S3 Partners-ის მონაცემებით, Tesla-ს „შორტსელერებმა“ ბოლო ოთხი სესიის განმავლობაში $5.5 მილიარდი იზარალეს. „შორტსელერები“ ის ინვესტორები არიან, რომლებიც ფსონს კომპანიის აქციების ფასის გაუფასურებაზე ჩამოდიან. ინვესტორთა ზარალი ამერიკული ავტომწარმოებლის მხრიდან ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოების დაანონსებას მოჰყვა.
24 აპრილს გაკეთებული განცხადების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მხოლოდ ორშაბათს 16%-იანი მატება დაფიქსირდა. ეს კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ცნობილია, Tesla-მ რამდენიმე ძირითად მარეგულირებელ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩინეთში ავტომატური მართვის პროგრამული უზრუნველყოფის გაშვებას ხელს უშლიდა, შეთანხმებას მიაღწია.
ანალიტიკური ფირმის მონაცემებით, მხოლოდ ორშაბათს „შორტსელერებმა“ Tesla-ს აქციების ფასების ზრდით $2.93 მილიარდი იზარალეს. მიუხედავად ამისა, 2024 წლისთვის მასკის ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 20%-ითაა დავარდნილი, რის შედეგადაც იმ ინვესტორებმა, რომლების ფსონებს Tesla-ს წინააღმდეგ ჩამოდიოდნენ, წელს $4.10 მილიარდის მოგება ნახეს.
Tesla-ს საჯაროდ დალისტული აქციების 3.97% ($18.53 მილიარდის ღირებულების) მოკლე პოზიციაზეა. მოკლე პოზიცია არის ფასიანი ქაღალდებით ან სხვა აქტივებით ვაჭრობის სტრატეგია, როდესაც ფასიანი ქაღალდების ან სხვა აქტივების მფლობელი ყიდის თავის აქტივებს იმ მოლოდინით, რომ მათი ფასი მომავალში შემცირდება.