ტექნობანაკი

ტექნობანაკი

კონტინენტური შტატების უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთ წერტილიდან 4 მილის დაშორებით, ვაშინგტონის ოლიმპიკის ნახევარკუნძულის სანაპირო საღამოს ბინდშია ჩაძირული. „შეშლილი პროფესორის” თეთრ ხალათში გამოწყობილი სათვალიანი მამაკაცი თავისი 4-ფუტიანი ხელნაკეთი ელვისმტყორცნელის ჩამრთველს აჩხაკუნებს. ბურღის აკუმულატორიდან, რომელიც ხელთ უპყრია რობ ფლიკენგერს, თვრამეტი ვოლტი ელექტრული დენი გამოედინება. დენი გაივლის ხვეულებსა და კონდენსატორებში, რომლებიც მის ეფექტს ზრდის 100 000 ორმაგი A-ბატარეის ეკვივალენტამდე. ლულის ბორბლისმაგვარი ბოლოდან ერთი ფუტის სიგრძის ელვის წვრილი ხაზები გამოიტყორცნება, გადადის დანის წვერზე – რომელიც გაბედულ მოხალისეს უჭირავს – და დამიწებული სადენით სველ ქვიშაში ჩადის. ჰაერი ელვის ცეცხლოვანი ტკაცატკუცით და ჭექა-ქუხილისათვის დამახასიათებელი ოზონის სუნით ივსება.

„ისეთი სუნია, თითქოს წყალი იწვის! – ყვირის 6 წლის გოგონა, რომელიც იქ დამსწრე ინჟინრებიდან და გამომგონებლებიდან ერთ-ერთის შვილია. – ხელით რომ შეეხო, შეგიღიტინებს?” – გულუბრყვილოდ კითხულობს იგი.
„არცთუ სასიამოვნოდ”, – პასუხობს ფლიკენგერი.

დიუნებს გადაღმა, ფიჭვნარის უკან მდგარი გეოდეზიური გუმბათიდან არტინსტალაციის 8-ბიტიანი ვიდეოთამაშების ხმები იღვრება. „მხოლოდ მხსნელ მუტანტს შეუძლია გადაგვარჩინოს რობოტრონისგან!” – აცხადებს ოზის ჯადოქრის მსგავსი ხმა კარვიდან. შორიახლოს, 21 წლის ლიბანელი კრიპტოგრაფის, ნადიმ კობეისის, ხელთათმანებიდან ლაზერის სხივები იფრქვევა. იგი მათ ღამის ცისკენ მიმართავს კოცონის ბოლის ფონზე. „აი ჩემი ძალა!”, – ყვირის იგი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ToorCamp-ში, ხუთდღიან გასვლით ღონისძიებაზე, სადაც ამერიკის ყველაზე ელიტური ჰაკერები, ტექნოლოგები და თვითმოქმედი არანორმალურები გაურბიან ცივილიზაციას, რათა ხელახლა, ნულიდან შექმნან იგი, აკეთებენ რა ნახტომს ბანალური სინამდვილიდან პირდაპირ პოსტაპოკალიფსურ სამეცნიერო-ფანტასტიკურ მომავალში.

ToorCamp-ის დაახლოებით 450 ჰაკერი, ჩინეთის ჯაშუშებისაგან ან აღმოსავლეთ ევროპელი სხვადასხვა ჯურის კრიმინალებისაგან განსხვავებით, იმდენად დაინტერესებულნი არიან ტექნოლოგიების შექმნითა და გაუმჯობესებით, რამდენადაც მათში შეღწევითა და ბოროტად გამოყენებით: ქვეყნის ისეთ შორეულ კუთხეში, სადაც მობილური აპარატების უმეტესობა სიგნალს ვერ იჭერს, ისინი აპარატურით აღჭურვილი გადასატანი ტუალეტის კაბინიდან ავრცელებენ საკუთარ უფასო ფიჭური კავშირის სისტემას (სახელად Shadytel-ი) და 17 აკრის ფართობს Wi-Fi-ით ფარავენ. სან-ფრანცისკოს ჰაკერთა კოლექტივის Noisebridge-ის წევრებმა ჩამოიტანეს ავტონომიური ბორბლიანი რობოტი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ მაცივრიდან სასმელი მოიტანოს ან, სახის ამოცნობის საფუძველზე, ადამიანებს თან დაჰყვებოდეს. ერთ-ერთმა მონაწილემ ბანანებისგან ელექტრონული კლავიატურა გააკეთა.

