2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9 პროცენტიანი ზრდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში, გასული წლის ივლისთან შედარებით, 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიზნობრივი წლიური ინფლაცია 3%–ია. ინფლაციის დონეზე საკუთარ პროგნოზს უკვე გადახედა ეროვნულმა ბანკმა. კერძოდ, სებ–ი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის დონე საქართველოში 4.5%–ის ფარგლებში იქნება.
ინფლაციის თამბაქოს გარეშე გამოქვეყნება საქსტატმა დღეს, 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ, განაპირობა შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი მატება, რამაც თამბაქოს პროდუქციის მოხმარებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარკვეული ზეგავლენა იქონია ინფლაციის მაჩვენებელზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.33 პროცენტული პუნქტით აისახა.
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.7 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
- დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
- ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.5 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
დატოვე კომენტარი