მსოფლიოს უმდიდრესმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ ყოველწლიური კაპიტალური დანახარჯების $8 მილიარდამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, წელს Tesla $6-8 მილიარდის კაპიტალურ დანახარჯებს ელოდება, რაც წინა პროგნოზს $1-2 მილიარდით აღემატება.
საინტერესოა, რომ კაპიტალური დანახარჯების გაზრდას წინ უძღოდა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადება, რომლის თანახმად, Tesla-ს გიგაქარხნების მუშაობისთვის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი არის საჭირო – ეს თანხები იმდენად დიდია, რომ მასკმა გიგაქარხნებს „ფულის გიგანტური ღუმელები“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ კაპიტალური დანახარჯების დეფიციტურ ბიუჯეტზე მასკი ამ წლის მაისშიც საუბრობდა. Tesla-ს მფლობელთა კლუბის ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც მაისში გაიმართა, კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბერლინსა და ოსტინში ახლახან გახსნილ ქარხნებში წარმოების გაზრდას ვერ ახერხებდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური შედეგები მაინც დააფიქსირა.
დატოვე კომენტარი