Intellectual Ventures-ის მკვლევარმა ერიკ იოჰანსონმა და სიეტლელთა ჯგუფმა, Hackerbot-მა, თავიანთი იმპროვიზებული იურტის თავზე 25-ვატიანი, ვერტიკალური ლაზერი დაამაგრეს, რომელიც წყლით გრილდება; ერთ მილზე მეტი მანძილიდან შეიძლება დანახვა, თუ როგორ სერავს ღრუბლებს მისი ცისფერი შუქის სვეტი.

მაგრამ ჰაკერების ეს შეკრება არ არის უბრალოდ Maker Faire ან Burning Man-ი უფრო ცივ და ნესტიან გარემოში. იგი გათვლილია ბევრად ელიტურ კომპიუტერულ ფანატიკოსებზე: მაკაჰის ინდიელების რეზერვაციაში, სადაც ToorCamp-ი ტარდებოდა, მონაწილეთა უმეტესობა ყოველდღე საათობით უსხდა ტენტით გადახურულ მაგიდებს და მუშაობდა კოდების გატეხასა და ბლოკების მოხსნაზე. ToorCamp-ის მონაწილეთათვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა საუბრები Android-ის მოწყობილობებში შეღწევასა ან მჟავასა და სილიკატის ხსნარით მიკროპროცესორების დაშლაზე Microsoft-ის საიდუმლო კრიპტოგრაფიული გასაღების ამოსაცნობად; ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს გეიგერის მრიცხველის გაკეთება ან ჩაყვინთოს წყალმცენარეების ბარდებში წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მობინადრე გიგანტური რვაფეხას ძიებაში. ღამღამობით ე.წ. მთავარი გუმბათის ქვეშ ნერდკორის დი-ჯეები და ჯგუფები უკრავენ. თუმცა ბანაკის ბევრი სტუმარი კარავში დარჩენასა და მშვიდად ფიქრს ამჯობინებს.

ToorCamp-ის დამფუძებელი დევიდ ჰალტონი

„ზოგიერთი მათგანი ჩამოსვლის დღიდანვე თავაუღებლად წერს კოდს , – ამბობს 29 წლის დევიდ ჰალტონი, ToorCamp-ის დამფუძნებელი და სიეტლის სუპერგამოთვლითი კომპანიის, Pico-ს, კრიპტოგრაფიის გენიოსი. ჩვენ ვსხედვართ მშვიდ კორომში, ჩვენს თავზე ხის ტოტიდან დისკოთეკის ბრჭყვიალა ბურთია გადმოკიდებული. – ეს არის ბანაკი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმდენად არიან ჩაფლულნი ტექნოლოგიებსა და კოდებში, რომ ამის ტყეში კეთებას არდადეგებად აღიქვამენ”.

ჰალტონი სწორედ ასეთი, მუდმივად მუშაობაში ჩართული ტექნოლოგია. 16 წლის ასაკში მან ექსტერნად ჩააბარა გამოცდები სან-დიეგოს სკოლაში და 18 წლისას უკვე ჰქონდა საკუთარი საკონსულტაციო ბიურო უსაფრთხოების საკითხებში. იმ ეპოქაში, როდესაც ჰაკერები ასე შინაურულად არ გრძნობდნენ თავს სილიკონის ველზე და ვაშინგტონში, მან საფუძველი ჩაუყარა ToorCon San Diego-სა და ToorCon Seattle-ს, კონფერენციებს, რომლებიც მას შემდეგ იქცა დასავლეთ სანაპიროს ორ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში (პრეფიქსი „toor” წარმოიშვა „root”-ის („ფესვი”) ინვერსიიდან, IT-ჟარგონიდან, რომელიც აღნიშნავს კომპიუტერის წვდომის ყველაზე ღრმა დონეს – რის მიღწევასაც ყველა ჰაკერი ცდილობს).

