საქართველოსთან 14-წლიანი თანამშრომლობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, მეთე ერქალი გვესაუბრა.
2005 წელს თბილისმა, როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრების მთავარმა მასპინძელმა, პირველი წუთების შთაბეჭდილებებზე ზრუნვა დაიწყო. საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვა ჩაიბარა. ამ კონტრაქტიდან არასრული ორი წლის თავზე, საქართველოში ჩამოსულმა მგზავრმა თვითმფრინავის ტრაპიდან ტაქსის გაჩერებამდე საბჭოეთის დროინდელი შენობა აღარ გაიარა და უკვე იმ ტერმინალით ისარგებლა, რომელიც წლების განმავლობაში თანდათან ფართოვდება.
TAV Georgia, რომელმაც თავისი საქმიანობა თბილისში 500 000 მგზავრის მომსახურებით დაიწყო, დღეს წლიურად 4 მილიონ მგზავრს ემსახურება. 2006 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 ავიაკომპანია 30 მიმართულებით ახორციელებდა ფრენებს, დღეს კი 60-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ფრენებზე დაახლოებით 50 ავიაკომპანია მუშაობს. ეს დატვირთვა ეტაპობრივად იზრდებოდა და უკვე 2016-2017 წლებში აეროპორტის ინფრასტრუქტურის განახლების დრო დადგა – ტერმინალი 25 000–დან 37 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი რეაბილიტირდა და თვითმფრინავებისთვის ახალი სადგომები მოეწყო.
ეს თბილისში ხდება, თუმცა “ტავის” საქმიანობა დედაქალაქით არ შემოიფარგლება. 2007 წელს ამბიციური გეგმები ინვესტორმა ბათუმის მიმართულებით დაისახა და ქვეყნის მთავარმა ტურისტულმა ზღვისპირა ქალაქმა მგზავრების მიღება ახალ აეროპორტში დაიწყო. დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 30-ზე მეტი მიმართულებით ფრენებს 30 ავიაკომპანია ასრულებს.
ასე შეკრა TAV-მა კამარა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის საჰაერო სივრცეზე. ამ ორი აეროპორტის იმ სახით ჩამოყალიბება, როგორიც ჩვენ თბილისსა და ბათუმში გვხვდება, ინვესტორს დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. TAV Georgia-მ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მნიშვნელოვანი სამშენებლო, გარემოს დაცვისა და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებით არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მაგალითად, 2018 წელს საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია Skytrax-მა TAV Georgia აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეხუთედ დაასახელა.
TAV-ის საქმიანობის შესახებ უფრო ფართო სურათი ასეთია – დღეს “ტავ ჰოლდინგი” თავისი სერვისებით მსოფლიოს 23 ქვეყნის 79 აეროპორტშია წარმოდგენილი. TAV Airports-ი ახორციელებს ოპერირებას აეროპორტების სხვა სფეროებში, მათ შორის უბაჟო ვაჭრობის, კვებისა და სახმელეთო მომსახურების, სიანფორმაციო ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სამსახურების ოპერირებას.
2012 წლის მაისში TAV Airports-ის აქციების 38% Aéroports de Paris Group-მა შეიძინა. დღეს ფრანგული სახელმწიფო კომპანია სააქციო კაპიტალის 46.12% ფლობს. შედეგად, გასულ წელს TAV–ი და APD Group–ი ერთად 281 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ.
საქართველოსთან 14-წლიანი თანამშრომლობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი, მეთე ერქალი გვესაუბრა.
თითქმის 14 წელი გავიდა, რაც TAV Georgia-მ საქართველოში საქმიანობა დაიწყო და ჯერ თბილისის, შემდეგ კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვა ჩაიბარა. ამ გადმოსახედიდან, რა გამოწვევებს გაუმკლავდით ჩვენს ქვეყანაში?
2005 წელს ჩვენმა გუნდმა ოპერირების პირველივე დღიდან საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა მიზნად – ქართულ ავიაციაში ჩვენ უნდა შეგვემუშავებინა აეროპორტის მართვის სწორი და ინოვაციური პოლიტიკა, მომსახურების მაღალი სტანდარტები დაგვემკვიდრებინა და ქვეყნის საიმედო პარტნიორი გავმხდარიყავით. TAV-ის გუნდის ერთ- ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, წვლილი შეგვეტანა თბილისისა და შემდგომ ბათუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში. ამისათვის ჩვენ თავდაპირველად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განგვეხორციელებინა, ახალი ავიაკომპანიები მოგვეზიდა და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურება შეგვეთავაზებინა.
