Adjarabet-ის საკონტროლო პაკეტის შეძენით Paddy Power Betfair-მა საქართველოში €116 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რითაც ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი გახდა. Forbes Georgia პირველი მედიასაშუალებაა, რომელიც კომპანიის დირექტორს, პიტერ ჯექსონს ესაუბრა.
ორი კომპანიის შერწყმის შედეგად დაფუძნებული ირლანდიური კონპანია Paddy Power Betfair-ის სათავო ოფისი დუბლინში მდებარეობს. მსოფლიოში უმსხვილესი აზარტული თამაშების კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ირიცხება. გასულ წელს მისმა შემოსავალმა 2.183 მილიარდ ევროს მიაღწია. 2018 წელს კომპანიამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა, 43 წლის პიტერ ჯექსონი, რომელსაც აქამდე არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. იგი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებს იკავებდა Travelex-ში, Worldpay UK-სა, და of Banco Santander UK Group-ში. მისი დანიშვნის შემდეგ Paddy Power Betfair-მა აქტიურად დაიწყო გაფართოება და ამერიკული კომპანია FanDuel-ის 61%-იანი წილი შეიძინა. მის სახელს უკავშირდება კომპანიის მიერ პირველი განხორციელებული ტრანზაქცია საქართველოში, როდესაც 2019 წლის დასაწყისში მათ Adjarabet-ის საკონტროლო პაკეტი დაახლოებით 116 მილიონ ევროდ შეიძინეს და საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორები გახდნენ.
პიტერი სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას, რომ ქართულ მედიასთან მისი პირველი ინტერვიუ Forbes Georgia-სთან შამდგარიყო. პიტერის ოფისში შესვლისას ვერ წარმოიდგენთ, რომ ის აზარტული თამაშების გიგანტის CEO-ს ეკუთვნის. მისი პატარა, სადა ოფისი “Power Tower”-ის პირველ სართულზე მდებარეობს. ასვლისთანავე თქვენს ყურადღებას კუთხეში მიბჯენილი ლურჯი ველოსიპედი მიიქცევს, რომლითაც ის სამსახურში დადის. პიტერის თქმით, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ დილის საცობები თავიდან აირიდოს, და მისი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს. Paddy Power Betfair-ის სათავო ოფისი თანამედროვე სტილისაა – გახსნილი სამუშაო სივრცე და სპორტული, ყოველდღიური დრესკოდი. გენერალური დირექტორის კაბინეტის მდებარეობაც ხაზს უსვამს კომპანიის სამუშაო კულტურას, რომ საჭიროების შემთხვევაში გენერალური დირექტორი ყველა თანამშრომლისთვის თანაბრად, ადვილად მისაწვდომია, რაც გადაწყვეტილებების მიღებას ამარტივებს. საქართველოს სილამაზით მონუსხულმა პიტერმა თავისი მოგზაურობის შესახებ მომიყვა, რის შემდეგაც დავიწყეთ ინტერვიუს ჩაწერა Paddy Power Betfair-ის ინვესტიციაზე ქართულ Adjarabet-ში და პიტერის მოსაზრებაზე აზარტული თამაშების ინდუსტრიის შესახებ.
ცოტა ხნის წინ თქვენ “აჭარაბეთის” 51%-იანი წილი შეიძინეთ და მომავალი 3 წლის განმავლობაში დარჩენილი 49% შეძენას გეგმავთ. რა ცვლილებებს ელოდებით ამ სამ წელიწადში და რატომ არ გადაწყვიტეთ, რომ “აჭარაბეთის” 100%-იანი მეწილეები თავიდანვე გამხდარიყავით?
ეს მიღებული პრაქტიკაა. გვინდა, რომ კარგად გავეცნოთ საქართველოს ბაზარს და ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან გავამყაროთ ურთიერთობა. შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ დარჩენილი წილი არ შევისყიდოთ და ქართულ მხარეს დავუტოვოთ.
