ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე – ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულებით განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გართულდეს რეგულაციების გამკაცრებისა და გადასახადების ზრდის კვალდაკვალ განსაკუთრებით მაშინ, როცა არც ერთ ამ პროცესს წინ არ უძღვის რეგულირების გავლენის წინასწარი ანალიზი და კომუნიკაცია ინდუსტრიასთან. Forbes Georgia-მ გადაწყვიტა, თემა BAT-ის კავკასიისა და მოლდოვის ტოპ-მენეჯმენტთან ერთად გაშალოს.
“ამ ბაზარზე მეტი გამჭვირვალობა გვჭირდება” – ეს არის პირველი ფრაზა, რაც ისმის ჩემს კითხვაზე BAT-ის გენერალურ დირექტორთან კავკასიასა და მოლდოვაში ფელისიო ფერაზთან და ამავე კომპანიის იურიდიულ და საგარეო საქმეთა მიმართულების დირექტორთან ზვიად სხვიტარიძესთან.
Forbes Georgia-ს ინტერესი თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ სრულიად ბუნებრივია, რადგან დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე მეტად დაბეგრილი და რეგულირებული ინდუსტრია საქართველოში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 10%–ს გენერირებს.
თამბაქოს ინდუსტრიის რეგულირების მიზანი საქართველოშიც, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, კეთილშობილურია – შეამციროს მწეველთა რაოდენობა და იზრუნოს მათ ჯანმრთელობაზე. თუმცა ამ მიზნის მიღწევის გზები ბაზრის გამოცდილ გლობალურ მოთამაშეებში კითხვის ნიშნებს წარმოშობს.
როდესაც Forbes Georgia ამბობს, რომ ბაზრის რომელიმე მოთამაშე გლობალურია, ეს ასეც არის: 200–ზე მეტ ბაზარზე გატანილი ბრენდებით; 2018 წელს ბაზრის ლიდერობით 50–ზე მეტ ქვეყანაში; 6 კონტინენტის მოცვით და ისეთ რეგიონებში წარმომადგენლობებით, როგორიცაა ამერიკა და სუბსაჰარული აფრიკა; ევროპა და ჩრდილოეთი აფრიკა; აზია–წყნარი ოკეანეთი და შუა აღმოსავლეთი – ეს არის BAT. ამ გლობალური კომპანიის ბრენდებს ყოველდღიურად 150 მილიონი ზრდასრული მომხმარებელი ირჩევს.
ასეთი საერთაშორისო მოცვა BAT-ს ანიჭებს დიდ გამოცდილებას სხვადასხვა ბაზარზე და უნარს, ერთმანეთს შეადაროს ამ ბაზრებზე და მათ შორის საქართველოში მოქმედი საგადასახადო და მარეგულირებელი გარემო.
მთელ მსოფლიოში თამბაქოს ინდუსტრია რეგულირებულია. მოწევის საკითხისადმი ორი ძირითადი მიდგომა არსებობს და მოდი, ამ მიდგომების მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები ორ კალათაში მოვათავსოთ.
პირველი კალათა იქნება მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიოს მისაღებად საჭიროა თამბაქოს ლეგალურმა ბიზნესმა აღარ იარსებოს. ამდენად, ამ მიმართულებით აუცილებელია მკაცრი ზომების გატარება – მათ შორის, აკრძალვები და აქციზური შოკები.
მეორე კალათა იქნება მათთვის, ვისაც სჯერა, რომ მოწევა ზრდასრული ადამიანების გაცნობიერებული გადაწყვეტილებაა, სადაც რისკები აწონილია და მათზე ძვირად სიამოვნება ფასობს. ამდენად, სიამოვნებასთან მეტოქეობა სისულელეა, რადგან ეს ვერც ფინანსური, ვერც პრაგმატული სარგებლის მომტანი ვერ იქნება: მომხმარებელი მოწევის მოთხოვნილებას უფრო იაფი პროდუქტით დაიკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უარეს ბრენდს შეიძენს ან, რაც უფრო პრობლემურია, ე.წ. შავ ბაზარს მიაკითხავს.
ასეთი ცუდი და უკიდურესი სცენარის თავიდან ასაცილებლად, რაც დააზარალებდა ყველას – მთავრობას, რომელიც შემოსავლებს დაკარგავდა; ინდუსტრიას, რომელიც ხარისხსა და მოგებას დაკარგავდა და პირველ რიგში, თავად მომხმარებლებს, რომლებსაც ხელმისაწვდომობა გაეზრდებოდათ არალეგალურ და შეუმოწმებელ პროდუქციაზე – ინდუსტრიამ პროაქტიურად დაიწყო ისეთი გზების ძიება, რაც შეამცირებდა მწეველთა ჯანმრთელობაზე თამბაქოს მოწევის ნეგატიურ გავლენას და თან თამბაქოს ინდუსტრიას ბიზნესის წარმოების შესაძლებლობასაც დაუტოვებდა.
