მიმდინარე წელს, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი მატების ფონზე, ქართველი ანტრეპრენიორის, თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაარსებული ფინტექ-კომპანია Raisin-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა €20 მილიარდით, შესაბამისად 66%-ით, €50 მილიარდამდე გაიზარდა. Financial Times-თან საუბრისას გიორგაძის განცხადებით, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, თანხის მეოთხედი ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებელზე მოდის.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში, Raisin-მა, არსებული და ახალი ინვესტორებისგან, მათ შორის Goldman Sachs-სგან, €60 მილიონი მოიზიდა, რომლის გამოყენებასაც ვებგვერდის გაუმჯობესებისა და აშშ-ში გაფართოებისთვის გეგმავს.
გარდა აღნიშნული სიახლისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Raisin-ის მრჩეველთა საბჭოს UBS-ის ყოფილი თავმჯდომარე და „ბუნდესბანკის“ პრეზიდენტი აქსელ ვებერი შეუერთდა. ვებერი, რომელმაც 10-წლიანი მუშაობის შემდეგ UBS-ი 2022 წელს დატოვა, კომპანიაში მოვალეობის შესრულებას დეკემბრიდან შეუდგება.
კომპანიის შიდა განხილვებში ჩართული პირის ცნობით, დიდი ალბათობით, ვებერი საბჭოს თავმჯდომარედაც დაინიშნება და აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ყოფილ პრემიერსა და Raisin-ის ინვესტორს, ლადო გურგენიძეს ჩაანაცვლებს. წყაროს ინფორმაციით, გურგენიძე კომპანიის მრჩეველთა საბჭოში დარჩება.
მრჩეველთა საბჭოს, რომელიც ყოველ კვარტალში იკრიბება, სულ ექვსი გარე წევრი ჰყავს, რომლებიც ძირითადად ინვესტორთა წარმომადგენლები არიან. სამეთვალყურეო საბჭოსგან განსხვავებით, მას გადაწყვეტილების მიღების ფორმალური უფლება არ გააჩნია, თუმცა მენეჯმენტის გუნდს სტრატეგიულ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს.
ცნობისთვის, Raisin-ი 2013 წელს დაარსდა. კომპანიის ონლაინპლატფორმები ოპერირებს გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ევროპის ხუთ სხვა ქვეყანაში. პლატფორმების საშუალებით მომხმარებელს შემნახველი ანგარიშებისა და სხვა ფინანსური პროდუქტების შედარება, ასევე ბანკებში ფულის პირდაპირი შეტანა შეუძლია.