ესე იგი, საბოლოო გადაწყვეტილებას მას მერე მიიღებთ, რაც უკეთ გაეცნობით საქართველოში არსებულ გარემოს?
დიახ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევეწყობით “აჭარაბეთის” გუნდს, მათთან მუშაობას და თუ როგორ განვავითარებთ კომპანიას.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება და როგორია თქვენი მოსაზრება საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე?
ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ ვეძებთ ქვეყნებს, სადაც აზარტული თამაშები დაშვებულია და მაღალ დონეზეა განვითარებული. ამით მოგვხიბლა საქართველომაც. თქვენს ქვეყანაში ჩვენ ყველაზე მსხვილი ინვესტორები ვართ, რაც ძალიან გვახარებს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში საკმაოდ კარგი, დადებითი ბიზნესგარემო დაგვხვდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა გარკვეულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა სავიზო მხარდაჭერა და ა.შ. რაზედაც მათ თავიანთი მზაობა დაგვიდასტურეს.
სასიამოვნოა ამის გაგება. როგორ მიგაჩნიათ, სხვა ქვეყნებთან შედარებით როგორია ქართული რეგულაციები აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით?
პირდაპირ პარალელს ვერ გავავლებ სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან, რადგან მნიშვნელოვანია ყველა იმ პირობის გათვალისწინება, რომელიც ინვესტიციას თან ახლავს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ “აჭარაბეთს” კარგი და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებთან. ეს ნამდვილად დიდ როლს ითამაშებს ბიზნესის უკეთ განვითარებაში.
აპირებთ თუ არა გარკვეული ცვლილებების შეტანას Adjarabet-ის ყოველდღიურ საქმიანობაში და მის მენეჯმენტში?
მეც და ჩემს თანამშრომლებსაც ქართულად მხოლოდ “გამარჯობის” თქმა შეგვიძლია, ამიტომ Adjarabet-ის საქმიანობაში არანაირი ცვლილების განხორციელებას არ ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია იმან მართოს, ვინც უკეთ ერკვევა ადგილობრივ კულტურაში, აქვს ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და უნარი, სწრაფად ამოიცნოს და დააკმაყოფილოს ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები. არჩილ კახიძე, რომელიც Adjarabet-ის ხელმძღვანელია, წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ კომპანია კიდევ უფრო წარმატებული გახადოს. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას და მოხარულები ვართ მასთან მუშაობით. Paddy Power Betfair ყველანაირად შეუწყობს ხელს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომ ჰქონდეთ წვდომა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებზე, რომ განავითარონ ბიზნესი და კიდევ უფრო წარმატებული გახადონ ის.
Paddy Power Betfair უმეტესწილად ცნობილია თავისი მოღვაწეობით ონლაინ სათამაშო ბიზნესში. Adjarabet-ი საქართველოში ონლაინბიზნესის გარდა ფლობს კაზინოებსაც. აპირებთ თუ არა გააგრძელოთ კაზინოების ოპერირება?
დიახ, მართალი ხართ. ჩვენ ონლაინბიზნესში საკმაოდ წარმატებულები ვართ. ამას გარდა, ვფლობთ 650 მაღაზიას გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში, სადაც მაღაზიები გვაქვს, ჩვენს კონკურენტებზე ბევრად უფრო წარმატებულები ვართ. რაც შეეხება კაზინოებს საქართველოში, ჩვენ გავაგრძელებთ კაზინოების მართვას, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი კონტრაქტის ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოში კარგი საგადასახადო სისტემაა, დაბალია ბიზნესის ოპერირების ხარჯიც. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია საქართველოდან გახვიდეთ სომხეთის ბაზარზეც, ხომ არ გიფიქრიათ რეგიონალური ოფისის საქართველოში გახსნაზე?
ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ოფისი გვაქვს და ათასობით ადამიანი გვყავს დასაქმებული. ოფისის ადგილს იმის მიხედვით ვარჩევთ, სადაც უფრო მეტად კვალიფიციური მუშახელია. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თქვენ ბევრი შესაძლებლობა გაქვთ და ბევრი ნიჭიერი, განათლებული მუშახელი გყავთ. მეტიც, აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ “აჭარაბეთის” კვალიფიციური თანამშრომლების უნარები ჩვენს ბიზნესკომპანიებს მოვახმაროთ.
უმსხვილესმა საერთაშორისო კომპანიამ – GVC-იმ, რომელიც მანის კუნძულებზეა რეგისტრირებული, ქართული Crystalbet-ი შეიძინა. მიიჩნევთ თუ არა მათ მთავარ კონკურენტად საქართველოში?
საქართველოში ბევრი წარმატებული ბიზნესია. Crystalbet-ი ნამდვილად ძლიერი მოთამაშეა. საერთაშორისო კომპანიები შემოდიან საქართველოს ბაზარზე და აფართოებენ თავიანთ კომპანიებს, ეს გარდაუვალი პროცესია. ამიტომ ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, რომ მომხმარებელი ყოველთვის ბედნიერი დავტოვოთ და შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ზუსტად პასუხობს მის მოთხოვნას. მომხმარებელზე ორიენტირებულობა ერთადერთი საშუალებაა, რომ კონურენციას გაუძლო და მეტი მოთამაშე მოიზიდო.
როცა Paddy Power Betfair-ის საქმიანობას ვეცნობოდი, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ძირითადად კომპანიების გაერთიანებით ფართოვდებით. რა არის ამის მიზეზი?
Paddy Power and Betfair-ი 2016 წლის გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ამის შემდეგ ჩვენ არაერთი კომპანია შევიძინეთ, მათ შორის განვახორციელეთ ინვესტიცია Adjarabet-ში. რა თქმა უნდა, გვინდა, ჩვენი ბიზნესი ორგანულად გაიზარდოს, რაც ბევრ ქვეყანაში მოვახერხეთ, თუმცა კომპანიების შერწყმის გარეშე ვერასდროს ვერ მივაღწევდით იმავე პოზიციებს, რასაც ახლა მსოფლიო აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ვფლობთ. საქართველო ამის ნათელი მაგალითია, თქვენ ბევრი ძლიერი სათამაშო ბიზნესი გაქვთ, სადაც Paddy Power Betfair-ის შესვლით და დამოუკიდებელი ბრენდის განვითარებით ვერასდროს ვერ მივაღწევდით Adjarabet-ის დღევანდელ პოზიციებს.
როგორია თქვენი გაფართოების გეგმა და რა კრიტერიუმებით აფასებთ ქვეყნებს?
ჩვენ გვინდა გავამყაროთ ჩვენი კომპანია ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. ამის გარდა Paddy Power Betfair-ი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ოპერირებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ კომპანია სწრაფად იზრდება არსებულ და ახალ ბაზრებზე. ამისთვის ჩვენ ვქმნით ახალ პროგრამებს, ახალ საგადასახადო საშუალებებს, ვაწესებთ სხვადასხვა ფასს და ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ბიზნესი სათანადოდ მოერგოს ადგილობრივ მოთხოვნებს ყველა ქვეყანაში. ამის გარდა ვკონცერტრირდებით ამერიკაზე და ყველა შესაძლებლობა გვინდა წარმატებით გამოვიყენოთ. დაბოლოს, ჩვენი ამოცანა ლიდერი პოზიციების დაკავებაა. ბიზნესის გაფართოებამდე ყოველთვის წინასწარ ვსაზღვრავთ, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ გაფართოებას ჩვენი კომპანიისთვის და თუ რამდენად კონკურენტუნარიანია გარემო.
დღეს მომხმარებლის ინფორმაციაზე წვდომა საგრძნობლად განაპირობებს ბიზნესის წარმატებას. ყოველდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვა და მისი კეთილსინდისიერად მოპოვება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებაში.
