არაბთა გაერთიანებული საამიროების ხილ-ბოსტნეულის ბაზარი -მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია, რომელიც, ამასთანავე, რეგიონის ტრანზიტული ცენტრიცაა. ხილ-ბოსტნეულის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა Rush Global-ი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ორმოცდასამი წლის წინ დაარსდა და დღეს ათობით ქვეყანასა და შვიდ გლობალურ რეგიონში არის წარმოდგენილი, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. საინტერესოა, რომ Rush Global-ის დუბაის ფილიალს ქართველი ქალი, თამარა მაჭავარიანი უძღვება, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრიტანული გიგანტისგან კომპანიის დუბაის ფილიალის 100%-იანი წილი შეისყიდა.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია: მსხვილი ინვესტიციის განხორციელების გარდა, თამარა მაჭავარიანს კიდევ ერთი სიახლე აქვს – Gulf News-მა ის 20 საუკეთესო ბიზნესლიდერის სიაში შეიყვანა.
ამ მიღწევებზე, კომპანიის სამომავლო გეგმებსა და ქართულ ხილ-ბოსტნეულზე თამარა მაჭავარიანს ვესაუბრეთ.
რას გულისხმობს თქვენ მიერ Rush Global-ის დუბაის ფილიალის 100%-იანი წილის ფლობა – განახორციელეთ თუ არა ინვესტიცია და რა შემოსავლებზე არის საუბარი?
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, პანდემიამ და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამ ევროპის ბაზარზე დიდი ცვლილებები გამოიწვია, რამაც, თავისთავად, იმპორტ-ექსპორტი გაართულა. ამ ყველაფრის ფონზე, შემცირდა დუბაის ფილიალის მხარდაჭერა, რამაც ბიზნესის განვითარება შეაფერხა, მე კი გადამაწყვეტინა, Rush Global-ისგან დუბაის ფილიალი ნახევარ მილიონ დოლარად შემეძინა და მისი მართვა გამეგრძელებინა. Rush Global-ი ერთი წლის კომპანიაა, რომლის წლიური ბრუნვა $2 მილიონია.
რა სტრატეგია ჰქონდა კომპანიას, სანამ მის 100%-იან წილს შეიძენდით და აპირებთ თუ არა მის შეცვლას?
დუბაის ფილიალს თავიდანვე მე ვმართავდი – ძალიან მოკლე დროში კომპანია საგრძნობლად გაიზარდა. სტრატეგიას რაც შეეხება, ის მუდამ ერთი იყო: გვსურს, ვიყოთ გულახდილები და კეთილსინდისიერები როგორც მომწოდებლებთან, ასევე კლიენტებთან.
2022 წელს იმპორტის გასამმაგებას ველოდებით: მათ შორის, საქართველოდან, ევროპიდან, ეგვიპტიდან, ავსტრალიიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. რიცხობრივად ეს ზრდა თვეში ორმოც კონტეინერს აღემატება.
თამარა, როგორ შეიცვალა კომპანიის მიდგომა პანდემიისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების დასაწყისიდან – დღემდე?
პანდემიის დაწყებასთან ერთად, ყველაფერმა სახე იცვალა: გადამზიდი ტრანსპორტის მუშაობა შეფერხდა, რამაც გლობალური ბაზრის ცვლილებები გამოიწვია და, შეიძლება ითქვას, სიტუაცია უმართავიც კი გახადა. თუმცა ასეთ დროს უკან დახევა – დამარცხების ტოლფასია. არ დავნებდით, პრობლემებს გავუმკლავდით და პირველი ტალღა გადავლახეთ.
ფიქრობთ თუ არა თქვენი პორტფოლიოს გაზრდას ქართული პროდუქტებით?
ქართული ნაწარმი დიდი პოტენციალის მქონე პროდუქტებისგან შედგება. გარდა ამისა, უნდა დაფასდეს ქართველი ფერმერების შრომა და ჩვენს მიწაზე მოყვანილი ხილი და ბოსტნეული მსოფლიო ბაზარზე მოხვდეს. ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც მაღალტექნოლოგიური შესაფუთი და დამახარისხებელი დანადგარების შეძენით არის შესაძლებელი – დღეს საქართველოში სტაფილოს, ვაშლის, ატმისა და სხვა პროდუქტების დახარისხება და შეფუთვა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ახლო მომავალში ინვესტიცია განვახორციელოთ და მცირე ზომის ქარხანა გავხსნათ, რომელშიც ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის დახარისხება და შეფუთვა იქნება შესაძლებელი.
თამარა, ცოტა ხნის წინ, Gulf News-მა ოცი საუკეთესო ბიზნესლიდერის სიაში მოგახვედრათ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ოც საუკეთესო ბიზნესლიდერის სიაში მოხვედრა ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან სალეჰ ლუთა, იუსუფ ალი, მა იონგსენგი – ჩემთვის უდიდესი პატივია. დუბაიში ბიზნესის მართვა და წარმატებულ ბიზნესლიდერად ჩამოყალიბება დიდძალ შრომას მოითხოვს, ამიტომ ამ სტატუსით ძალიან ვამაყობ.
თქვენს რეგიონსა და ბაზარზე, ერთადერთი ქალი ტოპ–მენეჯერი ხართ – ზოგადად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსაზოგადოებაში რაოდენობრივად კაცები ჭარბობენ. უფრო დეტალურად ხომ ვერ მოგვიყვებით თქვენი უნიკალური გამოცდილების შესახებ? რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ?
ვფიქრობ, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა სტერეოტიპი დავამსხვრიე – ერთადერთი ქართველი ქალი ვარ, ვინც დუბაიში ბიზნესს მართავს. მეგონა, რომ რთულ გზას დავადექი, მაგრამ, საკუთარი თავის რწმენით, მიზანი რეალობად ვაქციე.
კი, ბაზარზე ნამდვილად კაცები ჭარბობენ, თუმცა ჩემთვის ამ ფაქტს ხელი არასდროს შეუშლია – პირიქით, მათთან მუშაობა ძალიან მიადვილდება, მათგან მხოლოდ პატივისცემასა და გვერდში დგომას ვგრძნობ, რისთვისაც მადლობელი ვარ. თანაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, კომპანიის ყველა თანამშრომელი – კაცია.
დატოვე კომენტარი