დღეს თამბაქოსა და ნიკოტინის ბაზარი ჯამურად მილიარდზე მეტ ზრდასრულ მომხმარებელს მოიცავს. რამდენიმე წლის წინ მათი ერთადერთი არჩევანი სიგარეტი იყო, თუმცა უახლესი (2017 წლის) სტატისტიკა აჩვენებს, რომ თამბაქოს გაცხელების პროდუქტები (THP) და ვეიპინგის ბაზარი დაახლოებით 18 მილიარდ ამერიკულ დოლარად; საღეჭი თამბაქოსა და ნიკოტინის ბაზარი კი – 12.5 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.
BAT-ს აქვს გამოკვეთილი ამბიცია, ინდუსტრიის ამ ტრანსფორმაციის ლიდერი იყოს და ზრდასრულ მომხმარებლებს პოტენციურად შემცირებული რისკის პროდუქტები შესთავაზოს. მეტი არჩევანი, მეტი ინოვაცია, პოტენციურად ნაკლები რისკი – ეს არის გლობალური მოთამაშის მთავარი გზავნილი ყველა ბაზრისთვის – მათ შორის, საქართველოსთვისაც.
ჩნდება კითხვა: რა დრო დასჭირდება ამ ტიპის ტრანზიციას საქართველოს შემთხვევაში? მოკლე პასუხი ასეთია: უფრო მეტი, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც რეგულაციები ნაკლებად მკაცრია და საგადასახადო ტვირთიც შედარებით დაბალია.
აი, რატომ: უახლესი (2017 წლის) შეფასებით, გლობალური თამბაქოს ბაზარი (ჩინეთის გამოკლებით) 785 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. აქედან 700 მილიარდ დოლარზე მეტი მოდის ტრადიციულ სიგარეტზე – ზრდასრული მწეველები ჯამში ყოველწლიურად 5400 მილიარდ ღერ სიგარეტს მოიხმარენ. რიცხვები აჩვენებს, რომ ქარხნული წესით დამზადებული სიგარეტი დღესაც უმსხვილეს კატეგორიად რჩება. აქედან მხოლოდ ერთი რამ გამომდინარეობს: მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ტრანსფორმირება უკვე შეუქცევადი პროცესია და ამ ინდუსტრიის სამომავლო ზრდის მთავარი ძრავა სწორედ ახალი თაობის პროდუქცია იქნება, ქარხნული წესით დამზადებული სიგარეტი მომდევნო 10–15 წლის მანძილზე მაინც დაიკავებს თამბაქოს ბაზრის 70–80%–ს.
ხელისუფლების მიდგომა სწორედ ამ კატეგორიის – ქარხნული წესით დამზადებული სიგარეტის მიმართ – გლობალურ მოთამაშეებს და მათ შორის, BAT-საც ვერ არწმუნებს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მზადაა უფრო თანამედროვე, ახალი თაობის პროდუქტების ასათვისებლად.
Forbes Georgia-ს ოფისში ფელისიო ფერაზთან და ზვიად სხვიტარიძესთან ნახევარსაათიანი საუბარი ნათლად აჩვენებს, რა არის დღეს ამ ინდუსტრიისთვის ორი მთავარი პრობლემა, რომლებიც, ერთი მხრივ, საგადასახადო და მეორე მხრივ, მარეგულირებელი გარემოდან მომდინარეობს.
პირველი გამოწვევა საგადასახადო გარემოს უკავშირდება. 2019 წლის 1 იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გაორმაგდა. “ეს აქციზური შოკი სრულიად მოულოდნელი იყო!” – ამბობს ფელისიო ფერაზი, BAT-ის კავკასიისა და მოლდოვის ოფისის გენერალური დირექტორი: “მთავრობას არასდროს უხსენებია, რომ აქციზის რადიკალურ ზრდას აპირებდა. აქვე, ჩვენ ვიზიარებთ მათ ხედვას, რომ საგადასახადო ტვირთი თანაბარი უნდა იყოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის შემთხვევაში”.
