სუფთა ენერგიის ველური თავგადასავალი

სუფთა ენერგიის ველური თავგადასავალი

ორი ათწლეულის წინ, რობერტ უაილდერმა დატოვა კომფორტული სამსახური, სადაც ასწავლიდა გარემოსდაცვით მეცნიერებებს ეგზოტიკურ საწვავზე ფსონის დასადებად. მან შეიძლება გაგამდიდროთ – თუ თქვენ რისკთან გამკლავება შეგიძლიათ.

რობერტ უაილდერი, 62 წლის: ავტორი, ლექტორი, ორგანული მებაღე, გარემოს დაცვაზე დაციკლული და ცოტათი ჰიპიც? არა, ის ეკოლოგი ფინანსისტია, რომელიც ეკოლოგიურობის ბიზნესად გადაქცევას უმიზნებს.

უაილდერი საფონდო ინდექსის მფლობელია, რომელიც Invesco WilderHill Clean Energy-ის პორტფელს განაგებს. საბირჟო ვაჭრობის ფონდი ფლობს $930 მილიონის ღირებულების აქციებს 82 კომპანიაში, რომლებიც ფსონს ნახშირბადისგან გათავისუფლებაზე დებენ. ისინი ქმნიან დამტენ სადგურებს, ქარის წისქვილის პირებს და განახლებადი ენერგიის ქსელების ნაწილებს. ამ ბიზნესების „სპეკულაციურად“ მოხსენიება, მათი არაჯეროვნად დაფასება იქნება, მათი უმეტესობა არამოგებიანია. შეძლებს თუ არა ოდესმე Energy Vault-ი ენერგიის ეკონომიკურ შენახვას გიგანტური ბლოკების აწევით? ზოგი ამას სკეპტიკურად უყურებს.

ინვესტორებს გაუჭირდებათ საინვესტიციო კომპანიებს შორის უფრო ველური თავგადასავლის მოძებნა. 2020 წელს ფონდი 206%-ით გაიზარდა. შემდეგ კი თავისი მომხმარებლების ფულის ნახევარი ააორთქლა. ამ ეტაპზე პორტფელის კომპანიები, მოგებიან ფასად თუ არა, ფასდაკლებით მაინც იყიდება. ისინი, სავარაუდოდ, აყვავდებიან, თუ $394 მილიარდი, რომელიც კონგრესმა ცოტა ხნის წინ ნახშირბადის შემცირებისთვის დაამტკიცა, მათთანაც მიაღწევს.

1990-იან წლებში დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელი უაილდერი ლექციებს კითხულობდა გარემოსდაცვითი მეცნიერების შესახებ მასაჩუსეტსისა და კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამაში არ იყო საკმარისი მგზნებარება. ის ამბობს: „პროფესორობა იყო მეორე საუკეთესო რამ. საუკეთესო კი მეწარმეობაა“.

უაილდერმა მიატოვა სამეცნიერო კარიერა, დაცალა საპენსიო ანგარიში და ბოსტონსა და ნიუ-იორკში, მწვანე ენერგიის ფონდის წინადადებით, ფონდების ოპერატორებს ეწვია. „მათ დამცინეს“, – იხსენებს ის. ერთი პერიოდი მას თავი უმუშევრობის შემწეობის მიღებით გაჰქონდა.

საბოლოოდ მისი იდეის განხორციელებას ამჟამად Invesco-ს შემადგენლობაში მყოფი, ბირჟაზე მბრუნავი ფონდის გამყიდველი დათანხმდა. უაილდერი აირჩევდა კომპანიებს მწვანე ენერგიის ინდექსისთვის; ფონდის კომპანია გამოიყენებდა ამ ინდექსს ფონდის შესაქმნელად და მოემსახურებოდა ბუღალტრულ აღრიცხვასა და უოლ-სტრიტის კავშირებს. („Hill“ გულისხმობს ადრეულ მონაწილეს, რომელმაც მოგვიანებით უკან დაიხია; უაილდერი სრულად ფლობს WilderShares LLC-ს.)

2005 წელს გახსნილმა WilderHill Clean Energy-მ ძლიერი სტარტი აიღო, მაგრამ კატასტროფა განიცადა 2007-09 წლებში საფონდო ბირჟის კრახისას. 2020 წელს კლიმატთან დაკავშირებულმა ინვესტიციებმა მას დიდება დაუბრუნა.

უაილდერის ნახშირბადისგან გათავისუფლების ფონდი, მისი თქმით, პირველი იყო თავის ჟანრში. მაგრამ ახლა მას ბევრი კონკურენტი ჰყავს, მათ შორის First Trust-ის ETF-ი, რომელიც ორჯერ დიდია და მისი მოგება WilderHill Clean Energy-სას ბევრად აღემატება. უაილდერის ფონდს გამოარჩევს მისი ჩვევა ყოველ კვარტალში ხელახლა დააბალანსოს პორტფელი, რათა არჩეულ კომპანიებს თითქმის თანაბარი წონა მისცეს. Enovix-ი, $5 მილიონის (შემოსავლიანი) ახალბედა, რომელიც ბატარეის ანოდებზე მუშაობს, იღებს იმავე ასიგნაციას, როგორსაც Albemarle-ი – ლითიუმის მწარმოებელი, რომლის შემოსავალი $5.6 მილიარდია.

აქციების შერჩევის თანასწორობის მიდგომას თავისი ღირსებები აქვს. ის პატარა სტარტაპებს ცვლილებების შანსს აძლევს, მაგრამ არის უარყოფითი მხარეც: დიდი ხნის გამარჯვებული მუდმივად მცირდება ზომაში.

