ტაილანდში, მდინარე ლამ-დომ-ნოიზე არსებულ სირინდჰორნის კაშხალზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგური განათავსეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 145 ათას მცირე ზომის პანელს აერთიანებს, რომელთა მეშვეობითაც 45 მეგავატი ელექტროენერგიის გენერირებაა შესაძლებელი.
პროექტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნით შეიმუშავა. ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (COP26) ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, პრაიუტ ჩან-ოჩამ პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის სახელმწიფოში აღნიშნული პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება. ეს საკმაოდ ამბიციური განცხადებაა, ვინაიდან ამ დროისთვის ქვეყანაში ენერგიის წყაროს 2/3-ს ბუნებრივი აირი წარმოადგენს. რაც შეეხება ენერგიის არატრადიციულ, განახლებად წყაროებს, მათზე მხოლოდ 10% მოდის.
ელექტროსადგურს ფოტოელემენტებით აღჭურვილი შვიდი დიდი პანელი აქვს. ისინი ისე არიან განლაგებულნი, რომ მზის შუქმა წყალქვეშა გარემოზე ზემოქმედება არ მოახდინოს. ელექტროსადგურს ფეხბურთის 700-მდე მოედნის ტოლი ტერიტორია უჭირავს. იმის მიუხედავად, რომ ობიექტი რეზერვუარის ზედაპირის მხოლოდ 1%-ს იკავებს, ის ყოველწლიურად 460 ათასი კუბური მეტრი მოცულობის წყლის დაზოგვას შეუწყობს ხელს, რომელიც აორთქლების შედეგად იკარგება.
მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა საერთო ჯამში 34 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. უახლოეს მომავალში ტაილანდში 15 ასეთი პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შემდეგ სახელმწიფო მზის ელექტროსადგურების დახმარებით 2,725 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.
დატოვე კომენტარი