ამ ცვლილებებმა – გადასახადების მკვეთრმა გაზრდამ და თამბაქოს უთანასწორო დაბეგვრამ – გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა. მათ შორისაა: ბაზარზე დაჭრილი თამბაქოს რაოდენობის ზრდა. “დაჭრილი თამბაქოს გარკვეულ ოდენობაზე (500 გრამი და ზევით), ნულოვანი აქციზი მოქმედებს. შედეგად, ამ ბიზნესისთვის მოგების მარჟა ძალიან მაღალია, მაშინ როცა ხარისხი დაბალია და ჯანმრთელობისთვისაც აშკარად უფრო საზიანოა. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტი ვერაფერს იღებს; ზარალდება კანონიერი ბიზნესიც, რომელიც ბაზარზე 20 წელზე მეტია, რაც ოპერირებს. მოგებული არავინ რჩება – არც მომხმარებელი”, – ამბობს ფელისიო ფერაზი.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი აცნობიერებს, რომ დაჭრილი თამბაქო სერიოზულ პრობლემებს უქმნის მარეგულირებელსაც. თუმცა მთავარი კანონმდებელი და ინდუსტრია გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან სხვადასხვანაირად ხედავს: ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ემხრობა აქციზის განაკვეთის გაზრდას დაჭრილი თამბაქოს ბიზნესისთვისაც, მაშინ როცა ინდუსტრია ითხოვს, აქციზის განაკვეთი ბაზარზე ყველა მოთამაშისთვის შემცირდეს, თან თანაბრად.
ინდუსტრიას კონკურენტებისთვის საკუთარი ბაზრის წილის დათმობაზე მეტად, კონტრაბანდული ბაზრის ზრდის ტენდენცია აშფოთებს. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბაზარზე არალეგალური პროდუქციის მოცულობა ისევე გაიზარდა, როგორც შარშან მთელი წლის განმავლობაში. “ეს არ არის კარგი ამბავი!” – ამბობს ფელისიო ფერაზი.
ასეა: თამბაქოს ბიზნესი მთელი საბიუჯეტო შემოსავლების 10%–ს შეადგენს. მაგრამ BAT-ის გენერალური დირექტორი კიდევ უფრო ფართო სურათზე მიუთითებს: “კონტრაბანდული სიგარეტი აისბერგის წვერია იმასთან შედარებით, რა პრობლემებიც შეიძლება ამას მოჰყვეს საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის. როგორც წესი, პრობლემები უფრო საფუძვლიანია – მაგალითად: ნარკოტიკი, იარაღი და ა.შ.”
მეორე გამოწვევა მარეგულირებელ გარემოს უკავშირდება. აქ მთავარი პრობლემა – როგორც ამას ინდუსტრია აფასებს – პროდუქციის ხილვადობაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კორპორაციული სახე (განათება, ფერები, ბლოკებისა და კოლოფების განლაგება) იმ სტენდებისა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ 12 ათას მაღაზიაშია განთავსებული. “ვერსად მთელ მსოფლიოში – იქაც კი, სადაც ბევრად მკაცრი რეგულაციებია; მაგალითად, კანადაში, სლოვენიაში, სლოვაკეთსა და შეერთებულ შტატებში – ვერ ნახავთ სტენდს, რომელზეც თეთრი ნაჭერია გადაფარებული”, – ამბობს ზვიად სხვიტარიძე, BAT–ის იურიდიულ და საგარეო საქმეთა დირექტორი კავკასიასა და მოლდოვაში და იქვე დასძენს, რომ ამ ტიპის რეგულაციებს ყოველთვის აქვს თანამდევი ეფექტები, ხოლო ამჯერად უარყოფითი გავლენა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესზე იგრძნობა: “თბილისი დიდი ბაზარია, სადაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს. აქ 8 ათას მაღაზიაზე მეტია. ჩვენ მათთან კონტრაქტები გვაქვს, რომ ჩვენი დისპენსერები საკუთარ მაღაზიებში განათავსონ და ფულს ვუხდით, რომ ჩვენი პროდუქცია მათ მაღაზიებში ხილვადი იყოს”.
ზოგადად, თამბაქო იმ იშვიათ პროდუქტებს შორის მოიაზრება, რომლებიც მომხმარებელთა ლოიალურობას იწვევს იმ ადგილის მიმართ, სადაც ისინი ყოველდღიურად ვაჭრობენ: როგორც წესი, თამბაქოს ყოველდღე ერთსა და იმავე მაღაზიაში ყიდულობენ და მასთან ერთად ისეთ პროდუქციასაც აყოლებენ ხელს, როგორიცაა ყავა, პური და სხვა. BAT-ის პოზიცია პროდუქციის ხილვადობასთან დაკავშირებით შემდეგია: კომპანიებს უნდა ჰქონდეთ სიახლეების შესახებ მომხმარებლების ინფორმირების შესაძლებლობა. “ჩვენ არ მოვითხოვთ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზებას; ჩვენ უბრალოდ გვინდა, ახალი პროდუქციის ან სხვა სიახლეების ჩვენს მომხმარებლამდე მიტანა შეგვეძლოს. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს”, – ამბობს ფელისიო ფერაზი.
