Pollstar-ის 2023 წლის ჩარტების მიხედვით, ტეილორ სვიფტის Eras Tour-ი ისტორიაში პირველი ტურნე გახდა, რომლის შემოსავალმაც $1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. სვიფტის ტურნეს შემოსავალმა, ჩატარებული 60 კონცერტიდან გაყიდული 4.35 მილიონი ბილეთის წყალობით, $1.04 მილიარდს მიაღწია.
Pollstar-ის შეფასება 2022 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. გამოცემის ინფორმაციითვე, პოპვარსკვლავმა მერჩების გაყიდვიდან $200 მილიონი გამოიმუშავა, ტურნეს შესახებ გადაღებული ფილმი კი, სახელწოდებით – „Taylor Swift: The Eras Tour“ – გამომუშავებული $250-მილიონით, ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ფილმი გახდა.
Pollstar-ი პროგნოზით, სვიფტისთვის 2024 წელიც წარმატებული აღმოჩნდება და ტურნე დამატებით კიდევ $1 მილიარდს გამოიმუშავებს.
სვიფტის გარდა, 2023 წელი მოგებიანი აღმოჩნდა საკონცერტო სფეროსთვის: მსოფლიო მასშტაბით, წამყვანი ასი ტურნეს შემოსავალი გასულ წელთან შედარებით 46%-ით, $9.17 მილიარდამდე გაიზარდა – 2022 წელს $6.28 მილიარდს უტოლდებოდა. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული მონაცემი გასული წლის $4.77 მილიარდიდან $6.63 მილიარდამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, ჟურნალმა TIME-მა ტეილორ სვიფტი 2023 წლის ადამიანად დაასახელა. 33 წლის მომღერალი Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების 2023 წლის ხუთეულშიც მოხვდა, რაც უმეტესწილად მისი ეკონომიკური გავლენის დამსახურებაა.