ტექსტური შეტყობინების ფსიქოლოგია სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევს, თუმცა მისი კვლევა ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. კვლევების მიხედვით (ეს მარტივი დაკვირვებითაც შეიმჩნევა), ჩვენ საოცრად გვიყვარს ჩვენი შეტყობინებები. უკვე დიდი ხნის წინ გახდა აშკარა, რომ მობილური ტელეფონი მისი მფლობელის ინტერესთა დაკმაყოფილების საშუალებაა: ის ხომ შესანიშნავი მოდური აქსესუარი, უსაფრთხოების გარანტორი და ლანჩის დროს საუკეთესო კომპანიონია. როდესაც წყვილების გარემოცვაში მარტო აღმოჩნდებით, მობილური ტელეფონის შემოწმება ყველაზე კარგი ხერხია სხვებზე უპირატესობის მოსაპოვებლად.
მაგრამ ადამიანები ტექსტურ შეტყობინებებს მრავალი სხვა სახის მიზნისათვისაც იყენებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რასაც ადამიანს შეტყობინებაში ვწერთ, შესაძლოა პირადად ვერასდროს ვუთხრათ. თითქოს უფრო მიღებულია, რომ შეტყობინებაში მეტად გახსნილი, პირდაპირი და გაბედული ვიყოთ, ვიდრე პირისპირ საუბრისას. ეს გახსნილობა შეტყობინებებში ჩვენს სასარგებლოდაც მუშაობს და საზიანოდაც. საინტერესოა, რატომ გვემატება გაბედულება ტექსტური შეტყობინების წერისას?
ამ კითხვაზე მოკლე პასუხი ასეთია:ჩვენ და ჩვენი რეციპიენტები ერთმანეთისაგან შორს ვართ, რაც რეალობისგან იმდენად გვწყვეტს, რომ ვბედავთ ვუთხრათ მას ისეთი რამ, რასაც პირისპირ ვერც ვეტყოდით და ვერც ვკითხავდით. სწორედ ამ მიზეზის გამო, ზოგიერთი ფსიქიატრი, როგორიცაა, მაგალითად, ნიუ-იორკის პრესბიტერიანულ/უელ კორნველის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ლან მანევიცი, თავის პრაქტიკაში ტექსტურ შეტყობინებებს იყენებს და პაციენტებს სთხოვს, ამ გზით აცნობონ, რა ხდება მათ რეალურ ცხოვრებაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა ექიმი ჭკუიდან შეშალოს, მაგრამ ასე არ არის; პირიქით, ეს მას ძალიან ეხმარება.
„წინათ,- ამბობს მანევიცი,-ფსიქიატრთან მისული პაციენტი ტახტზე წვებოდა და ისე უყვებოდა ექიმს თავისი პრობლემების შესახებ. ახლა იმავეს პირდაპირ მოქმედების ადგილიდან ვაკეთებთ. ტექსტური შეტყობინება საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ ადამიანებს იმ გარემოდან, რომელშიც ისინი იმყოფებიან, უშუალოდ მოქმედების პროცესში. შემდეგ კი, როდესაც ოფისში მოდიან, ვსაუბრობთ იმ მოვლენებზე, რომელთა შესახებაც უკვე მქონდა ინფორმაცია წინა კვირას მიღებული შეტყობინებებიდან. მე მოვლენებს მათი მიმდინარეობის პროცესშივე გავეცანი და არა მეხსიერებაში დარჩენილი ვერსიის მიხედვით (რომელიც შესაძლოა ზუსტი არ იყოს)”.
გარდა ამისა, ტექსტური შეტყობინება საშუალებას აძლევს პაციენტს საკუთარი შეგრძნებების გადმოცემისას უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი, ვიდრე პირისპირ საუბრის დროს. „მათ მეტი სურვილი აქვთ ისაუბრონ თავიანთი ფიქრების ან არჩევნის შესახებ, – ამბობს მანევიცი. – ეს განსაკუთრებით ეხება თინეიჯერებს, რომლებსაც ტახტზე წამოწოლილ მდგომარეობაში ერიდებათ იმაზე ლაპარაკი, თუ რა ჩაიდინეს ან რა გასინჯეს”.