IPM-ის კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ინდუსტრიის დაკვეთით მომზადდა, აჩვენებს, რომ სიგარეტის სტენდებს არავითარი გავლენა არა აქვთ საკუთრივ თამბაქოს მიმართ ინტერესის აღძვრაზე ან მის შენარჩუნებაზე. ამდენად, ინდუსტრიის პოზიციაა, რომ ბიზნესს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იზრუნოს თავის კორპორაციულ იერსახეზე და ამ მიმართულებით რეგულირება დაუახლოვდეს საუკეთესო პრაქტიკას, როგორც ეს ხდება, მაგალითად, იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და ჩეხეთში.
მოწევის ინერცია, რომელიც რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, მაინც შენარჩუნებულია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკასა და პროგნოზებშიც კარგად ჩანს. ამ ორგანიზაციის გლობალური ანგარიშის მეორე გამოცემაში, რომელიც თამბაქოს მოწევის ტენდენციებს აანალიზებს 2000–2025 წლებისთვის (WHO Global Report on Trends in Prevalence of Tobacco Smoking 2000-2025) ვკითხულობთ, რომ 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 28.2% მწეველი იყო. იმავე სტატისტიკის მიხედვით, 2000 წელს იგივე მაჩვენებელი 30%–ს აჭარბებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთელი მოსახლეობის 2%–მა და მწეველთა 7%–მა მოწევას თავი დაანება – ეს იმ პირობებში, როცა არც განსაკუთრებით მკაცრი რეგულირება იყო და არც აქციზური შოკები.
რეგულირების მომხრეებმა შეიძლება იკითხონ: ეს ტემპი საკმარისია?
გააჩნია, რიცხვებს როგორ წავიკითხავთ.
ერთი მხრივ, ეს შეიძლება უმნიშვნელო შემცირებად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ სტატისტიკას უფრო სიღრმისეულად დავამუშავებთ და საქართველოში მწეველთა რაოდენობის შემცირების ტემპს იმ სხვა ქვეყნების ტემპს შევადარებთ, ვინც ან ჩვენზე მაღალი განაკვეთით ბეგრავს თამბაქოს, ან ამ ინდუსტრიის რეგულირების უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ანდაც – საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემით შეუძლია თავი მოიწონოს, ვნახავთ, რომ ჯამში ამ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობის შემცირების ტემპი საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებული არ არის.
მაგალითად, 2018 წელს 2000 წელთან შედარებით, საფრანგეთში მწეველთა რაოდენობა შემცირდა 2%–ით (ისევე, როგორც საქართველოში); გერმანიამ ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენა – 5.8%–იანი შემცირება 18 წლის მანძილზე. 41 ევროპული სახელმწიფოს საშუალო მიღწევას რომ შევხედოთ, მოსახლეობის 27.8%–ზე მოგვიწევს საუბარი, რაც დაახლოებით ისეთივე შედეგია, როგორიც საქართველოს აქვს.
“ყველაფერი ერთ პრინციპამდე დადის, – ამბობს ფელისიო ფერაზი, – საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების 10% თამბაქოს ინდუსტრიაზეა მიბმული. ზრდასრულმა მომხმარებლებმა გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სიგარეტი მოწიონ. ისინი მოწევენ ან ისეთ პროდუქტს, რომელიც აქციზის გადასახადს იხდის, ან რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს გვერდს აუვლის”.
BAT-ი მტკიცედ იზიარებს სახელმწიფოს პოზიციას ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზების კუთხით, ოღონდ ევროპული სტანდარტების არსის მისინტერპრეტაციისა და მისპრეზენტაციის გარეშე. ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ რეგულირების გავლენის წინასწარი შეფასება (RIA) დაეხმარებოდა მთავრობას და მარეგულირებელს, უფრო ზუსტად შეეფასებინათ ის გავლენა, რაც აქციზურ შოკებს შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქე მომხმარებლებზე და ამ პრაქტიკის დანერგვითაც, დაეახლოებინა საქართველო ევროპულ სტანდარტთან.
