აგვისტოში საქართველოში ტურიზმის დინამიკა გაუმჯობესდა. TBC Research-ის მონაცემებით, 8 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში ქვეყანაში 2%–ით მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. TBC-ის მონაცემები საზღვრის კვეთის სტატისტიკას ეყრდნობა. რაც შეეხება აგვისტოს, 5 აგვისტოდან პირველი სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ტემპი 7.4% იყო.
TBC-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ დაწესებული ავიაშეზღუდვის შემდეგ ტურიზმის სექტორი დადებით დინამიკას იბრუნებს, რაც, ერთი მხრივ, რუსი ვიზიტორების შემცირების ტენდენციის შენელებას, მეორე მხრივ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდას უკავშირდება.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ იზრდება ტურისტების რაოდენობა ევროპიდან და ისეთი ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეებიც მაღალმხარჯველ ვიზიტორებად ითვლებიან.
ასე მაგალითად, აგვისტოს ბოლო კვირაში ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 31.1%–ით გაიზარდა.
აგვისტოს ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მას სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ივლისში საქართველოში 1 099 474 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 570 482 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). 2018 წლის ივლისთან შედარებით, წელს ივლისში 5.8%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 1%-ით არის გაზრდილი.
დატოვე კომენტარი