Tesla იყო ის თევზი, რომელიც ხელიდან გაექცა. უაილდერი ამბობს, რომ ის, ბავშვობაში Disneyland-ში მოგზაურობიდან მოყოლებული, ელექტრომობილების ფანი იყო. ასე აიხსნება კაშკაშა ნარინჯისფერი Roadster-ი – ენსანიტაში, კალიფორნიაში მდებარე მის სახლში – ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მოდელი ილონ მასკის ამწყობი ხაზიდან. გასაგები ხდება, თუ რატომ შევიდა მისი ETF-ი Tesla Motors-ში 2010 წლის სექტემბერში. Tesla-ს აქციები მას შემდეგ გაიზარდა 14,200%-ით, მაგრამ თანაბარი წონის წესმა აიძულა ფონდი, გაეყიდა თავისი აქციების ნაწილი ყოველი კარგი კვარტალის შემდეგ. ფონდის საშუალო წლიური შემოსავალი გასული ათწლეულის განმავლობაში, 12.4%, უკეთესი იქნებოდა, მას მთელი ეს გზა Tesla-სთან ერთად რომ გაევლო.

Invesco WilderHill-ი ფორმატით პასიურად მართული პორტფელია, რადგან ის მექანიკურად აკონტროლებს სუფთა ენერგიის ინდექსს, რომელსაც WilderShares-ი ზედამხედველობს. „პასივი აღემატება აქტიურ 80%-ს“, – აცხადებს უაილდერი, რაც Vanguard-ის დამფუძნებელ ჯონ ბოგლის სიტყვებს წააგავს.

მაგრამ ამ ინდექსში ბევრი სუბიექტური გადაწყვეტილებაა ჩაქსოვილი. კომპანია შეიძლება გამოტოვონ, თუ ის უკვე კარგადაა წარმოდგენილი ბიზნესის ხაზში, თუ მას ბრალს სდებენ მონების შრომის გამოყენებაში (რაც რეალური რისკია ჩინეთში) ან თუ ის ძალიან ახლოსაა წიაღისეული საწვავის ინდუსტრიასთან. ასეთი შეფასებები, კვარტალურ ხელახალ დაბალანსებასთან ერთად, იძლევა Clean Energy-ის პორტფელის 60%-იან წლიურ ბრუნვას, რაც ინდექსური ფონდისთვის უზარმაზარ რიცხვს წარმოადგენს. ეს რობ უაილდერზე დიდ გავლენას არ ახდენს. შესაძლებელი რომ ყოფილიყო სპეკულაციური ენერგიის აქციების სრულიად სტატიკური ინდექსის შექმნა, Invesco ამას WilderShares-ის გარეშეც გაძლებდა.

თავდაპირველ ფონდსა და ახალ შეთავაზებაზე 0.62% და 0.75% ხარჯების კოეფიციენტებით, Global Clean Energy-ის წელიწადში $7.5 მილიონი შემოაქვს. უაილდერი და Invesco არ ამხელენ, თუ აქედან რამდენი მიდის WilderShares-მდე. ლიცენზირების საფასური, ნებისმიერ შემთხვევაში, საკმარისია საკონტრაქტო მკვლევართა მცირე არმიის დასაფარად, რომლებიც მუშაობენ უაილდერის კომპანიასთან (ის ერთადერთი თანამშრომელია), ამასთან, უზრუნველყოფენ მისი გარემოსდაცვითი ვნებების დაკმაყოფილებას. მან თავისი მზის პანელები დიდი ხნით ადრე იყიდა, ვიდრე ეს ეკონომიკურ საზრისს შეიძენდა. მან იყიდა ავოკადოს წარუმატებელი ბაღი, ააშენა პატარა სახლი ჩალის ღეროებისგან და ახლა ცდილობს ნახშირბადის გაბათილებას ავოკადოს ბაობაბებითა და ქვის ფიჭვებით ჩანაცვლებით.

ორ რამეს შეუძლია ბიზნესების უაილდერისკენ გაშვება. ერთია მოსაზრება, რომ კაპიტალის გადატანა ნახშირბადიდან ალტერნატივებზე უბრალოდ ლოგიკურად კარგი ბიზნესია. ამ მიდგომით, ნავთობი არის ბლოკბასტერი, მწვანე ენერგია კი Netflix-ია.

მეორე იმპულსი იქნება გამოსყიდვის საჭიროება. უაილდერი აღიარებს თავის დანაშაულს იტალიაში მოგზაურობის გამო, რომლის დროსაც მან თვითმფრინავის საწვავი დაწვა. ის თავს იმით ინუგეშებს, რომ დადგება დღე, როცა თვითმფრინავები ასეთი ზიანის მომტანნი აღარ იქნებიან. მისი შესყიდვები მოიცავს Joby Aviation-სა და Vertical Aerospace-ს, რომლებიც ბატარეებზე მომუშავე თვითმფრინავებს ქმნიან.

თუ შორეულ ენერგეტიკულ პერსპექტივებში მონაწილეობა გაინტერესებთ, ფონდი ის ადგილია, სადაც ამას მიიღებთ. Invesco აქირავებს აქციებს ე. წ. შორტ-სელერებზე, და აგროვებს სესხის საკომისიოს, რომელიც დაფარავს ხარჯების კოეფიციენტებს. Invesco Clean Energy-ის ჰოლდინგის წმინდა წლიური ღირებულება -1,1%-ია. მაგრამ უნდა გინდოდეს კი იქ შესვლა? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გძულთ წიაღისეული საწვავი და აზარტული თამაშები გიყვართ.

 

ფოტოგრაფი: რობერტ გალაჰერი Forbes-ისთვის

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *