TBC Capital-ის ყოველკვირეული განახლების თანახმად, როგორც მოსალოდნელი იყო, ლარში კონვერტაციის პირველი ნიშნები გამოჩნდა, რაც არჩევნების შემდგომი ლარის გაუფასურების მოლოდინებითა და, შედეგად, ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებითაა გამოწვეული.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიც გვიჩვენებს, წინა თვესთან შედარებით გაიზარდა ლარის დეპოზიტები, ხოლო ვალუტის დეპოზიტები მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის შედეგად, განსაკუთრებით ლარის შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ეროვნულ ვალუტაში ინვესტირების გაძლიერებაა მოსალოდნელი. თუმცა ლარისადმი ინტერესი არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობის ზრდაშიც უნდა აისახოს, რაც უმეტესწილად აშშ დოლარის განაკვეთებზეა დამოკიდებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, 1990 წლის შემდგომ, ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებამ ლარზეც ნეგატიურად იმოქმედა. აშშ-ში ოქტომბრის მონაცემებით სამომხმარებლო ფასები თ/თ 0,9%-ით გაიზარდა, რაც წლიურად, მოსალოდნელი 5,9%-ის ნაცვლად, 6,2%-იან ზრდას გაუტოლდა. აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების გადმოწევასთან ერთად, დოლარი ევროსთან მიმართებით ერთ დღეში 7%-ზე მეტით გამყარდა. ბაზრის მონაწილეების მიერ 2022 წლის ივნისის კომიტეტზე განაკვეთის ზრდაა ნავარაუდები.
TBC Capital-ი სამომავლოდ ლარზე მოთხოვნის ზრდას ვარაუდობს, თუმცა გლობალურად აშშ დოლარის გამყარებაც გასათვალისწინებელია. რაც შეეხება დოლარს, მოკლევადიან პერიოდში მისი გაძლიერების ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა TBC Capital-ი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ძლიერ ევროს განიხილავს.
დატოვე კომენტარი