Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერბერტ დისმა კვირას განაცხადა, რომ სწორედ ჭკვიანი მანქანები და არა ელექტრომანქანები შეცვლის თამაშის წესებს ავტოინდუსტრიაში. მან აღნიშნა, რომ 2035 წლისთვის ევროპაში შიდაწვის ძრავებს აღარ გამოიყენებენ.
„ავტონომიური მართვა ნამდვილად შეცვლის ჩვენს ინდუსტრიას ისე, როგორც სხვა არაფერი“, – თქვა დისმა მიუნხენში IAA მანქანების გამოფენის ოფიციალური გახსნის წინ და დასძინა, რომ ელექტრიფიცირებულ მანქანებზე გადართვა ავტოინდუსტრიისათვის შედარებით ადვილი იყო.
„თამაშის წესების რეალური ცვლა პროგრამული უზრუნველყოფითა და ავტონომიური მართვით მოხდება“.
გარემოსდაცვითი ღონისძიებები საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ავტომწარმოებლებს. ივლისში ევროკომისიამ კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა აიკრძალება. ამასთან გააქტიურდა „ზეწოლა“ სხვადასხვა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ავტომწარმოებლებს მოუწოდებენ, გააძლიერონ პოლიტიკა კლიმატის ცვლილების დასაძლევად.
Volkswagen–ის მიზანია, 2025 წლიდან ის ელექტრომობილების უმსხვილესი გამყიდველი იყოს და გადაასწროს ამჟამად სექტორის ლიდერ Tesla–ს. Volkswagen–მა შეიძინა თვითმავალი პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი Argo AI, Alphabet Inc–ის Waymo მთავარი კონკურენტი.
Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვით ავტომობილების სექტორში $1.2 ტრილიონის შემოსავალს მიიღებს, რაც მთლიანი სექტორის მეოთხედს წარმოადგენს.
დატოვე კომენტარი