კონტექსტის გააზრება მნიშვნელოვანია. ფელისიო ფერაზი ამბობს, რომ საქართველოში 2026 წლამდე აქციზის გადასახადის 90 ევრომდე გაზრდა ბოლომდე რეალისტური მიზანი არ უნდა იყოს, რადგან აქ მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობა და ხელფასები ისეთივე მაღალი არ არის, როგორიც ევროპაში – შესაბამისად, აქ კონტრაბანდის საფრთხე კიდევ უფრო ხელშესახები იქნება. ბაზარზე განჭვრეტადობის ნაკლებობას, BAT-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს: “მთავრობაში ცვლილებები იმდენად სწრაფად ხდება, რომ ერთი პასუხისმგებელი პირისთვის სიტუაციის ახსნას ვერ ასწრებ, რომ სამ თვეში უკვე ახალს უნდა აუხსნა. ეს კარგი არ არის”, – ამბობს ფელისიო ფერაზი.
მართლაც, გარკვეული სტაბილურობა და კანონის უზენაესობა – ეს ის ორი მთავარი კომპონენტია, რომელთაც კერძო სექტორის მხრიდან გრძელვადიანი ინვესტირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – განსაკუთრებით ისეთი გეოპოლიტიკური რისკების მატარებელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ეს რისკები ინვესტორისთვის სწორედ მიმზიდველმა ბიზნესგარემომ უნდა დააბალანსოს.
ფელისიო ფერაზი ამბობს, რომ საქართველო ძვირფასი ქვაა, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება: ამ ინდუსტრიაში 24 წელია, რაც ვმუშაობ. 8 ქვეყანაში მიცხოვრია. 40 ბაზარი მიმართავს: 22 -კარიბის ზღვის ქვეყნებში; 10 – ცენტრალურ ამერიკაში, შრი-ლანკასა და შეერთებულ შტატებში, მალდივებზე და ა.შ. ჩემი ცხოვრების მანძილზე 70 ქვეყანაში მიმოგზაურია. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რომელიც ბიზნესის წარმოების გლობალურ რეიტინგში მე–6 თუ მე–7 ადგილზეა. ახლა ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა გამოვცადოთ”.
საუკეთესო პრაქტიკა, ამ ეტაპზე, ფელისიო ფერაზისთვის ბაზარზე მეტი განჭვრეტადობა იქნებოდა. ამ მიმართულებით ინდუსტრიამ უკვე მოამზადა აქციზის სახელმძღვანელო დოკუმენტი მომდევნო 10 წლისთვის. ამ დროისთვის ინდუსტრიის მთავარი გზავნილი ასე ჟღერს: თუ აქციზის ზრდა ისევ გაგრძელდება დეტალური გეგმისა და რეგულირების გავლენის წინასწარი შესწავლის გარეშე, საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 400 მილიონ ლარს დაკარგავს.
“რა თქმა უნდა, მე ვიქნები პირველი, ვინც BAT-ში საქართველოს ინტერესებს დავიცავ იმისთვის, რომ საქართველო თამბაქოს ინდუსტრიის ტრანსფორმაციის ტემპს არ ჩამორჩეს და მალევე დანერგოს ბაზარზე პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე პროდუქტები, მაგრამ ამისთვის ბაზარზე მეტი განჭვრეტადობა და სწორი და დაბალანსებული რეგულირება დაგვჭირდება”, – ამბობს ფელისიო ფერაზი.
ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება. ბოლოს, IMF-ის ბოლო რეკომენდაციას ვიხსენებ, სადაც ის მთავრობას ღიად მიმართავს, თამბაქოზე აქციზი გაზარდოს იმისთვის, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის რეფორმით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული პირველადი დანაკარგი დააბალანსოს. “საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორც წესი, მთავრობას ურჩევენ, გაზარდოს აქციზი თამბაქოზე, მაგრამ გაზარდოს ის ნელა და თანამიმდევრულად – ისე, რომ ამ ზრდამ შოკი არ გამოიწვიოს მომხმარებლებში და ბაზარზე კონტრაბანდის რისკები არ გაზარდოს”, – მპასუხობს ფელისიო ფერაზი და მოკლე პაუხის შემდეგ დასძენს: “თუ ვინმე ამბობს, რომ თამბაქოს ბედი არ ანაღვლებს, უნდა ანაღვლებდეს! მსოფლიო თამბაქოს ლეგალური ბაზრის გარეშე შეიძლება ოცნების მსოფლიო სულაც არ იყოს”.
დატოვე კომენტარი