TBC მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდას ელოდება. როგორც ბანკში აღნიშნავენ, თუკი ლარის კურსი არ გამყარდება, 23 ოქტომბერს სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს სებ-ის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
მიზეზად ინფლაციაზე ლარის ზეწოლა დასახელდა. ამასთან, სებ-მა ლარის დასასტაბილურებლად ინტერვენციებიც დაანონსა.
“ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის”, – აღნიშნავენ სებ–ში. 40 მლნ დოლარს ეროვნული ბანკი ბაზარს 27 სექტემბერს მიაწვდის.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9808 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსზე 0.71 თეთრით გაუფასურებული მაჩვენებელია. დოლარის მიმართ ლარი რეკორდულად მაღალ დონეზეა გაუფასურებული. ლარი გამყარდა ევროსთან და ერთი ევროს ფასი 3.2571 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, 1.13 თეთრით გამყარებული მაჩვენებელია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 27 სექტემბრიდან შევა ძალაში.
დატოვე კომენტარი