ჰალტონი, ისევე, როგორც ToorCamp-ის ბანაკის ბევრი სტუმარი, ხშირად ესწრება ჰაკერების სხვა შეკრებებს, როგორიცაა, მაგალითად, ლას-ვეგასის Black Hat-ი და Defcon-ი; ჰაკერთა ამ ბოლო თავყრილობაზე, რომელიც ივლისში შედგა, მან ხალხით გაჭედილ დარბაზს წარუდგინა ინსტრუმენტი, რომელიც ტეხს კორპორაციული VPN-ენების უმეტესობის მიერ გამოყენებულ შიფრირების პროტოკოლს. მაგრამ ToorCamp-ის მეშვეობით მას უნდოდა გაჰქცეოდა ჩახუთულ საკონფერენციო დარბაზებს, რათა შეექმნა ამერიკული ვერსია ისეთი რადიკალური ჰაკერული ბანაკებისა, როგორიც იყო Chaos Communication Camp-ი გერმანიაში და Hacking at Random-ი ნიდერლანდში.

„განმარტოებულ ადგილას შეკრებით ფილტრავ სიგნალს ხმაურისგან, – ამბობს ის, – ეს არის ერთი კვირით გაქცევა საკუთარ უტოპიურ საზოგადოებაში, რათა რაღაც მართლაც საოცარი შევქმნათ”.
ჰაკერული უტოპია ხანდახან ისეთ ფორმებს იღებს, რისთვისაც კიბერპანკობისგან შორს მდგომი სამყარო შესაძლოა მზად არ იყოს.

მაგალითად, ერთ ნისლიან დილას ToorCamp-ის კარვებში ბანაკის სტუმრები რიგში იდგნენ, რათა ხელში რადიოსიხშირული იდენტიფიკატორი ჩიპები (RFID) ჩაედგათ. ამალ გრააფსტრას, 36 წლის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერს, რომელსაც თავად ორჯერ აქვს ჩადგმული RFID-ი, რეზინის შავი ხელთათმანებით შეჰყავდა პატარა მიკროპროცესორების ინიექციები ჰაკერების კანქვეშ, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, იოდის, იზოპროპილის სპირტისა და ორმილიმეტრიანი შპრიცების დახმარებით, რომლებსაც შინაური ცხოველებისთვის იყენებენ.
როდესაც ჩიპი იჭერს რადიოსიგნალს, ის დისტანციურად მოქმედებს ციფრების რიგზე, რომელიც თითქმის ისეთივე უნიკალურია, როგორიც თითის ანაბეჭდი. ეს ძალიან პატარა, მარტივი მექანიზმი, კოდირებისა და აპარატული უზრუნველყოფის გამოყენებით, შესაძლებლობას მისცემს მის მატარებელს გადააგდოს თავისი გასაღებების ასხმა და მის ნაცვლად გამოიყენოს ხელის უბრალო მოძრაობა, რათა გააღოს სახლის კარი, დაქოქოს მანქანა ან შევიდეს თავის კომპიუტერებში. გრააფსტრას ჩიპები, მაგალითად, აძლევს მას წვდომას ტელეფონთან, კომპიუტერთან, მოტოციკლთან, სახლსა და საკუთარ სეიფთან. „ზოგიერთი ისე აღიქვამს თავის სხეულს, როგორც წმინდა ტაძარს, – ამბობს გრააფსტრა, – ზოგი კი – როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილს, რომლის მოდერნიზებაც შეიძლება. მე მეორე კატეგორიას განვეკუთვნები”.

