ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლოდან ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla ჰუმანოიდი რობოტის გაყიდვებს დაიწყებს. მასკის განმარტებით, ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ი ჯერ კიდევ ლაბორატორიული კვლევების ეტაპზეა, თუმცა შესაძლოა მომავალი წლისთვის სარეალიზაციოდ მზად იყოს.
ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრიაზე ფსონს მრავალი კომპანია დებს. აღნიშნული ტიპის რობოტები მუშახელის დეფიციტის აღმოფხვრის პოტენციური გზაა. გარდა ამისა, მსგავს რობოტებს განმეორებადი სამუშაოს შესრულება უფრო უნაკლოდ შეუძლიათ. მათი გამოყენება ისეთ მაღალი რისკის მქონე ინდუსტრიებშიცაა გამართლებული, როგორიცაა: ლოგისტიკა, საწყობები, საცალო ვაჭრობა და წარმოება.
ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრიაში მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებს იაპონური Honda და Boston Dynamics-ი წარმოადგენს. მათი საწარმოო დანიშნულებით გამოყენება კი სულ უფრო ხელსაყრელი ხდება. რამდენიმე კვირის წინ Microsoft-ისა და Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპის, Figure-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანულ ავტომწარმოებელ BMW-სთან ჰუმანოიდი რობოტების საწარმოებში გამოსაყენებლად შეთანხმება გაფორმდა.
გრძელვადიან პერიოდში, ილონ მასკი Tesla-ს წამყვან მიმართულებად, ელექტრომობილების წარმოებასთან ერთად, ჰუმანოიდი რობოტების შექმნასაც განიხილავს. ილონ მასკს მსგავსი დაპირება მრავალჯერ გაუჟღერებია, თუმცა მათი ნაწილი დღემდე არ განხორციელებულა. მაგალითად, 2019 წელს ამერიკელი მილიარდერი ინვესტორებს Tesla-ს მიერ ე.წ. რობოტაქსების საოპერაციო ქსელის აშენებას ჰპირდებოდა, რომელიც ექსპლუატაციაში 2020 წლიდან ჩაეშვებოდა. თუმცა მსგავსი სერვისი Tesla-ს დღემდე არ შეუქმნია.