დაბა სურამში 20 მლნ ლარის ინვესტიციით ახალი დასასვენებელ-საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. საუბარია ყოფილი დიმიტროვის ბაღის ტერიტორიაზე განსათავსებელკომპლექსზე, რომლის განხორციელებასაც შპს „ოუქლენდი“ გეგმავს.
აღნიშნულმა კომპანიამ ექვსი ჰექტარის ფართობის მიწა სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტივიო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიძინა. როგორც „ოუქლენდის“ დირექტორმა დავით უმეკაშვილმა განაცხადა, კომპანია მშენებლობის პროცესს მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყებს.
„ეს ამ რეგიონისთვის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტია. სახელმწიფომ სურამის განვითარების გენგეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიაზე რამდენიმე საინტერესო, საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტი გაჩნდა, რომელიც ჩვენმა კომპანიამაც გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღო“, – აღნიშნა უმეკაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელების ადგილას ტყის საფარი დაზიანებული და შელახული იყო, კომპანიამ კი პროფესიონალების დახმარებით შეიმუშავა გეგმა, რომელიც აღნიშნული ტყის გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის არის საჭირო.
პროექტის მიხედვით, კომპლექსი ძირითადად ადგილობრივ დამსვენებლებზე იქნება გათვლილი და ის 40-50-მდე ადამიანს დაასაქმებს.
დატოვე კომენტარი