Universal Pictures-ის ინფორმაციით, ანიმაციური ფილმის “The Super Mario Bros. Movie” ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა გლობალურად 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
კონკრეტულად კი, Nintendo-ს ვიდეოთამაშის ადაპტაციის მიერ მიღებული საშინაო შემოსავალი, მოცემული დროისთვის, $490 მილიონს, საერთაშორისო შემოსავალი კი $532 მილიონს სცილდება.
შეგახსენებთ, სუპერ-მარიოზე გადაღებული ანიმაციური ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 აპრილს შედგა. აღსანიშნავია, რომ დებიუტის დღეს “The Super Mario Bros. Movie”-ის შემოსავალმა 31.7 მილიონი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ ანიმაციური ფილმის ბიუჯეტი $100 მილიონია, რაც მის მიერ შემოსავლების კუთხით ნაჩვენებ შედეგს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.
“The Super Mario Bros. Movie” აარონ ჰორვატისა და მაიკლ ჯელენიკის რეჟისორობით არის გადაღებული, მისი სცენარის ავტორი კი მეთიუ ფოგელია. ანიმაციაში როლებს კრის პრეტი, ანია ტეილორ-ჯოი, ჩარლი დეი და სხვები ირგებენ.