ამ ყველაფრის განხორციელება ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ჩვენი გუნდისთვის, რადგან ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით. ჩვენ როგორც მგზავრთა, ისე საჰაერო ხომალდების მომსახურების მიმართულებით ახალი, საერთაშორისო დონის სტანდარტები დავამკვიდრეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო დონის თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა და მგზავრთა რეგისტრაციის ინოვაციური პროგრამული სისტემა დაინერგა. ამ სიახლეებით ჩვენ ადამიანური რესურსის გამოყენება უფრო ეფექტიანი გავხადეთ.
იმ საინვესტიციო საქმიანობას, რასაც საქართველოში ახორციელებთ, თან ახლავს სოციალური პასუხისმგებლობაც. რაში გამოიხატება ეს TAV Georgia- სთვის?
TAV-ის, როგორც ბრენდის საქმიანობა საქართველოში წარმატებასა და განვითარებასთან ასოცირდება. როგორც ლიდერ კომპანიას, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებზე, განვახორციელოთ გარემოსდაცვითი თუ საგანმანათლებლო პროექტები, ასევე სტუდენტებს კარიერის დაწყებასა და დასაქმებაში ხელი შევუწყოთ.
კომპანიაში ყოველდღიურად შემოდის სხვადასხვა სახის წერილი დახმარების თხოვნით. ჩვენ ყოველთვიურად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ ოჯახებს, რომლებსაც პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენის, კომუნალური გადასახადების დაფარვის და ა.შ. საშუალება არა აქვთ.
ოჯახების მატერიალური დახმარების გარდა, ჩვენი ქველმოქმედების მნიშვნელოვან ხაზს ოჯახების ან სკოლების წიგნებით მომარაგება წარმოადგენს. გასულ წელს ჩვენ საოკუპაციო ხაზთან ერთ- ერთ სკოლაში ვიმყოფებოდით და სკოლის ბიბლიოთეკას ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა გადავეცით. ამასთან, აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ აქტივობებში, გვერდში ვუდგავართ მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვადასხვა დახმარების ცენტრებს. ქველმოქმედების სახით TAV Georgia-მ 2005 წლიდან დღემდე 32 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
ჩვენი მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე, TAV Georgia-ს PR კამპანიას საქველმოქმედო აქტივობებით არ ვგეგმავთ და შესაბამისად ვცდილობთ, სენსიტიური თემები მედიაში გაშუქებით, კომპანიის პრესტიჟის ასამაღლებლად არ გამოვიყენოთ.
რომ არაფერი ვთქვათ კომპანიის მიერ დარგულ ათასობით ხეზე, გარემოს დაცვის კუთხით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი აეროპორტში ელექტროენერგიის პანელების განთავსებაა. 2016 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიის ნაწილობრივ მოხმარებაზე გადავიდა. ეს პროექტი იაპონიის მთავრობასთან ერთად განვახორციელეთ. პროექტის მიზანი ქვეყანაში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვა იყო. ამასთან, 2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში პირველ “მწვანე აეროპორტად” დასახელდა, რაც იმას ადასტურებს, რომ უკვე წლებია, TAV Georgia საქართველოში თავის საქმიანობას გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისად წარმართავს.
რამდენად მარტივად ახერხებთ კადრების მოძიებას საქართველოში?
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში, ასევე კადრების გადამზადებაში კომპანიის წვლილი რა არის? სამწუხაროდ, დღეს საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ეს პრობლემა იყო 2005 წელს, როდესაც ოპერირება დავიწყეთ და შეიძლება ითქვას, რომ დღესაც მეტ- -ნაკლებად იგივე მდგომარეობაა. ეს ალბათ განპირობებულია იმით, რომ საქართველოში პროფესიული განათლება სათანადო დონეზე არ არის განვითარებული. სწორედ ამიტომ 2012 წელს ტრენინგ- ცენტრის შექმნა გადავწყვიტეთ, სადაც ნებისმიერი მსურველი ავიაციასთან დაკავშირებით შესაბამის ცოდნას და შემდგომ გამოცდილებას მიიღებდა. ჩვენი ტრენინგ- ცენტრი და მისი სასწავლო პროგრამები სერტიფიცირებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ჩვენი ტრენერების უმეტესობა გადამზადებას IATA-სა და ICAO-ს მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო ცენტრში გადიან. დღეისათვის ჩვენს ტრენინგ- ცენტრში 36 სასწავლო პროგრამაა. ნებისმიერ მსურველს ცოდნის მიღებისა და ტრენინგების გავლის საშუალება აქვს ისეთი სასწავლო მიმართულებით, როგორიცაა: საავიაციო უსაფრთხოება, მგზავრთა გადაზიდვა, ხარისხისა და გარემოს მართვის სისტემები, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, საჰაერო ხომალდის ცენტრირება და ჩატვირთვა. საავარიო სამაშველო სწავლებებს როგორც თბილისში, ისე ბათუმში ხშირად ვატარებთ. ჩვენი ტრენინგ-ცენტრი ყოველწლიურად სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში მომუშავე 2500-მდე პირს ამზადებს, რომლებიც საავიაციო საქმიანობაში არიან ჩართულები.