ამ ფენომენს საუკეთესოდ ხსნის ოსკარ უაილდის ცნობილი ფრაზა: ,,ადამიანი ყველაზე ნაკლებად ჰგავს საკუთარ თავს, როდესაც თავისი სახით საუბრობს. მიეცით მას ნიღაბი და იგი გეტყვით სიმართლეს”. ნიღაბი, რომლის როლსაც ტექსტური შეტყობინება ასრულებს, გვხდის გულწრფელს, ნაკლებად გამაღიზიანებელს და, გნებავთ, ოდნავ ნორმიდან გადახრილსაც.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ტექსტურ შეტყობინებებს დაშინებისა და სექსუალური ხასიათის ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რაც შეიძლება ადამიანის შევიწროებადაც ჩაითვალოს, თუ ეს რეციპიენტისათვის სასურველი არ არის. კვირის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ბოლო წლებში ძალიან მომრავლდა ტექსტური შეტყობინებების დაშინების მიზნით გამოყენების შემთხვევები. ინტერნეტის დახმარებით ჩადენილი დანაშაულისა და ადამიანთა მოტყუების ფაქტების რიცხვი დასტაბილურდა, ამგვარ მოქმედებათა ტექსტური ვერსიების რაოდენობა კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ახლახან ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ბავშვების 13% დაკავებულია ,,სექსტინგით” ანუ მობილური ტელეფონის საშუალებით ერთმანეთისათვის მაცდუნებელი შეტყობინებების, ასევე სიშიშვლის შემცველი ან გამომწვევი სურათების გაგზავნით. კვლევებმა გამოავლინა, რომ ,,სექსტინგი” შესაძლოა კარგი გასართობი იყოს, მაგრამ ყოველთვის დადებითი ემოციის მომტანი არ არის. იგი ხშირად თინეიჯერთა დეპრესიასა და თვითმკვლელობის მცდელობას უკავშირდება . ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ერთი იწვევს მეორეს, უბრალოდ, ისინი ურთიერთკავშირშია.
კვლევები, ძირითადად, ახალგაზრდებში ჩატარდა; თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექსტურ შეტყიბინებებს შემოქმედებითად მოზრდილებიც იყენებენ. „ყოფილი მეუღლისათვის ან უფროსისათვის შეტყობინების დაუფიქრებლად, გაბრაზებულ გულზე გაგზავნა ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ეს წუთიერ შვებას ჰგვრის ადამიანს, _ ამბობს მანევიცი, _ მაგრამ სხვა შემთხვევებში თვით ტექსტური შეტყობინების ბუნება საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ საკუთარი თავი, რადგან ჩვენ მიერ აკრეფილი სიტყვები გაგზავნამდე ჩვენს ხელშია; ზეპირი კომუნიკაციის დროს კი ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა. (მანევიცი გვირჩევს ჯერ საკუთარ თავს გავუგზავნოთ შეტყობინება და შევამოწმოთ იგი. ეს კარგი მეთოდია თვითკონტროლისათვის.)
ასე რომ, ტექსტურ შეტყობინებას აქვს თავისი უპირატესობები, თუმცა იგი ორლესული მახვილივითაა.
ტექსტური შეტყობინებების არსებობამ დიდი სამსახური გაუწია ჯანმრთელობის დაცვის ინდუსტრიას, რომელმაც ის გამოიყენა წონის დაკლებისა და მოწევისათვის თავის დანებების მსურველთა დასახმარებლად. ახლახან ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ორჯერ მეტი მწეველი ანებებს თავს მოწევას, როდესაც ისინი მონაწილეობენ პროგრამაში, სადაც მწეველები მხარში უდგანან ერთმანეთს და თუ რომელიმე მათგანს სიგარეტისაკენ წასცდება ხელი ან მოწევის ძლიერ სურვილს ვეღარ უმკლავდება, დანარჩენები ამხნევებენ, რომ ბრძოლა გააგრძელოს.
კარგი იქნება, თუ მკვლევარები დაინტერესდებიან ტექსტური შეტყობინებების სხვა სფეროებში გამოყენების შესწავლით. უდავოა, რომ ტექსტური შეტყობინებების გამოყენებამ ჩვენი ურთიერთობების გზები შეცვალა.
შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ თქვენი ქცევა შეტყობინებით ურთიერთობისას განსხვავდება იმ ქცევისაგან, რომელსაც ელექტრონული ფოსტით,ტელეფონით ან პირადი საუბარისას ავლენთ? როგორ შეცვალა ტექსტურმა შეტყობინებებმა თქვენი კომუნიკაცია სხვებთან?
დატოვე კომენტარი