ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. მან კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტატომ ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიგო.
გრიგალაშვილმა ფინალურ დაპირისპირებაში ბელგიელი ძიუდოისტი, მატიას კასე დაამარცხა. ტატომ შეხვედრა ვაზარით მოიგო.
რაც შეეხება ქართველი ძიუდოისტის მიერ ფინალამდე განვლილ გზას – ტატო გრიგალაშვილმა მერვედფინალში ტაჯიკ შოდმოდ რიზოევს ვაზარის წყალობითა და შიდოებით სძლია, მეოთხედფინალში კი ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა. ფინალში გასასვლელად ტატომ სამხრეთკორეელ ჯონჰვან ლის მოუგო – გრიგალაშვილმა ნახევარფინალში 35 წამში, ორი ვაზარით გაიმარჯვა.