რაც შეეხება დასაქმებას, დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენს შვილობილ კომპანიებთან ერთად 1400 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული. TAV-ის გუნდი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი ყველა თანამშრომელი გადამზადებას გადის ტრენინგ- ცენტრში და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლება. ასევე, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერთ- ერთი ყველაზე სასურველი სამუშაო ადგილი სწორედ TAV-ის მიერ ოპერირებული აეროპორტებია. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სწორედ საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში ხელი შევუწყოთ.
როდესაც მასშტაბურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა დღეს საქართველოს მთავრობასთან თქვენი კომუნიკაციის ფორმა და შინაარსი. რა საკითხებს განიხილავთ?
საქართველოს მთავრობასთან საკმაოდ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს დამკვეთსა და შემსრულებელს. ჩვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი პროექტი საქართველოს მთავრობასთან თანხმდება და ჩვენ მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს საერთო მიზანი გვაქვს – საქართველო რეგიონში საავიაციო ჰაბად ვაქციოთ, ამისათვის კი სახელმწიფოსთან სწორი კომუნიკაციაა საჭირო, რასაც, ვთვლი, რომ ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ.
2005 წელს ჩვენ გვჯეროდა საქართველოსი, როდესაც გავრისკეთ და უცხო ქვეყანაში საერთაშორისო პროექტი პირველად განვახორციელეთ. დღეს ჩვენ ქვეყნის მხრიდან იმავე ნდობას ვგრძნობთ. 2015 წელს TAV Georgia-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელი მოეწერა 2005 წელს გაფორმებულ, თბილისის აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველო საიმედო და სასურველ საინვესტიციო ქვეყანას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს TAV Georgia საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ კომპანიად დასახელდა.
როგორც ვიცი, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვის უფლება 2027 წლამდე გაქვთ. მომდევნო 8 წლის განმავლობაში რა გეგმები გაქვთ ორივე მიმართულებით?
ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკური გუნდისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს შეთავაზებული, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარებისთვის დამატებითი ინვესტიცია განვახორციელოთ.
აქვე საინტერესოა ინფორმაცია, რა შეღავათები აქვს TAV Georgia-ს დაწესებული Georgian Airways სთვის სხვა, უცხოურ ავიაკომპანიებთან შედარებით? ამ მიმართულებით ცვლილებები ხომ არ იგეგმება?
ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლის დღიდან, TAV Georgia-ს ერთ- ერთ პრიორიტეტს კავკასიის რეგიონში საქართველოს საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ოპერირების პირველივე დღიდან კომპანიამ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ბაზირებულ ქართულ ავიაკომპანიებს განსაკუთრებული და სპეციალური შეღავათები დაუწესა. უნდა აღინიშნოს, რომ Georgian Airways-ი თბილისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. როგორც ცნობილია, ქვეყანას რეგიონში საავიაციო ჰაბად ძლიერი ეროვნული ავიაკომპანია აქცევს, შესაბამისად, ჩვენ კონკურენციის კანონის სრული დაცვით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეროვნულ გადამზიდავებს განვითარებაში ხელი შევუწყოთ.
ეროვნული გადამზიდავი კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, TAV Georgia-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, Georgian Airways- სთვის სპეციალური შეთავაზება შემუშავდა, რომელიც კომპანიისთვის მოთხოვნად სერვისებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, Georgian Airways-ს უფლება მიეცა, თავად გაეწია სახმელეთო მომსახურება საკუთარი საჰაერო ხომალდებისა და მგზავრებისთვის, რაც მათ შემცირებულ საწარმოო ხარჯებზე მნიშვნელოვნად აისახება. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ქართული ავიაკომპანია სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა- დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ამასთანავე, შიდა ფრენების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წლიდან “ტავ ჯორჯიას” მიერ სპეციალური ტარიფი შემუშავდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ რეისებს ასრულებენ, რაც “ჯორჯიან ეარვეისს” საშუალებას აძლევს, საგრძნობლად შეამციროს ხარჯები მის მიერ განხორციელებულ შიდა რეისებზე. ამ ეტაპზე Georgian Airways-ი ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელსაც TAV Georgia-მ მგზავრთა მოსაკრებელი $24-დან $19- მდე შეუმცირა. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 100 000-ს აღემატება.
