ხუთშაბათს Tesla Inc-მა (TSLA.O) განაცხადა, რომ ის შეუერთდება იაპონური კომპანიების კონსორციუმს, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰოკაიდოში, ენერგიის შესანახ ობიექტს აშენებენ. პროექტის მიზანია განახორციელოს ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაცია განახლებადი ენერგიის მოხმარების შემდგომ.
ამერიკული კომპანიის განცხადებით, ისინი ითანამშრომლებენ იაპონურ ენერგეტიკულ საცალო გამყიდველთან Global Engineering–თან და საინჟინრო ფირმა Ene-Vision–თან, რათა ააშენონ ენერგეტიკული საცავი. ეს საცავი დაკავშირებულია ენერგეტიკულ ქსელთან. მისი გამტარუნარიანობა საათში 6,095 კილოვატი იქნება და ამ ენერგიით 500–მდე სახლის ელექტროენერგიით მომარაგება გახდება შესაძლებელი.
პროექტის თანახმად, Tesla იაპონელ პარტნიორებს მეგაპაკის (Megapack) ბატარეის ტექნოლოგიას მიაწვდის. პროექტის განხორციელება 2022 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
Global Engineering, რომელიც ელექტროენერგიას საბითუმო ბაზარზე ყიდის, ამ შემთხვევაში ოპერატორის როლს მოირგებს და დააბალანსებს ბაზრის მოთხოვნასა და სიმძლავრის მიწოდებას, ხოლო Ene-Vision განახორციელებს საინჟინრო სამუშაოებს, შესყიდვებსა და მშენებლობას.
Global Engineering–ის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი იენია (2.7 მილიონი აშშ დოლარი).
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის შემდგომ გაფართოებას და შეამციროს სხვადასხვა რყევებით გამოწვეული ხარჯები. ამასთან, გამომუშავების სტაბილიზაციით, გენერატორებისა და საცავი ბატარეების გამოყენებით გაზარდოს ეფექტურობა – განაცხადა Global Engineering–მა.
დატოვე კომენტარი