ავღანეთის ყოფილი მთავრობისაგან ქვეყანაზე კონტროლის გადაბარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, თალიბანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობას ითხოვს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, გუტერეშის სპიკერმა, ფარჰან ჰაქმა დაადასტურა, რომ გენერალურმა მდივანმა ორშაბათს ავღანეთის ისლამური საამიროს მთავრობისაგან მიიღო წერილი, რომელშიც ეს მოთხოვნა იყო გაჟღერებული.
ჯერჯერობით უცნობია, განიხილავს თუ არა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თალიბანის მოთხოვნას წლევანდელი სესიის დასრულებამდე. საინტერესოა, რომ თალიბანის წერილის დამუშავება გაეროს გენერალური ასამბლეის რწმუნებათა სიგელების კომიტეტს დაევალა. თუმცა ჯგუფს, რომლის წევრებიც ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და გაეროს სხვა ექვსი წევრი სახელმწიფოა, ამ მიზნით შეხვედრა ჯერჯერობით არ ჩაუნიშნავთ.
შეგახსენებთ, რომ უცხოური მთავრობები თალიბანს ავღანეთის ლეგიტიმურ მმართველად ჯერ კიდევ არ აღიარებენ. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, თალიბანის წარმომადგენლებს პაკისტანისა და კატარის ოფიციალური პირები უკვე შეხვდნენ. გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტიდან პერსონალის ევაკუაციის პროცესში აქტიურად თანამშრომლობდნენ თალიბანთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ განცხადება გააკეთა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მან აღნიშნა, რომ, მისი აზრით, არავინ ჩქარობს ავღანეთის ლეგიტიმურ მმართველად თალიბანის აღიარებას. პაკისტანის მთავრობის მიერ თალიბანის აღიარების შემდეგ გახშირდა ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქვეყანა ჯგუფს მხარდაჭერას აღუთქვამდა, თუმცა პაკისტანმა ეს ბრალდებები უარყო.
დატოვე კომენტარი