Tesla-ს სათავო ოფისი სილიკონის ველიდან შტატ ტეხასის დედაქალაქ ოსტინში გადადის, სადაც კომპანია უკვე ერთი წელია, რაც ახალ გიგაქარხანას აშენებს, – ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ხუთშაბათს განაცხადა. მასკის განცხადებით, კალიფორნიის შტატ ქალაქ ფრემონტში არსებული ქარხანა ფუნქციონირებას გააგრძელებს და მეტიც, კომპანიაში მისი წარმადობის გაზრდა სურთ, 50%-ით.
„მოდი, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ კალიფორნიაში ჩვენს აქტივობას კიდევ უფრო გავზრდით – გამოდის, რომ Tesla კალიფორნიას არ ტოვებს“, – განაცხადა მასკმა ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე. თუმცა ეს გადაწყვეტილება ფრიად უცნაურია, რადგან კალიფორნიაში Tesla-ს მანქანები ყველაზე პოპულარულია. მეტიც, ტეხასის კანონმდებლობის მიხედვით Tesla (და სხვა ავტომწარმოებლები) ტეხასელ მომხმარებლებს საკუთარი წარმოების მანქანებს პირდაპირ ვერ მიჰყიდის.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ტეხასში გადაბარგებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, მას მერე, რაც პანდემიის შეჩერების მიზნით, კალიფორნიის ხელისუფლებამ ქარხანაში მომუშავე ადამიანებს სამსახურში სიარული აუკრძალა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მასკმა ფაშისტური უწოდა და პროტესტის ნიშნად იმ მუნიციპალიტეტსაც უჩივლა, რომელშიც Tesla არის რეგისტრირებული. ცნობისთვის, გასულ წელს, ტეხასში საცხოვრებლად ილონ მასკიც გადავიდა.