ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) პარიზის გრანდ-სლემზე წლის საუკეთესო ძიუდოისტები დაასახელა. ზედიზედ მეორე წელია, რაც კაცთა შორის ეს ტიტული ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ IJF-მა ძიუდოისტ ქალთა შორის წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება, ასევე ზედიზედ მეორედ, იაპონელ უტა აბეს მიანიჭა. ამომავალი ვარსკვლავის ტიტული კი წელს მის თანამემამულე დოტა არაის ხვდა წილად.
ტატო გრიგალაშვილს ტიტულს ოთხი ძიუდოისტი ეცილებოდა, მათ შორის ქართველი ლუკა მაისურაძე. წლის საუკეთესო ძიუდოისტი მამაკაცის წოდებისთვის წარდგენილნი იყვნენ ასევე იაპონელი ჰიფუმი აბე, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი და შვეიცარიელი ნილს შტუმპი.
საუკეთესოების გამოსავლენად ხმის მიცემა 31 იანვარს დასრულდა, თუმცა გამარჯვებულები მხოლოდ პარიზის გრანდ-სლემის დახურვის ცერემონიალის დროს გამოაცხადეს.
რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილის მიერ 2023 წელს მიღწეულ შედეგებს – ქართველმა ძიუდოისტმა დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე გასული წლის პარიზის გრანდ-სლემი მოიგო, მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.