იქიდან გამომდინარე, რომ Paddy Power Betfair-ს აქვს წვდომა ათასობით მომხმარებლის პირად ინფორმაციასთან როგორიც არის: საბანკო მონაცემები და ა.შ. რას ფიქრობთ ბლოქჩეინის დანერგვაზე თქვენს ბიზნესში?
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს წვდომა უამრავ პირად მონაცემთან, თუმცა ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა GDPR-ის მონაცემებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დატა სწორად და სათანადოდ იყოს დაცული. რა თქმა უნდა ბლოკჩეინს ტექნოლოგიები ბევრგან გამოიყენება. თუმცა ჯერ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ბლოკჩეინს ისე სწრაფად და იმხელა ინფორმაციის რაოდენობასთან შეუფერხებლად შეუძლია მუშაობა, როგორიც ჩვენს ბიზნესშია.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, ჩვენ მსოფლიოში უმსხვილესი ბიტკოინის მწარმოებელი ქვეყანა ვართ. საქართველო ბიზნესს გამარტივებულ რეგულაციებს და თავისუფალ ეკონომიკურ ზონას სთავაზობს ბიტკოინის განსავითარებლად. აპირებთ თუ არა, რომ ბიტკოინი თქვენს ბიზნესში გამოიყენოთ?
რა თქმა უნდა, ჩვენ მოქნილები უნდა ვიყოთ, რომ უზრუნველვყოთ ყველა გადახდის საშუალება, რაც ჩვენს მომხმარებელს ექნება. ჩვენს კონკურენტებს ჰქონდათ ამის მცდელობა, რომ ბიტკოინები დაენერგათ ბიზნესში, თუმცა ამ ეტაპზე მოთხოვნა არ არის მაღალი და ჩვენ არ განვიხილავთ ამ შესაძლებლობას.
რას ფიქრობთ, რა გავლენა ექნება მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებს სათამაშო ინდუსტრიაზე?
ბევრი საინტერესო მიმართულებაა ამ მხრივ. მაგალითად, esports-ი. ზოგადად, ჩვენ ძალიან ინოვაციური ბიზნესი ვართ და არაერთი გამოგონება გვაქვს აზარტულ თამაშებში. მაგალითად, ჩვენ გამოვუშვით “cash out”. ვიმედოვნებ, რომ თუ რამე წარმატებული ინოვაციები იქნება, ჩვენ პირველები დავნერგავთ მათ.
როგორ ახალისებთ ანტრეპრენიორობას და კვლევა-განვითარებას კომპანიაში?
ჩვენი კომპანია კონცენტრირებულია მომხმარებელზე. ეს ხშირად იმ ამოცანების ამოხსნას ნიშნავს, რაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა. მაგრამ მომხმარებლის გამო გვიწევს ამ სირთულეების გადალახვა და მათ მიერ დაკვეთილი პროდუქციის შექმნა.
რა არის მთავარი აზარტული თამაშების ინდუსტრიაში იმისთვის, რომ მიაღწიოთ და შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა? ეს მეტწილად ინტელექტუალური საკუთრების ქონასა და დაცვასთანაა დაკავშირებული თუ ფსონების დასადებად საიტების სიმარტივეზეა დამოკიდებული?
ჩვენი გამოცდილებით, ყველა ბაზარზე მთავარია კარგი ხარისხის პროდუქციის ქონა. Paddy Power Betfair ბრენდისთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი მარტივად გამოსაყენებელი და სწრაფი იყოს. ამ მიდგომას ქართული Adjarabet-იც იზიარებს.
ზოგადად არის ტენდენცია, რომ ადამიანები ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდნენ. ნაკლები ალკოჰოლი დალიონ, არ მოწიონ და თავი დაანებონ მავნე ჩვევებს. აისახება თუ არა ეს ტენდენცია თქვენს აზარტული თამაშების ინდუსტრიაზე?