გრააფსტრას ამ გატაცებას გარე სამყაროს მხრიდან ხშირად მოჰყვება ბრალდებები, რომ ის სახელმწიფო შეთქმულების მონაწილეა, ან სატანისტიც კი, რომელიც ავრცელებს „მხეცის ნიშანს”. გასაკვირი არაა, რომ იგი, პასუხისმგებლობის გამო, როგორც წესი, ინიექციების შეყვანაზე უარს ამბობს, მაგრამ ToorCamp-ში რვა ჰაკერმა სიხარულით გადაიხადა $30-ზე მეტი, ხელი მოაწერა საბუთს, რომ არ ექნება პრეტენზიები და დარჩა სალბუნითა და ციფრული აჭღურვილობით თითებს შორის. „აქ ხალხს არ ეშინია ტექნოლოგიებისა და ექსპერიმენტირების, – ამბობს გრააფსტრა. – ანალიტიკურად მოაზროვნეებს, უბრალოდ, განსხვავებული მიდგომა აქვთ ცხოვრების მიმართ, სხეული იქნება ეს თუ სქემა”.

არავისა აქვს უკეთესი წარმოდგენა იმ უცნაურ ცნებაზე, რასაც ჰქვია ტექნოფილიის დანერგვა ველურ ბუნებაში, როგორც ჯორჯ დაისონს, მეცნიერების ისტორიის მკვლევარსა და ვენჩურული კაპიტალისტის, ესთერ დაისონის, ძმას, რომელმაც ბანაკში შესავალი სიტყვა წარმოთქვა. 16 წლის ასაკში დაისონმა დატოვა მამის, ფიზიკოს-თეორეტიკოს ფრიმენ დაისონის სახლი პრინსტონში (ნიუ-ჯერსი) და გადასახლდა ბრიტანეთის კოლუმბიის ტყეებში, სადაც ცხოვრობდა ხეზე აშენებულ სახლში, 95 ფუტის სიმაღლეზე, და ესკიმოსური კაიაკით დაცურავდა სამხრეთით, ვაშინგტონის სანაპიროებისაკენ, რომლებიც ახლა ToorCamp-ის ჰაკერებს უჭირავთ.

მისი თქმით, ეს ჰაკერი ტურისტები ახსენებენ თავის ახალგაზრდობისდროინდელ რადიომოყვარულებს, რომლებიც რთულ პირობებში გადარჩენის გზებს სწავლობდნენ ნიუ-ჯერსის ტყეებში. „მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხვალ ინტერნეტი შესაძლოა გაითიშოს. ჩვენ გვჭირდება ის სამოყვარულო რადიოქსელი, ჰაკერების კორპუსი, რომელსაც შეუძლია აამუშაოს სათადარიგო დაბალსიხშირიანი კომუნიკაცია, – ამბობს დაისონი . – ეს ის ხალხია, რომელიც გადაგვარჩენს, თუ რაიმე ცუდი მოხდება”.

ToorCamp-ის მთავარი გუმბათის ქვეშ გამართული შეხვედრისას მან გაიხსენა აშშ-ის მთავრობის 1950-იანი წლების გასაიდუმლოებული მისია, რომელზეც მამამისი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი გულისხმობდა ასობით ატომური აფეთქების გამოყენებას, რომლებსაც მოძრაობაში უნდა მოეყვანა რაკეტა, წამში ათასობით კილომეტრის სიჩქარით. მთვარეზე დასხდომამდე ან NASA-ს შექმნამდეც კი, ინიციატივა სახელად „პროექტი ორიონი” (Project Orion-ი) უკვე გეგმავდა მარსის კოლონიზაციას – ამბიცია, რომელიც საკმაოდ გიჟურია იმისათვის, რომ შეესატყვისებოდეს ამ გუნდის რწმენას ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობების მიმართ.

„და არ სცადოთ ამის გაკეთება სახლში”, – მშვიდად დაასრულა
გამოსვლა დაისონმა .
„არა, – გაისმა ხმა პუბლიკიდან , – ვცადოთ ეს აქ!”

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *