქვს.
კრის უანსტრათი, $1.4 მილიარდი. GITHUB.
ივნისში Microsoft-მა განაცხადა, რომ $7.5 მილიარდად, აქციების სახით, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერულ პლატფორმა GitHub-ს ყიდულობდა – პლატფორმას, რომელიც 2007 წელს ორ კოლეგასთან ერთად, უანსტრათს დაეფუძნებინა. ხელშეკრულების შესაბამისად, მან აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა და Microsoft-ში “ტექნიკურ თანამშრომლად” დაიწყო მუშაობა. 33 წლის უანსტრათი (მარცხნივ), რომელმაც ცინცინატის უნივერსიტეტში სწავლა 2005 წელს მიატოვა, GitHub-ის უმსხვილესი ინდივიდუალური მეწილე იყო.
ჯიმ კავანო, $2 მილიარდი. IT სერვისები.
ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, კავანო, 1984 წელს აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო. ექვსი წლის შემდეგ სენტ-ლუისში ის World Wide Technology-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა. ერთხელ, ერთ-ერთი პირველი შეკვეთისთვის დროულად რომ გაერთვა თავი, მან სატვირთო მანქანა იქირავა და 500 პერსონალური კომპიუტერი ექვსი საათის გზაზე, ომაჰამდე ატარა. დღეს, 56 წლის ასაკში, ის $10.4-მილიარდიანი (გაყიდვებით) კომპანიის აღმასრულებელია, სადაც 38%-იან წილს ფლობს. ამასთან, ის ჰოკეის გუნდის, St. Louis Blues-ის ნაწილობრივი მფლობელიც არის.
ტიმ სვინი, $1.8 მილიარდი. FORTNITE.
ვიდეოთამაშების წლევანდელი ბლოკბასტერი-სენსაცია Fortnite Battle Royale-ი ლამის ზეციურ მანანად იქცა მისი ჩრდილოკაროლინელი დეველოპერის, Epic Games-ისა და დამფუძნებლის, 47 წლის სვინისათვის. დებიუტის, ანუ შარშანდლის, შემდეგ, Fortnite-მა, სულ მცირე, 125 მილიონი მოთამაშე და თითქმის $1 მილიარდის გაყიდვები (თამაში უფასოა, მაგრამ, მის ფარგლებში, მოთამაშეებს სხვადასხვა დამატებითი რამის ყიდვა შეუძლიათ) მოიზიდა. სვინი 16%-ს ფლობს კომპანიაში, რომელიც 1991 წელს, მერილენდის უნივერსიტეტში მექანიკური ინჟინერიის სწავლისას დააფუძნა.
დატოვე კომენტარი