ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა, გერმანულმა Mercedes-Benz-მა პრემიუმ-სეგმენტის კიდევ ერთი ელექტრომობილი, EQE SUV-ი წარმოადგინა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, ამერიკული Tesla-ს Model Y-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრება, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz-ის მიერ მორიგი ელექტრომობილის დაანონსება, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, ავტოპარკის სრული ელექტრიფიკაციის გეგმას უკავშირდება.
Mercedes-Benz-ის უახლესი ავტომობილი – EQE SUV-ი, რომელიც კომპანიამ პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინა, Tesla Model Y-ზე მეტად გამძლე და უფრო ძვირად ღირებული მოდელია – ავტომობილი, რომელიც €70 ათასი ღირს, ელემენტის ერთი დამუხტვით 590 კილომეტრს გადის. ცნობისთვის გეტყვით, რომ Tesla Model Y-ის საწყისი ფასი $65 ათასია და ის 511 კილომეტრს გადის.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მუდმივად ვმუშაობთ სრული ელექტრიფიკაციის მიმართულებით“, – ვკითხულობთ Mercedes-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ოლა კალენიუსის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, Mercedes-ი ელექტრომობილების ვერსიის შეთავაზებას შიდა წვის ძრავის ყველა მოდელისთვის გეგმავს.
უახლესი მოდელი, რომლის აწყობას გერმანული კომპანია შტატ ალაბამაში გეგმავს, Mercedes-მა პარიზში, როდენის მუზეუმში წარადგინა. რაც უნდა უცნაური იყოს, პარიზის ავტოშოუს წამყვანი ევროპული ავტომწარმოებლები, Voklswagen-ი და BMW გამოაკლდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მიერ დატოვებული ვაკუუმი მალევე შეავსეს ჩინურმა ავტომწარმოებლებმა.
ჩინურ კომპანიებს შორის ყველაზე დიდი – BYD-ია, რომლის თითქმის 19%-იან წილს ლეგენდარული ინვესტორი, უორენ ბაფეტი ფლობს. თუმცა, BYD-ის გარდა ევროპული ბაზრის ათვისებაზე Nio, Great Wall Motor Company-ი და Seres Group-იც მუშაობენ.
დატოვე კომენტარი