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი მზარდია და, ცხადია, ამ ტემპს არც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ჩამორჩება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ კონკრეტული ობიექტის სამომავლო პერსპექტივები? საჭიროა თუ არა მისი გაფართოება და თქვენთან ამ თემაზე თუ მიდის მოლაპარაკებები?
სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, 2007 წელს ბათუმში სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდა, რომლის გამტარუნარიანობაც 500 000 მგზავრზე იყო გათვლილი. იქიდან გამომდინარე, რომ ზღვისპირა ქალაქი ტურისტებს იზიდავს, 2018 წელს ჩვენ უკვე 600 000-მდე მგზავრს მოვემსახურეთ, 2007 წელს კი ეს მაჩვენებელი 40 000 იყო. მგზავრთნაკადის ყოველწლიურ მზარდ ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, ეს ციფრი წელს უფრო გაიზრდება, შესაბამისად, იმისათვის, რომ აეროპორტის მუშაობა არ შეფერხდეს და ავიაკომპანიებს ოპერირების კუთხით პრობლემები არ შეექმნათ, ტერმინალი სასწრაფოდ გაფართოებას საჭიროებს.
2018 წლის აპრილში ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს ახალი პროექტი შევთავაზეთ, რომელიც მოფრენისა და გაფრენის დარბაზების გაფართოებას მოიცავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში მილიონ 200 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტი 2020 წელს განხორციელდება.
ამასთან, 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის, ინფრა- სტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი სარეგისტრაციო დახლები მოეწყო. ასევე დაემატა საპასპორტო კონტროლის ჯიხურები, როგორც გაფრენის, ისე მოფრენის დარბაზებში, აეროდრომზე ავიახომალდების სადგომებიც გაფართოვდა, რის შემდეგაც აეროპორტი ერთდროულად შვიდ სხვადასხვა ტიპის ავიახომალდს ემსახურება.
ასევე გვითხარით, რა სამუშაოებს გეგმავთ სამომავლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში?
ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ახალი საჰაერო ხომალდის სადგომის მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, თბილისის აეროპორტს 62 სადგომი ექნება. სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. ჩვენ ასევე საფუძვლიანად განვაახლეთ აეროპორტის ტექნიკა, რაც საშუალებას გვაძლევს, მომსახურება უფრო სწრაფად და ხარისხიანად განვახორციელოთ. 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის TAV Georgia 17 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
იქიდან გამომდინარე, რომ რეისები თბილისისა და ბათუმის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსაც ემატება, როგორ შეაფასებთ ამ უკანასკნელის როლს ტურიზმის განვითარებაში? ამ მხრივ, როგორ კონკურენციას უწევს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თბილისსა და ბათუმს?
ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ტურიზმი საკმაოდ მზარდი ტემპით ვითარდება და ამაში წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებულ სამივე საერთაშორისო აეროპორტს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა, იმის საჭიროება დადგა, რომ კიდევ ერთი ახალი აეროპორტი აშენებულიყო, რომელიც დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს მოემსახურებოდა. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავ რცელებული. დედაქალაქის მთავარ აეროპორტებში, ეროვნულ გადამზიდავებთან ერთად, მსხვილი ავიაკომპანიები ოპერირებენ, დედაქალაქებიდან მოშორებით მდებარე აეროპორტები კი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურებიან. ჩვენ გვახარებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით საქართველომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ახალი ბაზარი შექმნა.
დაბოლოს, შედარებით შორეულ გეგმებზე გკითხავთ. მას შემდეგ, რაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ამოიწურება, რა გეგმები გაქვთ საქართველოში?
2005 წელს განხორციელებული ინვესტიციით ჩვენ ვენდეთ საქართველოს შესაძლებლობებს და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ როგორც TAV Georgia-მ, ასევე ქვეყანამ, არსებული მოლოდინები ნამდვილად გავამართლეთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დამატებითი ინვესტიციის განხორციელებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის მიმართულებით. TAV Georgia ნამდვილად არის ქვეყნის ერთ- ერთი ყველაზე რესპექტაბელური და სანდო პარტნიორი, რაც ნათლად გამოიხატება წლების განმავლობაში საზოგადოებისა და ავიაკომპანიების მიერ გამოცხადებულ ნდობასა და მხარდაჭერაში.
დატოვე კომენტარი