გლობალური ტელესაკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი გიგანტი, გერმანული T-Mobile-ი იმ თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც ამა წლის 2 აპრილამდე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ორ დოზას არ მიიღებენ. – ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის შიდა მიმოწერაში გავრცელდა, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა. როგორც მიმოწერით ირკვევა, ის პირები, ვისაც ამა წლის 21 თებერვლის ჩათვლით ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ექნება მიღებული, უხელფასო შვებულებაში გავლენ.
„T-Mobile-ის ოფისებში შესვლა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულები არიან“, – განაცხადა T-Mobile-ის წარმომადგენელმა გამოცემა The Verge-თან საუბრისას. საქმე ისაა, რომ T-Mobile-ის ოფისები ტექნოლოგიურად ისეთნაირად არის აღჭურვილი, რომ შიგნით შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ თანამშრომლებს შეუძლიათ, ისიც სპეციალური სამკერდე ნიშნის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ თანამშრომლებს შეეხებათ, რომლებიც ოფისში მუშაობენ როგორც მუდმივად, ასევე ხანდახან. სამომხმარებლო სერვისის განყოფილების თანამშრომლებისთვის, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი დოკუმენტი არის საჭირო – 21 თებერვლამდე ისინი ერთი დოზით მაინც უნდა აიცრნენ. ამასთანავე, სავალდებულო ვაქცინაციის განკარგულება არ ვრცელდება კომპანიის ტექნიკურ და მაღაზიებში დასაქმებულ თანამშრომლებზე.
„გვესმის, რომ ზოგიერთი თანამშრომლისთვის ეს უაღრესად პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ T-Mobile-ის კომუნის დასაცავად ეს საუკეთესო ნაბიჯია“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ T-Mobile-ი სულაც არ არის პირველი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ამგვარი განკარგულება გამოსცა: Intel-ის თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ, ვაქცინაციის დამამტკიცებელი საბუთი 4 იანვრამდე წარმოედგინათ, ხოლო Google-ში ამგვარი მოთხოვნა 13 იანვრამდე არსებობდა. Meta და Apple-ი კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ, რადგან ვაქცინაციის დამამტკიცებელი საბუთის გარდა, ისინი ბუსტერული დოზით აცრასაც ითხოვენ.
დატოვე კომენტარი