ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აშშ-ში 362,000 მანქანას უკან გაიწვევს. მიზეზი თვითმართვადი ტექნოლოგიის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაა. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, თვითმართვადი ტექნოლოგია საგზაო უსაფრთხოების წესებს ადეკვატურად არ იცავს და შეჯახებებს იწვევს.
აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ დამატებით აღნიშნა, რომ რიგ მონაკვეთებზე პროგრამული უზრუნველყოფა თვითმართვად ტექნოლოგიას დასაშვებ ლიმიტზე მაღალი სიჩქარით გადაადგილების საშუალებას აძლევს ან მოულოდნელ მანევრირებას იწყებს, რაც შეჯახებისა და საავარიო სიტუაციის შექმნის რისკს ზრდის.
საინტერესოა, რომ Tesla მარეგულირებლის ანალიზს არ ეთანხმება, თუმცა ავტომობილებს უკან გამოიხმობს. ამერიკული ავტომწარმოებელი უფასო პროგრამულ განახლებას ჩაუშვებს და პროგრამულ უზრუნველყოფას ადგილობრივ ლიმიტებთან თავსებადობაში მოიყვანს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ გაუმართაობასთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევის ან ფატალური შედეგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
აღნიშნული მიზეზით Tesla 2016-2023 წლებში წარმოებულ Model S და Model X-ებს გაიწვევს. გარდა ამისა, გაწვევა შეეხება 2017-2023 წლებში წარმოებულ Model 3-სა და 2020-2023 წლებში წარმოებულ Model Y ერთეულებს.
დატოვე კომენტარი