ჩვენ ვქმნით გასართობ საშუალებას მილიონობით ადამიანისთვის. ზოგი დამოკიდებულია თამაშებზე, ისევე როგორც ბევრი ადამიანი დამოკიდებულია ჭამაზე. ყველაფერში ზომიერების დაცვაა მთავარი.
გაქვთ თუ არა რამე დამცველი მექანიზმი, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები გამოავლინოთ?
დიახ, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რიგ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც დამოკიდებული მოთამაშეების იდენტიფიცირებას ვახდენთ და მათ დახმარებას ვუწევთ. ვურეკავთ ტელეფონზე, ვუწერთ წერილებს ელექტრონულ მისამართზე და ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ, დაძლიონ დამოკიდებულება.
რა არის აზარტული თამაშების მთავარი გამოწვევა?
ერთი მხრივ, ამერიკული ბაზარი ნელ-ნელა უფრო თავისუფალი ხდება აზარტული თამაშებისთვის. მისი ბაზრის სიდიდისგან გამომდინარე, ეს გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მეორე მხრივ, ჯერ კარგად არ არის განვითარებული ონლაინფსონები, ბაზრის მხოლოდ 10% არის ათვისებული, რაც კომპანიებს დიდი განვითარების პოტენციალს აძლევს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მომხმარებელს, რომელსაც სურვილი ექნება დაცულ, ვირტუალურ რეალობაში დადოს ფსონები, ჩვენი კომპანია დაეხმარება.
ქართველებს ძალიან გვიყვარს პოლიტიკა. ბევრს მოეწონება ინიციატივა, რომ ფსონები დადოს ამა თუ იმ კანდიდატზე არჩევნების დროს და ამ გზით ფული მოიგოს. თქვენ უკვე შექმენით ასეთი პრეცედენტი ამერიკაში, როდესაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონზე და დონალდ ტრამპზე ამომრჩეველს შეეძლო ფსონების დადება. როგორ აფასებთ კანდიდატების მოგების ალბათობას?
ზუსტად იმავენაირად, როგორც ამას ფეხბურთის თამაშზე ან ცხენების დოღზე ვაკეთებთ. მომხმარებელი უნდა გადაიხაროს რომელიმე კანდიდატის მხარეს.
პიტერ, თქვენ 43 წლისთვის საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწიეთ. წამყვანი პოზიციები გეკავათ Lloyds Bank-ში, Halifax Bank of Scotland-ში, McKinsey & Company-ში და სამი უმსხვილესი კომპანიის გენერალური დირექტორი იყავით. როგორ მიაღწიეთ ასეთ სიმაღლეებს?
ბევრი მუშაობით და იღბლით. რაც უფრო მეტს შრომობ – უფრო იღბლიანი ხდები.
თქვენი აზრით, რა არის დღეს სამუშაო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი უნარი?
ის, რომ იცოდე, თუ როგორ გამოიძინო თვითმფრინავში (იცინის). ალბათ მიზანდასახულობა და კომუნიკაციის უნარი. მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვრო კომპანიის პრიორიტეტები და უზრუნველყო ადვილი კომუნიკაცია ყველა თანამშრომელს შორის, რომლებმაც ზუსტად გაიგეს, რა არის კომპანიის სამომავლო მიზანი და ისეთი ძლიერი გუნდი შექმნა, რომელიც ბიზნესს ამ მიზნამდე წარმატებულად მიიყვანს.
დაბოლოს, გვითხარით, როგორი იყო თქვენი მოგზაურობა საქართველოში?
საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, დილით სარბენად გამოვედი და აღფრთოვანებული დავრჩი თბილისის სილამაზით. თქვენ შესანიშნავი მასპინძლობის კულტურა გაქვთ და, რა თქმა უნდა, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატავად, თუ როგორ მომეწონა ქართული ღვინო და კერძები. დიდი სურვილი მაქვს, კიდევ გესტუმროთ.
ინტერვიუ ინგლისურ ენაზე.
დატოვე კომენტარი