ადამიანების გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დამაკავშირებელი პირველი ქართული სოციალური ქსელის, Tasteit-ის აპლიკაცია გაეშვა. Tasteit App-ი უკვე ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის. გაშვებიდან პირველ ხუთ დღეში, აპლიკაციაში მომხმარებელთა რეკორდულად დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, Tasteit-ის დამფუძნებელი გიორგი ურუშაძე Forbes-ის 2021 წლის 30 Under 30-ის კატეგორიის „მედია და მარკეტინგის“ გამარჯვებულია. ამასთან ერთად კი, სოციალური ქსელის იდეის წყალობით, 100,000-ლარიანი დაფინანსება პავლე მგელაძისა და ქეთი ქვარცხავასგან Shark Tank Georgia-ში მიიღო.
Tasteit-ის აპლიკაცია, საქართველოს მარკეტზე, App Store-ის საკვებისა და სასმლის კატეგორიის ტოპ სამ აპლიკაციას შორის მოხვდა და Wolt-ისა და Macdonalds-ის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ Tasteit-ი არ არის კლასიკური გაცნობის აპლიკაცია, რადგან ადამიანებს მხოლოდ კულინარიული გემოვნების მიხედვით, ყოველგვარი რომანტიკული ჩარჩოს გარეშე აკავშირებს.
გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, აქ, პიროვნებების ნაცვლად, შეგიძლიათ მოიწონოთ კერძები/სასმელები და მათი გამომწერები და ინფლუენსერების კი გახდეთ. გარდა ამისა, Tasteit-ის მომხმარებელი რესტორნებისგან ფასდაკლებებითა და სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლებს. აპლიკაციას უახლოეს მომავალში ახალი ფუნქციებიც დაემატება, რაც მომხმარებელთა კულინარიულ თავგადასავალს უფრო მეტად საინტერესოს გახდის.
„ბუნებრივია, აპლიკაციის იდეის პირველივე დღიდანვე გვჯეროდა, თუმცა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩაშვებიდან 5 დღეში მომხმარებლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ყოველ ნახევარ საათში, მინიმუმ 20 ადამიანი რეგისტრირდება აპლიკაციაში. გვემატებიან ახალი რესტორნები, გვწერენ მარკეტერები, რომ tasteit-ის დამატება სურთ მათ საკომუნიკაციო არხებში. ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანი, მაგრამ არ გვეგონა, თუ მას ასე მალე მივაღწევდით. 24/7-ზე ვმუშაობთ, ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, ვითვალისწინებთ კრიტიკას, რჩევებს, შენიშვნებს, რადგან ზუსტად ვიცით, ამის გარეშე გლობალურ აპს ვერ შევქმნით.
ქართულ ბაზარზე ჩავეშვით, კონკრეტულად თბილისში. ძალიან მალე დიდ ქალაქებს – ბათუმს, ქუთაისს და ტურისტულ ზონებს დავფარავთ. ამ ეტაპის შემდეგ კი, უკვე ძალიან მალე, გერმანიაში, ბერლინში ვაპირებთ აპლიკაციის გაშვებას, განახლებული ფუნქციებითა და დამატებითი სერვისებით. წინ დიდი გეგმები გვაქვს, არ გავჩერდებით, სანამ Tasteit გლობალური აპი არ გახდება!“ – აცხადებს Tasteit-ის დამფუძნებელი გიორგი ურუშაძე Forbes Georgia–სთან.
გადმოწერე აპლიკაცია iOS-ზე
გადმოწერე აპლიკაცია Android-ზე
დატოვე კომენტარი